"ხერხი ფეხებთან­ მიუტანა, თუ აქაურობას არ გა­შორდები, გადაგხერხავო... "სამართალმა" ოჯახი გამინადგურა" - კვირის პალიტრა

"ხერხი ფეხებთან­ მიუტანა, თუ აქაურობას არ გა­შორდები, გადაგხერხავო... "სამართალმა" ოჯახი გამინადგურა"

"საწყალი კაცის საშველი არც ყოფილა და არც იქნებაო, ჩემზეა ნათქვამი. 4 წელიწადი ჯაგეკლიანი მიწის გასუფთავებას შევალიე, დამუშავებული ვიღაცებს მოეწონათ და ხელიდან გამომგლიჯეს. თქვენი ნაჯაფი მიწიდან თქვენივე შეშა რატომ წაიღეთო და ჩემს ცოლს შვილების თვალწინ ავაზაკივით დაადეს ბორკილი", - ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის მცხოვრები გელა აბაშიძე.

- ჩვენს სოფელში თავის დროზე მეჩაიეობის უზარმაზარი ცენტრი იყო. მისი დაშლის შემდეგ, 1998 წელს, სოფლის ხელმძღვანელობამ ხალხს 3-3 ათასი კვმ მიწის ფართობი დაურიგა, რისი დოკუმენტებიც, სხვა თანასოფლელებთან ერთად, მეც გადმომცეს. დედა მარტო გვზრდიდა და როგორც მარტოხელას, მიწა ეზოს მომიჯნავედ მისცეს.

ძნელად დასამუშავებელი მიწა შეგვხვდა - ნარეკლიანი. მის ამოსაძირკვად დედა დილაუთენია გადიოდა და დაბნელებისას ბრუნდებოდა ხელებდასისხლიანებული...

ამ მიწაზე თხილი დავრგეთ. იმდროინდელი პრეზიდენტის ნათქვამიც მახალისებდა, - სააკაშვილმა განაცხადა, ჩაის ვერ ვპატრონობთ, ახლა თხილია ყველაზე შემოსავლიანი გურიაში. ნებას გაძლევთ, ჩაი აკაფოთ და თხილი დარგოთო. მოკლედ, 2012 წელს უკვე საუკეთესო პლანტაცია მქონდა. ერთ დღეს კარზე უცხო ხალხი მომადგა - თხილი რომ გაქვს გაშენებული, ის მიწა იგორ ასკაროვმა იყიდა და უნდა ავჭრათო! ჯერ შეცდომა მეგონა - ვინ არის იგორ ასკაროვი-მეთქი. მალევე მივხვდი, ჩემს თავს მართლა არ იყო სიკეთე...

- თქვენი მიწის გაყიდვა ვის შეეძლო?!

- კანონი და სახელმწიფო რომ უსამართლობის მხარეს დადგება, გლეხი რას გააწყობს? მე რომ მიწას თავს ვაკლავდი, ამასობაში მთავრობა ათას კანონს იღებდა მშრომელი კაცის საწინააღმდეგოდ. ამ კანონებში როგორ გავრკვეულიყავი, თუ თავად მთავრობა არ მეტყოდა, - შენ რომ 1998 წელს მიწა საკუთრებაში გადმოგცეს, იმ კანონმა ძალა დაკარგა, ახლა შენივე მიწა სახელმწიფოსაგან უნდა შეისყიდო ან იჯარით აიღო, თორემ გაგიყიდიანო.

მიწის საკუთრება რომ გამიუქმეს, ამ მიწაზე დარგული ქონებისთვის მაინც არ მეკუთვნოდა კომპენსაცია?

თავდაპირველად ჩემი მიწა ოზურგეთელ ლევან თოიძეს ისე გადასცეს, აზრზეც არ ვიყავი! თოიძე ოზურგეთში ცნობილი საქმოსანია. ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, მაგრამ ჩაის ვერ უშველა, ეტყობა, პლანტაციების მიწას დაადგა თვალი და იჯარით აიღო, მერე კი იგივე მიწა გროშებად იყიდა. ასე აღმოჩნდა მის ხელში ლაითურის მიწების 50 ჰა. ხალხმა აქციები გამართა, მიწის დაბრუნება მოითხოვა, თუმცა ტყუილად. როცა გავიგე, თოიძეს სოფლის მიწები ჰქონდა შესყიდული, მივედი და ვკითხე, - კაცურად მითხარი, ჩემი მიწაც ხომ არ გიყიდია-მეთქი? რომ ეთქვა, კიო, ვალს დავიდებდი და შევისყიდდი, მაგრამ ხელები გაასავსავა, არადა, თურმე ნაყიდი ჰქონია.

- რატომ არ შეამოწმეთ მისი ნათქვამი საჯარო რეესტრში?

