ერთ წუთში დასრულებული სამი სიცოცხლე
27-07-2015
ერთ წუთში დასრულებული სამი სიცოცხლე
ეს ფოტო ტრაგედიამდე 5 წუთით ადრე არის გადაღებული

ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში­ უბედურება დატრიალდა - და-ძმა მარიანა  და გიორგი ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე მტკვარში დაიხრჩვნენ.


ვეფხვია ინასარიძე მაშველების მოსვლამდე ეძებდა დამხრჩვალ ახალგაზრდებს მტკვარში. მისი ვაჟი, 15 წლის არჩილი ჰყვება: - შუადღისას მეზობლებთან - მარიანასთან, მის ძმა გიორგისთან, მარისა და ჩემს მამიდაშვილ ხვიჩასთან ერთად საბანაოდ წავედი. მარიანამ თავისი პატარა შვილიც წამოიყვანა, ნაპირზე დავსვამ და წყლიდან ვუყურებო.
შუა მტკვრისკენ წავედით. მარტო ხვიჩა დარჩა
ნაპირთან, რომ ბავშვთან ახლოს ყოფილიყო.  
წყალი ჯერ მუხლებამდე გვწვდებოდა, შუამდე რომ მივედით, ვერიკოს წელამდე შემოსწვდა და შეშინდა, ძალიან ღრმაა, უკან წავიდეთო. როცა შემოვტრიალდით, უცებ ვერიკოს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მარიც დაეცა და წყალში მეც ჩამიყოლა.

გიორგი და მარინა დავინახე,
ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცურვა არც ერთმა არ იცოდა. ისღა მოვიფიქრე, მარის თმაში ვწვდი და ამოვიყვანე. მერე დანარჩენების მოსაძებნად ჩავყვინთე, მაგრამ ფსკერზე ვერაფერი დავინახე. ალბათ, წყალმა წაიღო-მეთქი და ნაპირზე ამოვძვერი. ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა, ვგიჟდებოდი. არავინ იყო, რომ ეშველა, შორს ვიღაცები კი თევზაობდნენ, მაგრამ მათთვის დაძახებას აზრი არ ჰქონდა, ვერ გაიგონებდნენ. მაშინ ჩემს მამიდაშვილს დავუძახე, ვინმეს დავურეკოთ-მეთქი!

მამაჩემი რომ მოვიდა, გავითიშე... ისღა მახსოვს, რომ მარი კიოდა, ხვიჩა კი ქვასავით იდგა.

ვეფხვია ინასარიძე:
- ეს სამი ანგელოზი, და-ძმა ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე, ჩემი მეზობლები იყვნენ.
ფოცხვერაშვილები რომ მოასვენეს, მათ დედ-მამასთან სამძიმრის სათქმელად მისვლა ვერ შევძელი! მათი საცოდაობით აღარ ვართ. ერთი შვილი ადრე გარდაეცვალათ, სხვა შვილი აღარ დარჩათ...
გიორგი მხოლოდ 17 წლის იყო, მისი და, მარიანა, 20 წლის გახდებოდა, ვერიკო - 22 წლის, ერთ დღეს ჰქონდათ დაბადების დღე. ახლა ეს დღე მათი მშობლებისთვის შავ დღედ იქცა.

- თქვენი ვაჟი ამბობს, რომ წყალი ღრმა არ იყო, გოგონებს მხოლოდ წელამდე სწვდებოდაო.
- ჩვენთან მტკვარი არ არის ისეთი ღრმა, რომ კაცი დაიხრჩოს. ამ უბედურების ადგილზეც 20 მეტრს ისე გაივლი, რომ წყალი მუხლებამდეც არ შემოგწვდება. შეიძლება ვიღაც ნაძირალამ ეს ადგილი თევზაობისას დინამიტით ააფეთქა და ორმო იმიტომ გაკეთდა. თუ მართლაც ასეა, იმ ნაძირალას ცოდვა აუცილებლად მოეკითხება... მარიანასა და გიორგის მშობლებს მე თავად დავურეკე, სხვა რა გზა მქონდა... დედამისი გიჟივით მოვარდა, სხვა გზა რომ არ მქონდა, მოვატყუე, - ნუ გეშინია, წადი შინ, შვილები ცოცხლები არიან, ქვემოთკენ გაცურეს-მეთქი. მანაც შვილების სიკვდილი არ დაიჯერა. მარიანას 2 წლის ბიჭი დარჩა. სახლში რომ მიიყვანეს და დედა აღარ დახვდა, გადაირია ბავშვი, ჩემი დედიკო წყლიდან ამოიყვანეთ და მომიყვანეთო. ვერიკო ისეთი სიცოცხლით და სიყვარულით იყო სავსე, რომ თვალიდან არ ამომდის. რომ შეხედავდი, თითქოს სახეზე ნათელი ადგა. 2 კილომეტრშია მისი სოფელი. ახალციხის საავადმყოფოში მუშაობდა ექთანად და აქ დეიდასთან ცხოვრობდა.  ჩვენთან რომ გამოიარეს აჩიკოს წასაყვანად, შვილის გაშვება არ მინდოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ წავიდა, მარი ხომ მაინც გადაარჩინა!
nino
14 აგვისტო 2015 09:27
ვაიმე ჩემს ხელა ყოფილან... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები...
chiko
03 აგვისტო 2015 10:23
უფალმა აცხონოს მათი სულები. ძალიან გულდასაწყვეტია. ამიტო ყველა მშობელმა უნდა იზრუნოს იმაზე რო შვილმა ცურვა ისწავლოს. არცერთი არ დაიღუპებოდა ცურვა რო სცოდნოდათ.
teo
28 ივლისი 2015 15:23
Gmerto es ra ubedirebaa mieci mat mshoblebs dzala rom cxovreba gaagrdzelon da ilocon mati sulebistvis

რედაქტორის რჩევით