"დედამ წამებში მოასწრო შვილების გამორიდება და გადარჩენა" - შეიძლებოდა თუ არა გლდანის ტრაგედიის თავიდან აცილება - კვირის პალიტრა

"დედამ წამებში მოასწრო შვილების გამორიდება და გადარჩენა" - შეიძლებოდა თუ არა გლდანის ტრაგედიის თავიდან აცილება

შეიძლებოდა თუ არა გლდანის ტრაგედიის თავიდან აცილება

14 ივლისს, დღის 4 საათზე, გლდანში ტრაგედია დატრიალდა: მე-6 მ/რ-ის მე-2 კორპუსის მე-4 სადარბაზოში ბუნებრივი აირის დაგროვებას აფეთქება მოჰყვა, სრულიად განადგურდა კორპუსის მე-4, 5 და 6 სართულები. დაიღუპა 5 მობინადრე, ორი დაშავებული კი ქირურგიის ინსტიტუტსა და დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მობინადრეთა თქმით, ბუნებრივი აირის სუნი სადარბაზოში რამდენიმე დღე იდგა. მათივე ინფორმაციით, იმ საბედისწერო დილით ლიკა ფაცაციამ, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, შპს "ყაზტრანსგაზში" დარეკა. გოგონას მეზობლისთვის უთქვამს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კომპანიას დილით ტელეფონით შეატყობინა.

დაზარალებულ მოსახლეობას გავესაუბრეთ.

იამზე ბექაური: "მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ. შინ ვიყავით, როცა ორჯერ საშინელი ხმა მოგვესმა: ჯერ რაღაც საშინელი ხმით აფეთქდა, შემდეგ კი ჩამოინგრა.

შეშინებულები ფანჯარას მივცვივდით, საშინელი კვამლი იდგა. მეზობლები გვიყვიროდნენ, დაბლა ჩამოდითო, მაგრამ როცა დავინახეთ, ჩვენს დაბლა აღარაფერი იყო, ვერ გავბედეთ, გვეგონა, კიბეც ჩანგრეული იყო.

ჯერ დადგენილი არ არის, სად მოხდა აფეთქება, სავარაუდოდ, აირმა მე-5-6 სართულებზე გაჟონა. ითქვა, მე-5 სართულზე ერთი ბინა დაკეტილი იყო, ოჯახი დასასვენებლად არის წასული, ფანჯრები ღია რომ ყოფილიყო, აფეთქება არ მოხდებოდაო. გოგონა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ნაძალადევში ცხოვრობს, იმ დღეს დის ბინის დასახედად მოვიდა. მერე რა მოხდა, არავინ იცის. კი ითქვა, გაზის სუნი იყოო, მაგრამ ჩვენ არ გვიგრძნია. ექსპერტებს უთქვამთ, ასეთი აფეთქება 20-წუთიან გაჟონვასაც შეეძლო გამოეწვიაო. სამწუხაროდ, 5 კაცი დაიღუპა, მათ შორის დედა-შვილი ლუბა და ლევან ბურდულები. საცოდავი, მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა. მეექვსეზე რიტა ბიდბუნოვა დაიღუპა.

ერთი კვირა სასტუმროში მოგვიწევს ყოფნა, შემდეგ გამგეობა ბინებს გვიქირავებს. გვითხრეს, ბინები აირჩიეთ და ქირას ჩვენ გადაგიხდითო".

მაკა ადეიშვილი: "მე-9 სართულზე ვცხოვრობ. აფეთქების დროს მეზობელთან ვიყავი ჩასული.

სახლში 7 თვის ორსული რძალი მყავდა და კორპუსი რომ შეზანზარდა, ამის მერე აღარაფერი მახსოვს, გავითიშე. ასეთი სტრესის შემდეგ, ნუცას ნაადრევი მშობიარობის ნიშნები ჰქონდა, ახლა ექიმები მეთვალყურეობენ.

კორპუსში 27 ბინა დაინგრა: მე-4, 5 და 6 სართულები აღარ არსებობს. ყველას, მით უმეტეს, ბავშვებს, აუცილებლად დასჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, ჯერაც შოკში ვართ. კორპუსს რომ შეხედავთ, გული გაგისკდებათ, ისეა დანგრეული.".

თამარ ქველაძე, მე-2 კორპუსის თავმჯდომარე: "ლექსო ტალაშვილი და მისი მეგობარი სათევზაოდ ყოფილან. შინ ცოტა ხნით შემოუვლიათ, უსადილიათ და დასვენების შემდეგ, ისევ აპირებდნენ გასვლას... მე-4 სადარბაზოში მცხოვრები დედა-შვილი, ლუბა და ლევან ბურდულებიც დაიღუპნენ. მათ გარდა ბინაში იყვნენ ლევანის მეუღლე და ორი პატარა ბავშვი. ერთ ბავშვს მამასთან ეძინა, აფეთქებამდე გაუღვიძია და დედას გამოუყვანია ოთახიდან. ხმაურზე ქალს უფიქრია, მიწისძვრააო და სასწრაფოდ კარი გაუღია, არ ჩამეკეტოსო. კარის გაღება, გამოსვლა და ჩამონგრევა ერთი იყო, დედამ წამებში მოასწრო შვილების გამორიდება და გადარჩენა.

მე-7 სართულზე სტუმარი ყოფილა, მამაკაცი ცოლს გადაჰფარებია და მთელ სხეულზე მინის ნამსხვრევები აქვს. დაბინტული მოვიდა ამბის საკითხავად".

"ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ამ კორპუსიდან "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საავარიო სამსახურში ზარი არ დაფიქსირებულა. როცა დაფიქსირდა გამოძახება, იქიდან შესაძლებლად მოკლე დროში, ჩემი პირველადი მონაცემებით, მივიდა საავარიო სამსახური. მოკვლევა დაიწყო და დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას, რამდენ ხანში მივიდა და როგორ, "ყაზტრანსგაზი" ვაცნობებს მოსახლეობას, თუმცა ჩვენი საავარიო ბრიგადა რომ მივიდა, იმ მომენტში მოხდა აფეთქება, ანუ პირველები ჩვენ ვიყავით. დაგვიანება არ ყოფილა", - ტელეეთერით განაცხადა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურ საქმეთა მმართველმა ნინო თურმანიძემ.

ნინო თურმანიძეს მოგვიანებით კომენტარი ვთხოვეთ, მაგრამ გვითხრა, რომ, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს აღარ გააკეთებს.“

P.S. გამოძიება, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და დადგინდება, ვინ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე, რომელმაც შეძრა ქალაქი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ დატრიალებული სტიქიური უბედურება ჯერაც ვერ გამოუგლოვია.

ნანა ფიცხელაური