"სოსანაშვილის თანამონაწილეებს მალე აიყვანენ" - კვირის პალიტრა

"სოსანაშვილის თანამონაწილეებს მალე აიყვანენ"

ვაზაგაშვილის ქვრივი: "თავიდან ცხელ გულზე კი ვთქვი, ფირცხალავა იყო დამკვეთი-მეთქი, მაგრამ ახლა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, დამკვეთზე ვერაფერს ვამბობ"

2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე მოკლული იური ვაზაგაშვილის საქმეში მონაწილე პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს. საუბარია პირზე, რომლის დნმ-ის კვალი საგამოძიებო ორგანომ სოსანაშვილის კვალთან ერთად აღმოაჩინა იმ ხელყუმბარის ფალიაზე, რომლის აფეთქებასაც იური ვაზაგაშვილი შეეწირა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ აფეთქების წინა პერიოდში სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი ჰქონდა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. ბრალდებულის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის თქმით, გია სოსანაშვილს სატელეფონო საუბარი მეგობრებთან - ზაზა სიმონიშვილსა და გივი სილაგაძესთან ჰქონდა და აბსურდად მიაჩნია მის მეგობრებში დამნაშავის ძიება.

სოსო ჯოგლიძე, გია სოსანაშვილის ადვოკატი: - პროკურატურამ სოსანაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში იცოდა, რომ სატელეფონო ზარების ადრესატები სოსანაშვილის მეგობრები არიან.

- როგორც ამბობენ, ეს პირები ყოფილი პოლიციელები არიან. როდის დატოვეს მათ საქართველო და თუ გითხრათ სოსანაშვილმა, რაზე ისაუბრეს ტრაგედიამდე?

- კარგია, თუ დაადგინეთ, რომ პოლიციელები არიან. სოსანაშვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მას ეს პირები ტელეფონით ესაუბრნენ. ვკითხე და მითხრა, ისინი ჩემი მეგობრები არიანო, საქართველოდან კარგა ხნის წინ წასულან. გია ამბობს, არც მახსოვს, რაზე ვისაუბრეთო.

პროკურატურა, ალბათ, უკვე თავში ირტყამს ხელს, ნეტავ საერთოდ არ გვეთქვა მეორე დნმ-ის არსებობის შესახებო. სად არის ის მეორე დნმ-ი?

სამართალდამცველი სტრუქტურა ბავშვებითაა გავსებული. ისეთ სამხილს წარვადგენთ, რომ პროკურატურას მალე თავზე დაემხობა ეს საქმე.

- აქამდე რას ელოდებით?

- აქამდე არ მიმაჩნდა საჭიროდ. როცა პროკურატურა ჩათვლის, მყარად ვდგავარ ფეხზეო, აი, მაშინ გავამხელ. ჯერ თავს ვიკავებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რომ არ დაზარალდეს.

სამმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბიოლოგიური კონტაქტის შედეგად დნმ-ის მიკრონაწილაკების გადატანა ერთი ობიექტიდან მეორეზე თავისუფლად შეიძლება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გამოძიებამ დნმ-ის ანალიზი თავიდანვე გააყალბა.

სოსანაშვილი რომ 18 იანვარს ექვს საათზე ყარაფილაში ნახეს, ესეც აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მან დედაქალაქი დაახლოებით რვას რომ ოცი წუთი აკლდა, მაშინ დატოვა (გვაქვს ბანკომატიდან ამოღებული ქვითრები და სხვა დეტალები).

- სასამართლოზე მოწმეებმა სოსანაშვილის მიერ წარსულში ჩადენილ სისასტიკეებზე ისაუბრეს.

- გია სოსანაშვილმა 15 წლის წინ როგორ მოაგლიჯა მტრედს თავი, ეს რა შუაში იყო ამ საქმესთან? ესენი პროკურორები კი არა, მეყვავილეები არიან, ზემდგომს თუ არ ჰკითხეს, ისე ვერაფერს წყვეტენ.

ციალა შანავა, იური ვაზაგაშვილის ქვრივი:

- თუ იმას აცხადებენ, რომ მეორე დნმ-ის პატრონი იძებნება, რატომ იმას არ ამბობენ, ვინ არის გაქცეული?

ასი პროცენტით ვიცი, სოსანაშვილს შემკვეთი რომ ჰყავდა და მარტო არ მოქმედებდა. გამოძიება თუ იმას იტყვის, რომ დანაშაული პირადი მოტივით მოხდა, მაშინ კარგად ყოფილა საქმე. თავიდან ცხელ გულზე კი ვთქვი, ფირცხალავა იყო დამკვეთი-მეთქი, რადგან ის იყო იურას დაუძინებელი მტერი, მაგრამ ახლა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, დამკვეთზე ხელაღებით ვერაფერს ვამბობ.  სოსანაშვილი თუ 7 თვის განმავლობაში ვერ გამოტეხეს, ვინ ჩაადენინა მკვლელობა, კარგად გვქონია საქმე.

გაგი მოსიაშვილი, ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი:

- მიზანშეუწონელია ამ ეტაპზე გასაჯაროება, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

- კულუარული ინფორმაციით, ფალიაზე მეორე დნმ-იც ყოფილ პოლიციელს ეკუთვნის. ვისზე აქვს ეჭვი გამოძიებას?

- ფალიაზე აღმოჩენილია ორი დნმ-ი, რომელთაგან ერთი სოსანაშვილს ეკუთვნის. მეორე პირის დნმ-ს რაც შეეხება, მისი კუთვნილობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. შესაძლოა, თანამონაწილეებზე ეჭვები არსებობდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, გარკვეული მტკიცებულებები ჯერ მოძიების პროცესშია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ტარდება. გამოძიების ობიექტურობას საფრთხე რომ არ დაემუქროს, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- მაინც რამდენ პირზეა საუბარი?

- იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა ორგანიზებულმა ჯგუფმა. რამდენ პირზეა საუბარი, ამის თქმისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ, სავარაუდოდ, ამ პირთა წრეს მალე აიყვანენ. თავიდანვე  არ გამოვრიცხავდით სოსანაშვილთან ერთად დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას.

- დანაშაულში ირაკლი ფირცხალავას სავარაუდო მონაწილეობის საკითხი მართლა გამორიცხა გამოძიებამ?

- ვფიქრობ, გამოძიება დამკვეთებამდე აუცილებლად მივა. გამოძიებას არ გამოურიცხავს და არც დაუდასტურებია საქმეში ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობა, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

ნანა ფიცხელაური