- რომ შემემოწმებინა, რას გავხდებოდი?! კანონს რა ძალით შევებრძოლებოდი?! მოკლედ,  თოიძემ ჩემგან მიტაცებული მიწა ებრაელ ბიზნესმენ იგორ ასკაროვს მიჰყიდა. ვიქირავე ადვოკატი და მივედი ასკაროვთან, - მიწა უკანონოდ გაქვთ ხელში ჩაგდებული და საქმე სასამართლოს გადაეცა-მეთქი. მიპასუხა, - ვერაფერს დამაკლებო და ჩემი თხილის მსხმოიარე პლანტაცია აჭრა, მოგვიანებით კი გადაწვა. ეს იმ დროს, როცა საქმე სასამართლოში იყო და სასამართლოს დასრულებამდე ამის უფლება არ ჰქონდა.

ჩემი სარჩო, ნაშრომ-ნაწვალები ასეთ დღეში რომ დავინახე, კინაღამ ინფარქტი მომივიდა. საბრალო დედაჩემი კი ნაჯახებიან ხალხს ხელში ეცა, რას სჩადითო! პასუხად ასკაროვმა ხერხი ფეხებთან მიუტანა, თუ აქაურობას არ გაშორდები, გადაგხერხავო. დედაჩემი ცუდად გახდა, ხალხმა სასწრაფო გამოიძახა, პოლიციაც მოვიდა. პოლიციელმა ექიმს მიაძახა, მაგას ისეთი ნემსი გაუკეთეთ, ვერ გამოიღვიძოს. ამ აჭარლებს მიწით ვერ გააძღებ, ამათი დედაო. ასეთმა "სამართალმა" ოჯახი გამინადგურა.

4 თვეა, სასამართლო ამ საქმეს იძიებს და დღემდე ვერ გამოიძია, ამ დროს ჩემი 11 წლის თხილის პლანტაცია ელვის უსწრაფესად გაყიდეს და გადაწვეს.

ბოლოს, ოზურგეთის სასამართლომ ჩემს ცოლს 2-წლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა...

იამზე აბაშიძე, გელა აბაშიძის მეუღლე: - როცა ასკაროვი პლანტაციას ანადგურებდა, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, სარს ხელი დავავლე და მოგკლავთ-მეთქი, მუშებს მივაძახე. განა არ ვიცოდი, რომ იგორ ასკაროვთან არაფერი მესაქმებოდა და სახელმწიფო იყო ჩემი დამაქცევარი, მაგრამ შვილივით მოვლილ ნაშრომს რომ გისპობენ, ძნელია თავის დაჭერა. ბოლოს, ასკაროვმა ქარსაფარი ზოლისთვის ჩვენი დარგული თხმელები აჩეხა. ოზურგეთის პოლიციაში დავრეკე, რა ვქნა-მეთქი. იმ პოლიციელმა, იმათი დედა, ვინც ეგ მიწა გაგიყიდა, თხმელები ხომ მაინც შენი საკუთრებაა და გადმოიტანეო... სულ ერთი ცხენის "კაჭკა" გამოვიდა. მეორე დღეს ასკაროვი მისულა... მოკლედ, 2 ტრაქტორი შეშის ქურდობა დამაბრალეს. სიმწრით გამეცინა, რისთვის მასამართლებთ-მეთქი. შენი ქურდობის მოწმე ასკაროვის მუშააო და მისი ჩვენება წამაკითხეს. ასე გამომიტანეს 2-წლიანი პირობითი სასჯელი.

გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რატომ მოექცა ჩემს ოჯახს თავისი მშობელი ქვეყანა დედინაცვალივით, რა დავუშავეთ, ჩვენ ხომ ამ ქვეყნისთვისაც ვშრომობთ!

ამჟამად პირობითი სასჯელი მომიხსნეს, მაგრამ იარას ვერაფერი გაამთელებს...

ვითარებაში გასარკვევად სოფელ ლაითურის რწმუნებულ ემზარ ბერიძეს დავუკავშირდით:

- სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები იშვიათი არ არის, რაშიც პასუხისმგებლობის დიდი წილი სახელმწიფოს აქვს, - აუცილებლად უნდა მოენახათ მექანიზმი, რომ მოსახლეობას 1998 წელს გადაცემული მიწები ქონების ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაერეგისტრირებინა. დღეს ლაითურში ბევრი სადავო მიწაა... არსებული კანონმდებლობით, მიწა იმ ინვესტორისაა, რომელმაც შეიძინა. ერთადერთი გამოსავალია, გელა აბაშიძემ იჯარით კვლავ ამავე სოფელში აიღოს მიწა. სახელმწიფოსაგან მიწის გაყიდვის შემთხვევაში ის მისი შესყიდვის უპირატესი უფლებით ისარგებლებს.