"შემთხვევით დედაშენისთვის და მამაშენისთვის ხომ არ გითქვამს რამე"... რატომ მოკლეს 19 წლის დათო ხარაზიშვილი - კვირის პალიტრა

"შემთხვევით დედაშენისთვის და მამაშენისთვის ხომ არ გითქვამს რამე"... რატომ მოკლეს 19 წლის დათო ხარაზიშვილი

"ჩემი შვილის სისხლის კვალი აღმოჩნდა კახას სვიტრზეც და შარვლის ტოტზეც და კიდევ იმას ამტკიცებენ, მკვლელობა მას არ ჩაუდენიაო?"

"დათო წინ იჯდა, მანქანა მარჯვენასაჭიანია, მკვლელი კი ცაციაა და მარცხენა მხარეს ჩაარტყა დანა, რამაც გული გაუგლიჯა. დათო იმავე მდგომარეობაში იპოვეს, როგორც იჯდა, საჭეს ხელი ძლივს გააშვებინეს"

21 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ კახა ფ.-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ნათიამ "ფეისბუკის" საშუალებით ბიჭს მესიჯი მისწერა და შეხვედრა დაუთქვა. ხარაზიშვილი შინიდან ავტომანქანით გავიდა, მას გოგონას მამა, ბიძა და ბაბუა დაედევნენ და ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მამამ სასიკვდილოდ დაჭრა. დათო ხარაზიშვილი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

მკვლელობის მიზეზად შურისძიება დასახელდა. დაცვის მხარის მტკიცებით, ხარაზიშვილმა გოგონა გააუპატიურა, მათ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროეს, თუმცა, ჯერჯერობით, გამოძიებას არ დაუდგენია, მართლა იყო თუ არა სქესობრივი ძალადობა.

ირმა ბრელიძე, კახა ფ.-ს ადვოკატი:

- 15 დეკემბერს ნათიამ დედას გაუმხილა ძალადობის ამბავი, მალე ეს მამამაც გაიგო და მამამ და ბაბუამ ხარაზიშვილს შინ მიაკითხეს. დათო "ფეისბუკში" სწერს ნათიას: "შემთხვევით დედაშენისთვის და მამაშენისთვის ხომ არ გითქვამს რამე, ზოგადად რამე, იმენნა ის ხომ არა, ჩვენზე? დღეს დილით ორი კაცი დახვდა ჩემს მეზობელს სადარბაზოსთან და მეძებდნენ, მერე კაკუნით ჩამოიღეს კარი. ერთადერთი აზრი, რაც თავში მომდის, ეს კლიაოზნიკი მამაშენია". ხარაზიშვილი იმავე დღეს სწერს მეგობარ კობას: "მეძინა და ორი სომეხი კაცი ამოვიდა, ჩამოიღეს კარი, ვიღაც დამდევს მოსაკლავად, იმენნა მე მეძებენ, მგონი, ნათიამ უთხრა მამამისს რაღაც. ოკ, დავრეკავ, მანამდე თუ არ მომკლა ვინმემ".

ბიჭი ორი კვირა შინიდან არ გასულა და ყველას სწერს, რომ მოსაკლავად დასდევენ. მეგობარი ნია სწერს დათოს:""დაგერხა, ცუნცულ, უეჭველი, აწ უკვე არაქალიშვილმა მამამისს უთხრა, ქალიშვილობა დათოსთან დავკარგეო" და სმაილებს უგზავნის. რაზეც დათო პასუხობს:""შენ იცინე და მე სულ ქალიშვილებთან მაქვს სექსი და ყველაზე რეალური ვარიანტი ეგ არი".

მეგობრებიდან დაჰკითხეს სოფო, რომელმაც არ უარყო, რომ ნათიამ 1-ელ დეკემბერს (ანუ მანამ, სანამ გოგონა დედას გაენდობოდა) მას უამბო, რომ ხარაზიშვილმა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. გააუპატიურა თუ ნებით მოხდა ეს, გამოძიებას უნდა დაედგინა. ნებითაც თუ იყო, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება, თანაც გაუკუღმართებული (გოგონას უკანა ტანზე აღმოაჩნდა დაზიანება), დასჯადია. როგორც ნათია ამბობს, 1-ელ დეკემბერს დავით ხარაზიშვილმა საკუთარ სახლში ფოტოების გადასაღებად აიყვანა და იარაღის მუქარით იხმარა ძალა. მისი მანქანიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს ე. წ. იარაღი - ის ნამდვილი იარაღის იდენტური სანთებელა აღმოჩნდა.

საქმეში არსებობს ერთადერთი, 16 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია: საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 2 კვირაზე მეტი. გოგონას უკანა ტანის არეში აღენიშნება მორუხო-მოთეთრო უსწორმასწორო ნაწიბურები, რაც მიყენებული უნდა იყოს მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით.

