"სააკაშვილის ხელისუფლებამ გამსახურდიას საქმეს ჩამომაცილა" - რატომ ააგლიჯეს სამხრეები პოლიციის ვიცე - პოლკოვნიკს - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ხელისუფლებამ გამსახურდიას საქმეს ჩამომაცილა" - რატომ ააგლიჯეს სამხრეები პოლიციის ვიცე - პოლკოვნიკს

"არის ვერსია: გამსახურდია  სხვაგან მოკლეს, ან მიიყვანეს სიკვდილის პირას და ლაფეტიანი ტრაქტორით მიიტანეს ცხედარი, ან ნახევრად მკვდარი მიიყვანეს ხიბულაში"

ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე დასმულ კითხვებს პროკურატურა საბოლოოდ პასუხს გასცემს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა. ამ საქმეზე დიდხანს იმუშავა გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ და 2011 წელს დასკვნაც მოამზადა. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, კრიმინალისტიკის პროფესორი გია დეკანოზიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მას საქმიდან ჩამოცილება მოსთხოვა.

- ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაში როგორ აღმოჩნდით?

- კონსტანტინე გამსახურდიამ მთხოვა. რობაქიძის უნივერსიტეტი ლაბორატორიით, ჩვენივე ექსპერიმენტებით უსასყიდლოდ მონაწილეობდა გამოძიებაში. ძირითადი კვლევა იარაღზე ჩატარდა. გაირკვა, რამდენად შეესაბამებოდა გვამის მდებარეობა წარმოებულ გასროლას. ბევრი მოწმე აშკარად ცრუობდა, უამრავი ტყუილი თქვეს ძმებმა ჩუხუებმა (1993 წლის 28 დეკემბერს, ჯიხაშკარში ყოფნისას პრეზიდენტთან მივიდნენ ძმები ჩუხუები. მათ განუცხადეს, -  აქ გაჩერება საშიშია, მდევარი კარზეა მომდგარი, ჯონსონ კვარაცხელიას სახლი "გაყიდულია", უფრო უსაფრთხო ადგილას უნდა გადაგიყვანოთო. ჩუხუებს ხიბულა არ დაუსახელებიათ, მაგრამ უთქვამთ, რომ„ეს არის ძალიან კარგი, უსაფრთხო და მიმალული ადგილი, სადაც ეზოშიც თავისუფლად შეგეძლებათ გამოსვლაო...), ღურწკაიების შვილმა (პრეზიდენტი ხიბულაში ღურწკაიების ოჯახში გადაიყვანეს, სადაც  გარდაცვლილი იპოვეს... 2004 წლის 28 თებერვალს ლუდმილა და კარლო ღურწკაიების შვილი ნუკრი ღურწკაია, კარის მეზობლის, დემურ ქებურიას ჩაქუჩით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო(?!) მერე კარის მეზობელი მოკლა და არ დასჯილა, იმიტომ ხომ არა, რომ ამ საქმეზე ბევრი რამ იცის?

საგამოძიებო სიტუაციების ანალიზით ვასაბუთებთ, რომ გამსახურდია სხვაგან მოკლეს და მერე მიიტანეს იქ ცხედარი... ჩვენ მოვახდინეთ ფაქტების კონსტატირება, გავაკეთეთ დასკვნები, მაგრამ ცალსახაა, ეს არავის სჭირდებოდა.

- სააკაშვილის ხელისუფლებას არ სურდა სიმართლის დადგენა?

- ამ საქმის ყველა გზა შევარდნაძესთან მიდის. სააკაშვილის ხელისუფლებას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ შევარდნაძე შეენახა და ხელს არ აძლევდა გამოძიება. არ ვიცი, ახლა რატომ გაახსენდათ ეს საქმე ან აქამდე რატომ ედოთ თაროზე. ალბათ, ხალხისთვის ახალი სანახაობა უნდათ და ამიტომ გადაკვალიფიცირდა საქმე.

- თქვენ რა დაადგინეთ?

