"იმ გარეწარმა მომიკლა შვილი და ეჭვი რომ არ მიეტანათ, საავადმყოფოშიც კი გამოგვყვა" - კვირის პალიტრა

"იმ გარეწარმა მომიკლა შვილი და ეჭვი რომ არ მიეტანათ, საავადმყოფოშიც კი გამოგვყვა"

"ჩვენ რომ ვლოცულობდით, ბავშვს ეცოცხლა, მოძალადე ნატრობდა, ისე მომკვდარიყო, ვერაფერი ეთქვა"

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მომხდარმა დანაშაულმა საზოგადოება შეძრა. მთელი სოფელი 20 წლის რეზო ლომიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. მას 11 წლის მეზობელი ბიჭის მიმართ სექსუალური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. დამნაშავეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების მტკიცებით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი გააუპატიურა, რის შემდეგ ბავშვმა საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ხეზე ჩამოიხრჩო თავი. ხიდან ჩამოხსნისას იგი  ისევ ცოცხალი იყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ბრალდებულის ოჯახი ფაქტის გახმაურებისთანავე სოფლიდან გაიხიზნა. მომხდარით შეძრულმა მოსახლეობამ და ჭირისუფალმა დამნაშავის სახლ-კარი გადაწვეს. პოლიციამ აღშფოთებული ხალხის შეჩერება ვერ შეძლო.

სულისშემძვრელია გარდაცვლილი ბავშვის დედის, ქალბატონი ნესტანის მონათხრობი:

- ოთხ შვილს ვზრდიდით მე და ჩემი მეუღლე. სოციალურად დაუცველები ვართ, მაგრამ არავინ შეგვიწუხებია, სულ ვშრომობდით.  მეუღლე აჭარაში იყო სამუშაოდ წასული. ჩემი ლევანი 11 წლის იყო, გოგო 9 წლის მყავს, პატარა ბიჭები 7 და 5 წლის არიან.

23 ივნისს, დილით, ნაკვეთში სამუშაოდ წავედი. ბავშვები სახლში დავტოვე. მზე აცხუნებდა, მუშაობა ვერ შევძელი და სახლისკენ წამოვედი. გზად ჩემი პატარა ბიჭები შემომხვდნენ ტირილით და კივილით - ჩქარა, დედიკო, ლევანმა თავი დაიხრჩოო.

შვილთან მისვლა ვერ შევძელი, ვღრიალებდი... მთელი სოფელი მოგროვდა. სასწრაფოში დარეკილი იყო, მაგრამ არ დავლოდებივართ, მეზობელმა მანქანით წაიყვანა ჯერ სოფელ ბორითში, მერე კი ქუთაისში რეანომობილით წაიყვანეს. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ გადარჩენის შანსი არ იყო... დილით ბავშვებს რომ გაუღვიძიათ, ჩვენი სახლის წინ, მეზობლის ეზოში დაუწყია ოთხივეს თამაში. მერე პატარები სახლში შესულან საჭმელად. უფროსს მაგიდა გაუწყვია და უთქვამს, ახლა მე ტყისკენ წავალ, ჯოხებს მოვტეხავ, იმით სათამაშოს გაგიკეთებთ და ერთად ვითამაშოთო. ეტყობა, იქ იყო ჩასაფრებული ჩემი შვილის მკვლელი. ჯერ გააუპატიურა, მერე კი მოახრჩო და ხეზე ჩამოკიდა, რომ თვითმკვლელობა გვგონებოდა.

პოლიცია ირწმუნება, თითქოს გაუპატიურების შემდეგ ჩემმა შვილმა თვითონ ჩამოიხრჩო თავი, მაგრამ ასე არ არის. ბავშვს უამრავ მოტეხილობასთან ერთად, ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა.

ექიმმა მითხრა, ბავშვი თვითონ ვერ მიიყენებდა ასეთ დაზიანებებსო. მერე ცხედარი გაკვეთეს და გაირკვა, რომ გაუპატიურებული იყო. მალე პოლიციამ მკვლელიც დააკავა, ჩვენი კარის მეზობელი. იმ გარეწარმა მომიკლა შვილი და ეჭვი რომ არ მიეტანათ, საავადმყოფოშიც კი გამოგვყვა...

მოსვლა რომ დააგვიანდა, ბავშვებიც იქით წასულან, სადაც ლევანი ეგულებოდათ და დაინახეს ხეზე ჩამოკიდებული. 9 წლის გოგო სახლში გაქცეულა, დანა მოუტანია და 7 წლის ძმისთვის უთქვამს, აგერ, დანა აიღე, მე მაღლა ავწევ ლევანიკოს და შენ დანით თოკი გადაჭერიო...

ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემს გოგოს სახლში ღამე არ გაუთევია, შეშინებულია და არ ვიცი, მის ფსიქიკას როგორ ვუშველი. პატარებსაც ეშინიათ, სულ მეკითხებიან, ლევანი სად არის, მასთან გვინდაო. არ ვიცი, ამ ჭერქვეშ ჩემი შვილები როგორ იცხოვრებენ. რომ მქონდეს საშუალება, სხვაგან გადავიდოდი საცხოვრებლად. გავნადგურდით, ყველა კუთხეში ჩემი შვილი მელანდება.

