მამულიჩა ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს?! - კვირის პალიტრა

მამულიჩა ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს?!

შსს-მ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული კახი მ. პროდიუსერი კახა მამულაშვილია (მამულიჩა).

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა

დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

Ambebi.ge