- მილიმეტრების სიზუსტით ჩავატარეთ კვლევა და დავადგინეთ, რა დაზიანებებს იწვევს "სტეჩკინით" მიყენებული ჭრილობები. გამოირიცხა მიბრჯნით გასროლა. ასეთ შემთხვევაში გვამს უნდა ჰქონოდა ე.წ. შტანცმარკა. "სტეჩკინი" 30-მმ-იანი დაშორებით რომ გაისროლო, 1000-დან 2000-მდე ატმოსფერული წნევა წარმოიქმნება, რაც ნიშნავს, რომ განგრეული უნდა იყოს საფეთქლისა და სოლისებრი ძვლები, ნატყვიარის ირგვლივ კანი უნდა იყოს დამწვარი. ამ შემთხვევაში დაზიანებული არ ყოფილა თავის ქალაც კი. "სტეჩკინის" ხელში დაჭერა ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ფაქტობრივად შეუძლებელია. იარაღი საკმაოდ გრძელია და მძიმეც.

არის სხვა საეჭვო გარემოებაც: ლულიდან გამოტყორცნილი აირების წნევა ლულაში 1200-2000 კგ/სმ2-ს შეადგენს... ეს კი იწვევს დიდი რაოდენობით სისხლისა და ტვინის გამოფრქვევას შემავალი და გამომავალი ხვრელებიდან. საგამოძიებო კომისიის მასალებში ასეთი რამ არ ფიგურირებს... მოწმეთა ჩვენებებში მითითებულია, რომ პრეზიდენტს იარაღიანი ხელი მუცელზე ედო. არადა, ზემოთ აღწერილი ფორმით გასროლის შემთხვევაში პრეზიდენტს "სტეჩკინი" ხელიდან აუცილებლად გაუვარდებოდა. ამასთან, თვითმკვლელობისას ხელი მარჯვნივ უნდა გადავარდნოდა.

მნიშვნელოვანი დეტალია ტანსაცმელიც. ჯონსონ კვარაცხელია, რომლის სახლიდანაც გამოვიდა გამსახურდია, აღწერს, რომ მას ეცვა კოსტიუმი და გაკრიალებული შავი ფეხსაცმელი. მითხრა, მცივაო და ჩემი "უშანკა" მივეციო. კარლო ღურწკაია კი ამბობს, რომ გამსახურდიას ეცვა ბუშლატა, სპორტული რეიტუზი და რეზინის ჩექმები... კვარაცხელიების სახლი მაღლობზე იდგა და იქ თავის დაცვა ადვილად შეიძლებოდა, ამიტომაც შეირჩა პრეზიდენტის გასაჩერებლად. მაშ, ვის და რატომ დასჭირდა მისი გადმოყვანა ხიბულაში ისეთ სახლში, სადაც მისასვლელად რამდენიმე გზა იყო და თან პირველ ოთახშივე დაეწვინათ?

ხიბულა. სახლი, სადაც პირველი პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს არის ვერსია: ის სხვაგან მოკლეს, ან მიიყვანეს სიკვდილის პირას და ლაფეტიანი ტრაქტორით მიიტანეს ცხედარი, ან ნახევრად მკვდარი მიიყვანეს ხიბულაში. მისი დაცვის წევრები ლამაზად ფუთავენ ყველაფერს. დაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რაღაცას არ ამბობდნენ. ისიც არ იცოდნენ, იმ სახლში საპირფარეშო სად იყო. ვფიქრობ, ისინი იმ სახლში საერთოდ არ იყვნენ ნამყოფები. ბევრი რამე იცის ბესარიონ გუგუშვილმა. ღურწკაიებმაც ბევრი რან იციან, მაგრამ არ იღებენ ხმას.

ყველამ ვიცით, რას აკეთებდა "მხედრიონი" სამეგრელოში. გამსახურდიას იქ ყოფნის დროს კი "მხედრიონი" საერთოდ ქრება სამეგრელოდან. რატომ? შემთხვევით რომ გადაჰყროდათ ზვიადი, მოკლავდნენ და ეს იქნებოდა პოლიტიკური მკვლელობა, შევარდნაძეს კი სხვა გეგმები ჰქონდა. გამსახურდიაზე ნადირობდა ორი ჯგუფი - გია გულუასი და იგორ გიორგაძისა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელმა ჯგუფმა მოკლა პირველი პრეზიდენტი. ვფიქრობ, გულუას სპეცრაზმს მისცეს ამის უფლება. ჯაბა იოსელიანი ამბობდა, თუ გინდათ, ახლავე ჩამოგიყვანთ გამსახურდიასო. მისი დაჭერა პრობლემა არ იყო, მაგრამ სხვა დავალება იყო შესასრულებელი - უნდა გაეთამაშებინათ თვითმკვლელობა.

