"არ ვიცოდით, რომ ცოცხალი არც ერთი აღარ იყო" - ვინ აგებს ოთხი ადამიანის სიკვდილზე პასუხს?!
13-07-2015
"არ ვიცოდით, რომ ცოცხალი არც ერთი აღარ იყო" - ვინ აგებს ოთხი ადამიანის სიკვდილზე პასუხს?!
"ტიფლის ბიზნესცენტრის" წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ

6 ივლისს, დაახლოებით დღის 11 საათზე­, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სადაც ახლა სასტუმროს აშენებენ, ჩამოინგრა. ოთხი კაცი დაიღუპა: 17 წლის თაზო და 35 წლის გოგა კვირიკაშვილები, 41 წლის ივანე არაბიძე და 32 წლის აკაკი ლომინაძე ნათესავები იყვნენ. იმ საბედისწერო დღეს თაზო მშენებლობაზე ბიძის სანახავად მივიდა. მოულოდნელად დატრიალებულმა ტრაგედიამ მე-12 კლასელი ბიჭის სიცოცხლეც
ნანგრევებში ჩამარხა...


მოსახლეობამ რამდენიმე წლის წინ, მერიას თხოვნით მიმართა, რომ ამ შენობაში საჯარო სკოლა განთავსებულიყო. თუმცა...
"ხომ ხედავთ, აქ რა ხდება? თავი ერთ დიდ სამშენებლო ობიექტზე გვგონია. უბედურება რა არის, იცით? როცა შენობა ჩამოინგრა და მუშები ნანგრევებში მოყვნენ, სასწრაფო დახმარების მანქანა ტერიტორიაზე ვერ შევიდა. ობიექტის
წინ ბორდიურის­ ქვები დაყარეს, გზა ჩახერგილი­ იყო. - ჩივიან მობინადრენი.

"კვირის პალიტრა" დაღუპულების ოჯახის წევრებს ესაუბრა:

თამრიკო ლომინაძე, აკაკი ლომინაძის და:„"აკაკი სოფელში ერთი დღით ჩა­მოვიდა,­ რომ ვენახი შეეწამ­ლა, ყანა მოეთოხნა... მეორე დღეს კი, როცა ეს უბედურება მოხდა, დილის 5 საათზე თბილისში წავიდა, რათა 9-ზე სამსახურში ყოფილიყო. იმ დღეს მე და ჩემი შვილი ქუთაისში ვიყავით, ეროვნულ გამოცდებს აბარებდა. ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა, მიშველე, თბილისში შენობა ჩამოინგრა და ჩვენი ბიჭები მოყვნენო.­ მაშინვე ჩემს ძმას დავურეკე,  რომ არ მიპასუხა, ყველაფერი ნათელი გახდა...

მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მამამ ინფარქტი­ სამჯერ გადაიტანა, ცალი ხელი პარალიზებული აქვს, დედა ასაკოვანია, პენსიონერი. ჩემს რძალს თებერვალში კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ოპერაცია გაუკეთეს, დღემდე მკურნალობს. ჩვენი ოჯახის იმედი ჩემი ძმა იყო... თავისი პროფესიით სამსახური ვერ იშოვა, ამიტომ შავ მუშად მუშაობდა".

დათო არაბიძე, ივანე არაბიძის ბიძაშვილი: "ვიცოდით, რომ იმ მშენებლობაზე ჩვენები მუშაობდნენ და როცა გავიგეთ, რაც მოხდა, სასწრაფოდ ჩამოვედით. მაშინ არ ვიცოდით, რომ ცოცხალი არც ერთი აღარ იყო. მერე გვითხრეს. ცხედარი ისეთი დაზიანებულია, რომ არც გვანახეს, ვერ იცნობთო".”
მშენებლობას აწარმოებს კომპანია "ტიფლის ბიზნესცენტრი", რომელმაც შენობა 2013 წელს შეიძინა. საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის მფლობელად ჯანატ კაბიშევია მითითებული (სს "ხალიკ ბანკი"). 2013 წლის 30 დეკემბერს კი, რეგისტრაციის დროისთვის, კომპანიის წარმომადგენლად ვინმე გიორგი ზაქაიძეა დაფიქსირებული.

როგორც "კვირის პალიტრას" კომპანია "ტიფლის ბიზნესცენტრის" წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა განუცხადა, მშენებლობის დაწყებამდე შენობა შეისწავლეს, ექსპერტიზაც ჩაატარეს და მხოლოდ შემდეგ შეუშვეს მუშები ობიექტზე. მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
დაცულია თუ არა მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმები? ობიექტებზე ამის გაკონტროლება მერიის ზედამხედველობის­ სამსახურს ევალება. დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 3.000 ლარის ოდენობით.
"აფაქიძის #13-ში მდებარე ობიექტზე ჩვენი სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის 22-23 ივნისსა და 3-6 ივლისს იმყოფებოდნენ. დამკვეთს დაევალა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის (საექსპერტო დასკვნები) წარმოდგენა, რაც შეასრულა", - გვითხრეს მერიაში. 

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ნინო ღოღობერიძის თქმით, მშენებლობის ნებართვა შესაბამისი ნორმე­ბის დაცვით შარშან, აგვისტოში გასცეს.

მომხდარის შემდეგ კვლავ აქტუალური­ გახდა ახალი სამშენებლო კოდექსი, რომლის მიღება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზა­ფხულზე იყო დაანონსებული, თუმცა გაუ­რკვეველი მიზეზით გადაიდო.  

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს წევრი: - ერთი შეეკითხეთ ეკონომიკის სამინისტროს, ფეხს რატომ ითრევს და ამდენი ხანი პარლამენტმა რატომ არ დაამტკიცა ახალი კანონი? პარლამენტში ათას სისულელეზე მსჯელობენ და ამ კანონის მიღებას საშველი არ დაადგა, რომელიც ბევრ პრობლემას ავტომატურად მოხსნიდა. ჯერ ერთი, ძალიან ბევრს ამ კანონის მიღება არ აწყობს, რადგან სამშენებლო კოდექსი გარკვეულ პარამეტრებს განსაზღვრავს და მეორე, ქალაქის გენგეგმა არ არსებობს და ყურს არც არავინ იბერტყავს.

სალომე გოგოხია


რედაქტორის რჩევით