- რატომ იმავე დღეს არ განაცხადა ეს ნათიამ?

- ეს კითხვა პროკურორმაც დაუსვა, რაზეც გოგონამ უპასუხა,"დათო იარაღით დამემუქრა, დედაშენს თუ ეტყვი, მასაც იმავეს ვუზამო. როცა ნათია მეორედ ასულა დასალაპარაკებლად, ბიჭს კიდევ უცდია მასთან კავშირის დამყარება, მაგრამ, როგორც ნათია ამბობს, ვტიროდი და ხელი აღარ მახლოო.

ნათიამ დათო სოფოსგან გაიცნო. სოფოს უთქვამს, დათო ფოტოებს გადაგიღებს, რაც ფოტომოდელის კარიერის გაკეთებაში დაგეხმარებაო. როცა ხარაზიშვილმა პირველად დაიბარა ნათია, ნათიას ბიჭი მარტო დახვედრია და პორნოსაიტის ფოტოები დაუთვალიერებინებია. გოგონას წასვლა დაუპირებია, მაგრამ ბიჭს აღარ გამოუშვია.

- ნათიას მამამ აღიარა დანაშაული, შემდგომ კი უარყო.

- კახა პერიოდულად ფსიქიატრიულში მკურნალობდა. ამბობს, მცემდნენ და ისე მომაწერინეს ხელი, არ წამიკითხავს, რა ჩაწერეს ოქმშიო. არც მკვლელობის იარაღია ამოღებული. ერთადერთი, რაც აქვთ, არის დისკი, რომელზეც კახას სატელეფონო საუბრებია მის მეორე ცოლთან ფარულად ჩაწერილი. კახა ეუბნება, ის ნაბიჭვარი ვნახე და დავჭერიო. ამ ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე არ არის დადგენილი. დათოს დანა უკნიდან აქვს დარტყმული. კახა უკანა სავარძელზე იჯდა, დათო მისკენ იყო მიბრუნებული. ბიჭი ყვიროდა, დაგჭრით, თქვენი სომეხი დედაო. კახა ამბობს, დანა მომიტანა სახესთან და ხელი გადავუტრიალე, მერე აღარ მახსოვს, რა მოხდაო.

ხათუნა ელიზბარაშვილი, დავით ხარაზიშვილის დედა: - ჩემს შვილსა და ნათიას შორის არასოდეს ყოფილა სქესობრივი კავშირი. მეორე მხარე ამტკიცებს, რომ დათომ ძალა იხმარა, რომ გოგონას ჰქონდა დაზიანებები. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, აპკი არ არის მთელი, მაგრამ ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებაო. ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ უკანა ტანის დაზიანება შესაძლებელია ყაბზობით ყოფილიყო გამოწვეული.

ექსპერტიზამ ვერც სპერმა აღმოაჩინა. ნათიამ სასამართლოზე ისიც კი ვერ ახსნა, ლიფტიდან რომელი კარი იყო ჩვენი, თან ამბობს, დათომ ორჯერ ამიყვანა თავისთანო.

მკვლელი კარგად აცნობიერებდა, რასაც აკეთებდა. დათო წინ იჯდა, მანქანა მარჯვენასაჭიანია, ეს კი ცაციაა და მარცხენა მხარეს ჩაარტყა დანა, რამაც ფილტვი, აორტა და გული გაუგლიჯა. დათო იმავე მდგომარეობაში იპოვეს, როგორც იჯდა, საჭეს ხელი ძლივს გააშვებინეს.

ეგენი "ფეისბუკში" იმას კითხულობენ, რაც აწყობთ. რატომ ის არ ამოიკითხეს, დათო ნიას რომ სწერდა: "არავისთვის არაფერი მიწყენინებია ისეთი, კაცები რომ დამადგნენო".

ნათიას მამამისი ძალიან ცუდად ჰყავდა დახასიათებული. დათომ თქვა, დანით დასდევდა ცოლ-შვილს, ამიტომ დაშორებულანო.

ჩემი შვილი ჯერ გაცივებულიც არ იყო, გოგომ ინსტაგრამზე ფოტოები დაყარა, თავს იწონებდა, თაყვანისმცემლებს საჩუქრები მოაქვთო.

ჩემი შვილი პანიკაში რომ ყოფილიყო, იმ ავადსახსენებელ დღეს თან მეგობრებს მაინც წაიყვანდა და არა სოფოს, რომელიც შეხვედრის შემდეგ ნათიას თხოვნით სახლთან ჩამოსვა. მკვლელობა ნათიას კორპუსთან მოხდა. ჩემი შვილის სისხლის კვალი აღმოჩნდა კახას სვიტრზეც და შარვლის ტოტზეც და კიდევ იმას ამტკიცებენ, მკვლელობა მას არ ჩაუდენიაო?

ნანა ფიცხელაური