ტრაგედია მამკოდის გზაზე - კვირის პალიტრა

ტრაგედია მამკოდის გზაზე

კოკა, ირაკლი, ზუკა, შოთა - ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, ერთად უხაროდათ სიცოცხლე

გასულ კვირას საქართველო კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. 7 ივლისს ღამით, თიანეთის გზატკეცილზე, მამკოდის გზაზე "ვოლვოს" მარკის ჯიპი ხიდიდან გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად რვა მგზავრიდან 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები კი დაშავდნენ. მათ შორის ერთის - ირაკლი ნაროუშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გამოძიება მუშაობს. ოთხივე გარდაცვლილი განუყრელი მეგობრები იყვნენ და გლდანში, დევნილების კორპუსის ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. კოკას, ირაკლის, შოთას და ზუკას, რომლებიც, სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ გაიცნო საქართველომ, სამშაბათს ეკლესიიდან გაასვენებენ და გლდანის სასაფლაოზე ერთმანეთის გვერდით დაკრძალავენ.

გიორგი სვიმონია, გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი: - 7 ივლისს კოკა ჯობავას დაბადების დღე იყო და ბიჭებმა მისი აღნიშვნა მამკოდის ტყეში გადაწყვიტეს. კარგად მოილხინეს და საღამოს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, საწვავი გაუთავდათ. ბენზინი ჩაასხეს და მალევე, ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამკოდის ასახვევთან მათი ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. გზის ამ მონაკვეთში არანაირი საგზაო ნიშანი არ არის, არც განათებაა, ცუდი მოსახვევია, მიდიხარ და გზა გგონია, სინამდვილეში ხევში ვარდები. ბიჭები 25 მეტრი სიმაღლიდან გადაეშვნენ.

იმ დღეს გამოცდა მქონდა, ქალაქში არ ვიყავი და მათთან ერთად ვერ წავედი.

დაწერეს, თითქოს მძღოლი ნასვამი იყო და გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, რაც ტყუილია. შოთა ანჯაფარიძეს არ დაულევია, მის გარდა, ყველანი ნასვამები იყვნენ.

სიცოცხლით სავსე და უკეთილშობილესი ბიჭები იყვნენ, მათზე ავის მთქმელს ვერ ნახავთ.

ზუკა ლემონჯავა 22 წლის იყო, ირაკლი ჭანია - 21-ის, კოკა ჯობავა იმ დღეს გახდა 22-ის, შოთა ანჯაფარიძე 29 წლის იყო. ბიჭები განუყრელი მეგობრები იყვნენ, ერთად ჭამდნენ, ლამის ერთად ეძინათ და ერთად უხაროდათ სიცოცხლე. ერთადაც წავიდნენ... ოთხივენი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ახლა არ ვიცი, მათ გარეშე როგორ ვიცხოვრო.

ირაკლი ჭანია წალენჯიხელი ბიჭია, სექტემბერში უნდა დაოჯახებულიყო. გოგონამ ეს ამბავი რომ გაიგო, ვერ ვაბრუნებდით, სამჯერ გაგვიხდა ცუდად. ირაკლიმ შარშან ჩააბარა პოლიტექნიკურში, სტუდენტი იყო. მას პატარა ძმა დარჩა, რომელიც იმ დღეს სასწაულებრივად გადარჩა. ძმები მანქანაში გვერდიგვერდ, წინა მხარეს ისხდნენ. როდესაც გადაიჩეხნენ, ღვედი ამოვარდა, კარი გაიხსნა და ლაშა მანქანიდან გადმოვარდა, მერე აღარ ახსოვს, როგორ ამობობღდა ხიდზე. დანარჩენები, ვინც გადარჩნენ, საბარგული გაიღო და იქიდან გადმოცვივდნენ. ირაკლის ძმას მამისთვის დაურეკავს, გვიშველე, უბედურება შეგვემთხვაო.

კოკა ჯობავა დედისერთა, უთბილესი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, უსაყვარლესი ადამიანი. 22-ის გახდა და წავიდა...

შოთა ანჯაფარიძე სოხუმელია, ხატმწერი. მას პატარა შვილი დარჩა, ოთხ თვეში მეორეს ელოდებოდა. შოთა ჩვენი უფროსი მეგობარი და ძალიან ეკლესიური იყო. რჩევას მას ვეკითხებოდით.

ზუკა ლემონჯავა სპორტსმენი იყო, მორაგბე და მაგარი ვაჟკაცი ბიჭი. მას პატარა ძმა დარჩა. ყველანი მორწმუნეები იყვნენ, ერთმანეთზე უკეთესები, გარეგნობით თუ ხასიათით.

ერთი საოცარი ამბავი მოხდა იმ დღეს - მამკოდის ტყეში სხვებიც იყვნენ, მაგრამ წამოსვლის წინ, მაინცდამაინც იმ ოთხეულს გადაუღია ერთად უკანასკნელი სამახსოვრო ფოტო. კარგა ხანს ვერ მოვინელებთ ამ ტკივილს.

ანა შავაძე, კოკას ახლობელი: - ვერ წარმომიდგენია, რომ კოკა აღარ არის. 19 წელია ვიცნობ, დედამისი ჩემი ნათლიაა, ერთად გავიზარდეთ და ჩემი უფროსი ძმა იყო. უკეთილშობილესი, უთბილესი ბიჭი, ყველაზე კეთილი, ვისაც კი ვიცნობდი, მასზე განაწყენებული კაცი არ მინახავს.

დილით რომ გაიღვიძებდა, პირველად ბებიას ოთახში შედიოდა, შუბლზე კოცნიდა და ეხუტებოდა. მამა ფანატიკურად უყვარდა, იშვიათი მამაშვილობა ჰქონდათ. დედაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, სამსახურიდან მოსვლას რომ დააგვიანებდა, მაშინვე ურეკავდა - დედა, სად ხარ ამდენ ხანს, მალე მოდიო.

ჩემთვის კოკა ყველაფერი იყო და იქნება!

მთელი ბავშვობა მაწვალებდა, ახლა კი გამიმწარა სიცოცხლე, მარტო დამტოვა. გარდაცვალების წინადღეს ჩემთან იყო მოსული, ვკითხე, კოკა, დედისერთა რომ ხარ, ხომ არ განიცდი-მეთქი. მითხრა - შენ ხომ მყავხარო.

7 ივლისს ჩემი კოკას დაბადების დღე იყო, როგორც არასდროს, ამ დაბადების დღისთვის სხვანაირად ემზადებოდა... ოთხი  სიცოცხლით სავსე ბიჭი დაიღუპა, ოთხი გადარჩენილიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია, სიკვდილს ებრძვის, ყველანი უფალს ვევედრებით, რომ გადარჩეს.

სამძიმარზე სრულიად უცხო ხალხი მოდის და უსამძიმრებს ბიჭების ოჯახებს. საპატრიარქოდანაც დაგვირეკეს. პატრიარქს უთქვამს: ეს ერის ტკივილია და პირადად ვილოცებ ბიჭების სულებისთვისო.

ვერ გადმოგცემთ იმ ტკივილს, რასაც ვგრძნობ, გაუსაძლისია ჩვენი ყოფა.

ნანა ფიცხელაური