მკვლელს მკვლელობის მუხლიც არ აქვს წარდგენილი, ამბობენ, თითქოს ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. სამუდამო პატიმრობას სანამ არ მიუსჯიან, ვერ მოვისვენებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ახლა გავიგე, თურმე, ადრე ჩვენი მეზობლის ბიჭის გაუპატიურებაც უცდია.

- მაშინ ეს ფაქტი პოლიციას არ გაუგია?

- ბავშვის მამა ამბობს, ჩემი შვილის გაუპატიურება სცადა, მაგრამ მეორე შვილმა მიუსწროო. ჯერ უცემია ნაძირალა, მერე მისულა მის მშობლებთან და პოლიციაში ჩივილით დამუქრებია, მაგრამ დამნაშავის დედას უთქვამს, შენს მცდელობას ვერ დაამტკიცებ, მე კი შვილი ასე გამილახე და იქით გიჩივლებ. თან თუ ამას გაახმაურებ, სახლს დაგიწვავო. ის კაცი ამბობს, არ მქონდა იმედი, რომ სოფელი დამიდგებოდა გვერდით და ეს ამბავი ამიტომ დავმალეო.

რ.მ. (სოფლის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა): "ვერ ვხსნიდით, რატომ ჩამოიხრჩო ლევანმა თავი, მისგან ეს წარმოუდგენელი იყო. მართალია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ლევანის გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ ღირსებაშელახულები. ლევანი ამაყი ბავშვი იყო, მას თავის მოკვლაზე იმიტომაც არ უნდა ეფიქრა, რომ საზრუნავიც ჰქონდა -

როცა დედ-მამა შრომობდა, ლევანი და-ძმებს დიდივით ჰპატრონობდა. რამდენჯერ დაგვინახავს, ტყემალი რომ ტყემალია, იმდენს მოწყვეტდა, თავისი და-ძმისთვის გაენაწილებინა...

თურმე რაში ყოფილა საქმე! ეს გაუგონარი უბედურება, რაც მეზობელმა დამართა, ლევანის დაკრძალვამდე 2 დღით ადრე გაიგო ოჯახმა. მისი უბედური მამა წინადღეს რომ ტიროდა, - შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო? მეორე დღეს, უკვე ექსპერტიზის პასუხი რომ გაიგეს, დედამისი მოთქვამდა, - შვილო, შენი მკვლელი, რეზი ჩვენთან ერთად გელოდებოდა საავადმყოფოში, რომ მომკვდარიყავი. ჩვენ რომ ვლოცულობდით, გეცოცხლა, ის იმას ნატრობდა, რომ ისე მომკვდარიყავი, ვერაფერი გეთქვა...

კახა ლომიძე, სოფლის რწმუნებული:

- სოფელმა გადაწვა სახლი, მათი შეჩერება ვერავინ შეძლო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაც აქ ტრიალებდა. ახლა გარდაცვლილის და-ძმებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ. ვცდილობთ ბავშვების რეაბილიტაციას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოჯახს დავუდგეთ გვერდით. ამაზრზენია, რაც მოხდა. თურმე, პატარებმა ჩამოხსნეს წვალებით ხიდან. იქ ვინმე კაცი რომ ყოფილიყო, დროზე ჩამოხსნიდა და შეიძლებოდა გადავრჩენილიყავით ამ უბედურებას.

დამნაშავეზე ადრე საჩივარი არ ყოფილა შეტანილი პოლიციაში, ახლა კი ერთი თანასოფლელი ამბობს, რომ მისი შვილის გაუპატიურებაც სცადა.

დამნაშავის და გარდაცვლილის სახლები 100 მეტრით არის დაშორებული, მათი მამები კლასელები არიან. დაველოდოთ გამოძიებას.

- სხვებთან ერთად ელოდებოდა საავადმყოფოს ეზოში, რას იტყოდნენ ექიმები. თვალთმაქცობდა, თითქოს განიცდიდა. მთელი ღამე იქ გავათენეთ. ბავშვი რომ გარდაიცვალა, არც მერე უცდია დამალვა. რომ უნდა მიესვენებინათ სახლში, ოთახის დაცლაშიც ეხმარებოდა.

მეორე დღეს დააკავეს. ამბობენ, ბრალდებულმა დანაშაული აღიარაო. მერე მისცვივდა ხალხი და სახლი გადაუწვა, კარგი იქნებოდა, მოგვეკლა... - ამბობს მომხდარით აღშფოთებული მეზობელი.

ბრალდებულის ოჯახი სოფლიდან გაიხიზნა და მათი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

ძალოვანთა მტკიცებით, დაკავებულმა აღიარა დანაშაული, რეზო ლომიძის ადვოკატი ნათია ჩხეტიანი კი ამბობს, რომ მის დასაცავს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს ბრალდებულის წინააღმდეგ.

თეა ხურცილავა