"ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, სამი კაცი ხომ გილპება მიწაშიო..." - კვირის პალიტრა

"ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, სამი კაცი ხომ გილპება მიწაშიო..."

ციალა შანავა: "ბუბა ფუთურიძეს უთვლიდნენ, მოგკლავთ, სიმართლეს თუ იტყვიო. ბიჭს დაგლეჯილი ჰქონდა ნაწლავები, ოპერაციას არ უკეთებდნენ მანამ, სანამ არ იტყოდა, მანქანიდან ისროლესო"

ე.წ. კორტების საქმეზე ძალოვანი უწყების 11 ყოფილი მაღალჩინოსანი და რიგითი სპეცრაზმელია დაკავებული. მათი სასამართლო პროცესი ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობს. სპეცოპერაციის თვითმხილველმა, მოქალაქე კობა გოგატიშვილმა სკანდალური ჩვენება მისცა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ცოცხალ ზურა ვაზაგაშვილს საკონტროლო ტყვია ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ ესროლა.

ციალა შანავა, ზურაბ ვაზაგაშვილის დედა: - მე და იურამ 9 წელიწადი ვიცოდით, რომ ზურას ცააძემ ესროლა საკონტროლო ტყვია. გოგატიშვილმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო სპეცოპერაციას, იგივე გაიმეორა, რაც შემთხვევის დღეს განაცხადა. ზურიკო 5 წუთის მოკლული იყო, როცა მან სატელევიზიო კომენტარში თქვა: მომაკვდავ ზურას წყალი უნდოდა და მის მოსატანად გავიქეცი, ზურას ერთი ხელი საჭეზე, მეორე - კარზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ცააძემ მითხრა, აქედან გაეთრიეო. როცა გამოვედი, გასროლის ხმა მომესმა, ცააძემ პისტოლეტი შეყო მანქანაში და თავში ესროლაო.

გაოგნებული ვარ მკვლელების და მათი ახლობლების ქცევით, რომლებიც მუდმივად აწყობენ პროვოკაციებს. ცააძის მამიდა მემუქრება, დაგასახიჩრებ, ხომ გილპება მიწაში სამი კაციო... ცააძე გოგატიშვილსაც დაემუქრა, არ გეშინია, ჩემი ძმაკაცები ხომ გარეთ არიანო... პროცესზე ირაკლი ფირცხალავა ისე გამოდის სიტყვით, თამადა გეგონება. მერე ეს ცააძე ხტუნაობს... ცააძე ერთმა ქალბატონმაც ამოიცნო. ის ზურას მანქანის უკან იდგა და პირდაპირ უყურებდა. ამბობს, მანქანებიდან გადმოხტნენ სპეცრაზმელები და ბიჭების მისამართით ისეთი სროლა ატყდა, ხელ-ფეხი ამიკანკალდა, მანქანა ვეღარ დავძარიო. ცააძე მისულა მასთან, წაეთრიე, ვერ ხედავ, რა ხდებაო? ალბათ, უნდოდათ, არავის დაენახა, როგორ ჩააწყობდნენ იარაღს მანქანაში.

თავიდან მე და იურამ ცააძის "გმირობის" ამბავი ბუბა ფუთურიძის ადვოკატ, "ნაციონალ" გიორგი ჯოგლიძისგან გავიგეთ. გვითხრა, 100%-ით ვიცი, საკონტროლო ტყვია ცააძემ ესროლაო. ეს ბუბასგან იცოდა. ალბათ, ფოტოები აჩვენეს და ასე ამოიცნო ფუთურიძემ ცააძე. მერე ბუბას უთვლიდნენ, მოგკლავთ, სიმართლეს თუ იტყვიო. ბიჭს დაგლეჯილი ჰქონდა ნაწლავები, ოპერაციას არ უკეთებდნენ მანამ, სანამ არ იტყოდა, მანქანიდან ისროლესო.

დავით ხაჟალია, გიორგი ცააძის ადვოკატი: - ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის თავში ერთადერთი ტყვია სპეცრაზმელ ჩაკვეტაიას ავტომატიდან არის გასროლილი, მოწმე კი ამბობს, ცააძეს ხელში პისტოლეტი ეჭირა და იქიდან გაისროლაო. სანამ ცააძე მათ მანქანასთან მივიდოდა და ვიდრე ავტომანქანა ბოძს შეეჯახებოდა, ვაზაგაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო...  ავტომანქანის დათვალიერებისას, გოგატიშვილმა რატომღაც ვერ დაინახა უკანა სავარძელში მჯდომი ბუბა ფუთურიძე და ის მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა სპეცრაზმელებმა მანქანიდან გადმოიყვანეს...

- ცააძის მოწმისადმი მიმართვა: არ გეშინია, ჩვენი მეგობრები ხომ გარეთ არიან? - მეორე მხარემ მუქარად აღიქვა...

- ეს არ იყო მუქარის შემცველი განცხადება... გოგატიშვილმა თქვა, ამ სანახაობის შემყურეს, ცრემლი წამომივიდაო, არადა, როცა სატელევიზიო კომენტარს აძლევდა, გაბადრული სახით ჰყვებოდა ნანახს. ცააძემ ჰკითხა მოწმეს: თუ დაინახეთ, რომ მე ვესროლე, მაშინ რატომ არ უთხარით გამოძიებასო. ამაზე გოგატიშვილმა მიუგო, მაშინ როგორ მეთქვა, თქვენ იყავით და ვინ იცის, რას მიზამდითო. მაშინ თქვა ცააძემ, ახლა არ გეშინია, ოთხნი ვზივართ აქ და ჩვენი მეგობრები ხომ გარეთ არიანო... გოგატიშვილის ჩვენება არადამაჯერებელია და მას შეცდომაში შეჰყავს სასამართლო.

ნანა ფიცხელაური