- გჯერათ, რომ ეს საქმე გაიხსნება?

- თუ პოლიტიკური ნება იქნა, გაიხსნება, თუმცა მეეჭვება, ამ ხელისუფლებას ეს უნდოდეს.

- ამბობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რას გედავებოდნენ?

- ოჯახთან ერთად მოვდიოდი, მანქანამ გზა გადამიჭრა და დავასიგნალე. მძღოლი მანქანიდან გინებით გადმოვიდა. სიტუაცია დაიძაბა. შესაშინებლად იარაღი ამოვიღე. ის მაშინვე გაიქცა, მაგრამ მეორე დღეს პოლიციელებმა მომაკითხეს და განყოფილებაში წამიყვანეს. ჩვენება მივეცი. მითხრეს, რომ საქმე დაიხურა, მერე

შემომითვალეს, თავი დამენებებინა გამსახურდიას საქმისთვის. ეს რომ არ გავაკეთე, ბრალი შემითითხნეს.

5.000 ლარი და 2 წელი პირობითი მსჯავრი მომისაჯეს. მაშინ პროკურორს წამოსცდა, თქვენი საქმე ზევით გადაწყდაო. წინა ხელისუფლების მსხვერპლი უფრო ადრეც გავხდი.

- რატომ?

- პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვიყავი და 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევებში მონაწილეობა არ მიმიღია, სულ ვაპროტესტებდი ხელისუფლების ქმედებებს და მაშინაც დამიჭირეს. კუდ-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ სოსო თოფურიძესთან ვმეგობრობდი, 7 ნოემბრის ღამეს აღშფოთებული შევედი მის კაბინეტში - რას აკეთებთ, ხალხს როგორ არბევთ, ჯობია თვითმფრინავის ბილეთები იშოვოთ და ყველანი გაიქცეთ-მეთქი. უცებ ოთახში დათა ახალაია შემოვიდა, - ეს კაცი ვინ არისო. სოსომ უთხრა, ჩემი მეგობარია, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკიო. ახალაიამ შემომხედა და ოთახიდან გავიდა, თუმცა, ორ დღეში, 9 ნოემბერს, საქმე აღძრეს...

- რა ბრალდებით?

- ძველი "ტროიკისებური" სასამართლო მომიწყვეს ვასილ სანოძის კაბინეტში. იქ იყო სანოძე, კინოლოგიის სამსახურის უფროსი ვანო ბეგაშვილი და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. მაშინ კინოლოგიის სამსახურში ვმუშაობდი.

7 ნოემბერს მიტინგის დასარბევად ქუჩაში ძაღლების გაყვანა მიბრძანეს.

უარი ვთქვი. ამიტომ ბრძანების შეუსრულებლობას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას მედავებოდნენ. ხელები გადამიგრიხეს, იარაღი წამართვეს, სამხრეები ამაგლიჯეს. ამას სანოძის კაბინეტში ჩემი ხელმძღვანელი ბეგაშვილი აკეთებდა. მერე ვკითხე, - ეს რატომ გააკეთე-მეთქი. შენ უნივერსიტეტში ლექციას მაინც წაიკითხავ და მე უმუშევარი ვრჩებიო.

- პატიმრობა მოგესაჯათ?

- ციხეში არ გავუშვივარ, მაგრამ დიდი თანხა მომთხოვეს, ბოლოს 15 000-ზე ჩამოვიდნენ, ნაწილ-ნაწილ, 5-5 ათასი, სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე ჩამარიცხვინეს.

- მეგობარმა სოსო თოფურიძემ ხომ არ გიხსნათ პატიმრობისგან?

- შეიძლება ასეც იყო, არ ვიცი. ამის მერე სტრუქტურიდან გამიშვეს. დღემდე ვითხოვ სამართლიანობას...

თეა ხურცილავა