"პაატა შვილის ტოლმა ბიჭმა ქუჩაში მოკლა" - ტრაგედიით დასრულებული კამათი - კვირის პალიტრა

"პაატა შვილის ტოლმა ბიჭმა ქუჩაში მოკლა" - ტრაგედიით დასრულებული კამათი

"გოგოჭურს, მეტსახელად "ციქას", ღორივით დავკლავდი, ხელი არ ამიკანკალდებოდა"

"პაატა 8 დეკემბერს 43 წლის გახდებოდა, სამ შვილს ზრდიდა. 4 წლის წინ დიდი უბედურება დაატყდა თავს - 17 წლის ვაჟი მოულოდნელად მენინგიტით დაეღუპა. ეს ტრაგედია არ ჰქონდათ მოშუშებული და ახლა პაატა მოგვიკლეს"

ამეტაში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ფერისცვალების ღამეს, 43 წლის პაატა მახაური მეზობელმა, 24 წლის გიორგი გოგოჭურმა მოკლა. დღემდე სიკვდილს ებრძვის მძიმედ დაჭრილი პაატას მეგობარი, 41 წლის გივი ხინჩლაშვილი. მას ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. გიორგი გოგოჭური დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა მალე საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს. ამოღებულია ნივთმტკიცება - სისხლიანი დანა. სამართალდამცავთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დადგენილია ისიც, რომ დამნაშავე მთვრალი იყო.

ახმეტის უბნის რწმუნებულ ავთო ღვინიაშვილის თქმით, დამნაშავე კონფლიქტური იყო. "გოგოჭური ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. უბანში როგორც მოჩხუბარს, ისე იცნობენ. მკვლელის მამას ვიცნობ, პატიოსანი და მშრომელი კაცია, ყველას უყვარს, მაგრამ ასეთი შვილი ჰყავს. პაატა შვილის ტოლმა ბიჭმა ქუჩაში მოკლა. გივი ხინჩლაშვილიც იმავე უბნელია. ამ მკვლელობას არავითარი წინა პირობა არ ჰქონია, მათი ოჯახები დაპირისპირებულები არასოდეს ყოფილან, უბრალოდ, წაკამათდნენ, რაც ტრაგედიით დასრულდა".

მოკამათე გოგოჭურსა და ხინჩლაშვილს თურმე პაატა მახაური აშველებდა და მკვლელმა ამ დროს გაუყარა დანა. ამ ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს.

მზია მახაური, მოკლულის ბიძაშვილი:

- არ ვიცით, რატომ მოკლა იმ გარეწარმა ჩემი ბიძაშვილი და რატომ დააობლა მისი შვილები. პაატა 8 დეკემბერს 43 წლის გახდებოდა, სამ შვილს ზრდიდა. 4 წლის წინ დიდი უბედურება დაატყდა თავს - 17 წლის ვაჟი მოულოდნელად მენინგიტით დაეღუპა. ეს ტრაგედია არ ჰქონდათ მოშუშებული და ახლა პაატა მოგვიკლეს. პაატა უმუშევარი იყო, უჭირდა ოჯახს, ადრე სოციალურ დახმარებას იღებდნენ და ესეც შეუწყვიტეს.

ფერისცვალების ღამეს პაატა კლასელებთან ერთად იჯდა გივის სახლთან ახლოს, უბნის ბირჟაზე. ბიჭები ლუდს სვამდნენ და თან საუბრობდნენ. ნასვამები არ ყოფილან. ამ დროს მოსულა მათთან გიორგი გოგოჭური, მკვლელი, რომელიც თავის ოჯახს სულ აწიოკებდა, სცემდა დედ-მამას, ცოლ-შვილს. მოსულა ბიჭებთან და დამჯდარა. გივი ხინჩლაშვილს მისთვის უთქვამს, დიდ ქვაზე დაჯექი, პატარაზე რომ ზიხარო. ამ სიტყვების გამო აუშარდა გივის, შენ ვინ გკითხავს, სად დავჯდებიო.

ხელში თურმე პურის საჭრელი დანა ეჭირა და მოულოდნელად გივის ჩაარტყა. სისხლი არ წამოსვლია ჭრილობიდან, როგორც ჩანს, შიგნით ჩაექცა, ამის შემდეგ მკვლელს პაატასთვის დაურტყამს, ეტყობა, დანა გულმკერდში დაუტრიალა, რადგან მთელი ორგანოები დაუზიანდა. სისხლი შადრევანივით სდიოდა, სახეზეც ეტყობა სისხლჩაქცევები, ეტყობა დაარტყა კიდეც გაშველების დროს. დაჭრილ გივის დაურეკავს სასწრაფოში. თურმე ძირს დაგდებული რომ გადმოატრიალეს, მხოლოდ ამოუოხრავს და იქვე დაულევია სული.

საშინელი იყო ისიც, რომ ტრაგედიის შემდეგ სამი საათი პაატას ცხედარი ქუჩაში, მიწაზე ესვენა, პოლიცია ახლობლებს ახლოს არ აკარებდა. ამბობდნენ, ექსპერტიზას ველოდებითო. ცხედარი შინ რომ მიასვენეს, ძლივს გაუსწორეს მიცვალებულს ხელ-ფეხი.

მკვლელის ოჯახზე ცუდს ვერ ვიტყვი, მშობლები პატიოსანი ჰყავს, მათაც ამწარებდა, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. სიფხიზლეში ამას ვერ შეატყობდი. ბირჟაზე იდგა სულ და ყოყლოჩინობდა. ახლა მის ოჯახს გახიზვნა მოუწევს, აქ ვერ იცხოვრებს. ამ ტრაგედიამდე მას სხვა დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი. თავისი მოგვარე ბიჭის მკვლელობაც სცადა. ის ბიჭი მაშინ ძლივს გადარჩა. ამის გამო მაშინ რომ დასჯილიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა... გოგოჭურს, მეტსახელად "ციქას", ღორივით დავკლავდი, ხელი არ ამიკანკალდებოდა...

მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ფოტოზე: პაატა მახაური ქალიშვილთან ერთად

თეა ხურცილავა