ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა - კვირის პალიტრა

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა

პროკურატურის ინფორმაციით, განახლებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც პროკურატურაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა ძიებას ახორციელებს.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით, (1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით), რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, რომელიც ჩადენილია დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

მათივე განცხადებით, რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთა მიერ საგამოძიებო გეგმის შესაბამისად ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზები და დაკითხულები არიან მოწმეები. ამასთან მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასევე დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება, მოწმეთა დაკითხვები და სხვა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან თანამშრომლობის რეჟიმში, რომელთაც სურვილის შემთხვევაში სრული წვდომა ექნებათ გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალაზე.

გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილეს და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელს ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიები შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

"ინტერპრესნიუსი"