"შავი ქვრივის" შურისძიება - კვირის პალიტრა

"შავი ქვრივის" შურისძიება

"უმჯობესია არაფერი ვაკეთო ციხეში, ვიდრე ვიყო თავისუფალი და ვიმუშაო"

1995 წლის მარტის იმ საბედისწერო დღეს მაურიციო გუჩი თავის მილანურ პატარა ოფისში ჩვეულ დროს მივიდა. სადარბაზოში შესულს ზურგში 4 ტყვია ესროლეს. მაურიციო გუჩის სიკვდილმა ჯანი ვერსაჩეს მკვლელობაზე არანაკლები რეზონანსი გამოიწვია.

მაურიციო 34 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მამა და ბიძამისი თვლიდნენ, რომ მას საქმის მართვის უნარი არ გააჩნდა და ამიტომ მაურიციომ როგორც კი მემკვიდრეობა მიიღო, პირველი, რაც მოიმოქმედა, ბიძა, ალდო გუჩი, 7 მლნ დოლარის გადაუხდელობისთვის აშშ-ის საგადასახადო პოლიციაში დაასმინა. ალდო ციხეში აღმოჩნდა.

არასწორი მმართველობის გამო, 10 წელზე ნაკლებ დროში წარმატებული კომპანია გაკოტრების პირას მივიდა. ალდო გუჩის შვილიშვილებმა: რობერტო, პაოლომ და ჯორჯომ თავიანთი კაპიტალის გადასარჩენად 1989 წელს აქციები ბაჰრეინის საფინანსო კომპანია Investcorp-ს მიჰყიდეს. ახალი თანამფლობელები ხისტი ბიზნესმენები აღმოჩნდნენ, მათ მთავარი ეკონომიკური დირექტორის პოსტზე ცნობილი დომენიკო დელ სოლე მიიწვიეს, დელ სოლემ კი მთავარ დიზაინერად ტომ ფორდი დანიშნა. 1993 წელს ახალმა თანამფლობელებმა მაურიციო გუჩი აიძულეს, გაეყიდა აქციების თავისი წილი, მას შემდეგ გუჩის ოჯახს ბრენდ GUCCI-სთან აღარაფერი აკავშირებს.

თავისი ოფისის სადარბაზოში შესულ მაურიციო გუჩის ზურგში 4 ტყვია ესროლეს ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო. დამკვეთისა და შემსრულებლის კვალს ბევრი მაფიის რიგებში ეძებდა. მაურიციო გუჩის შვეიცარიაში კაზინოს გახსნა ჰქონდა დაგეგმილი. ვარაუდობდნენ, რომ ამ გზით მაფია ფულის გათეთრებას აპირებდა. მერე რაღაცაზე ვერ მორიგდნენ და მაფიამ გუჩი "გაასაღა".

არსებობდა მკვლელობის მეორე ვერსიაც: მკვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე მაურიციომ ცოლ-შვილი მიატოვა. ალიმენტად დანიშნული 860 ათასი დოლარი წელიწადში ყოფილმა ცოლმა უბადრუკ თანხად მიიჩნია: "ეს ფული მხოლოდ ერთი თეფში ოსპის წვნიანისთვის თუ მეყოფა! სიკვდილს ვუსურვებ! რამდენ წელიწადს მომისჯიან, თუ მოვკლავ?""- ეკითხებოდა ის თავის ადვოკატს.

22 წლისაც არ იყო პატრიცია რეჯანი მარტინელი, როდესაც მაურიციო გუჩი გაიცნო. "ლიზ ტეილორი" - ახლობელთა წრეში ასე ეძახდნენ მომხიბლავ პატრიციას ტეილორის მსგავსი იისფერი თვალებისა და აღნაგობის გამო. პატრიციას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: "მირჩევნია "როლს-როისში" ვიტირო, ვიდრე ველოსიპედზე ამხედრებული დავტკბე ცხოვრებით". არადა, მაურიციო გუჩის გაცნობამდე, მომავალ სინიორას გროშიც კი არ ებადა.

მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც პატრიცია უკვე 50 წლის იყო, მაურიციომ ცოლზე ბევრად ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა. სხვათა შორის, წელიწადში "უბადრუკ" 860 ათას დოლართან ერთად, მაურიციომ ყოფილ ცოლს მილანში ბინა, სახლები ნიუ-იორკსა და სენტ-მორიცში და იახტა დაუტოვა.

ყველაზე ძვირად ღირებული იახტის მფლობელი კი პაოლა ფრანჩინი გახდა -მაურიციოს საყვარელი ხმელთაშუა ზღვის ტალღებს ულამაზესი იახტა "კრეოლით" მიაპობდა. მაურიციომ იახტა ბერძენი გემთმფლობელის, მილიარდერ სტავროს ნიახროსისგან შეიძინა. ყველაზე მეტად პატრიციას ის ადარდებდა, რომ მაურიციო პაოლა ფრანჩინის ცოლად შერთვას აპირებდა, ეს კი გავლენას იქონიებდა შვილების მემკვიდრეობის უფლებებზე. და მხოლოდ 2 წლის შემდეგ, ნარკომომმარაგებლების ფარული ჩანაწერის გაშიფვრისას, აღმოაჩინეს ვინმე ორაციო ჩიკალო, რომელიც პატრიციასგან მკვლელობისთვის დამატებით თანხას ითხოვდა. პატრიციას დღიურში ყოფილი ქმრის მკვლელობის დღეს დაწერილი ერთადერთი სიტყვა ამოიკითხეს: "სამოთხე".

მაურიციომ როგორც კი მემკვიდრეობა მიიღო, პირველი, რაც მოიმოქმედა, ბიძა, ალდო გუჩი, 7 მლნ დოლარის გადაუხდელობისთვის აშშ-ის საგადასახადო პოლიციაში დაასმინა. ალდო ციხეში აღმოჩნდა როდესაც კარაბინერები პატრიციას დასაპატიმრებლად მივიდნენ, პოლიციის მანქანასთან ის უძვირფასესი ბეწვის ქურქითა და ძვირფასეულობით დამშვენებული გამოვიდა. გამოძიება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში "შავი ქვრივის" ინტერესებს ქვეყნის 6 საუკეთესო ადვოკატი იცავდა. სამედიცინო ექსპერტები მთავარი ეჭვმიტანილის არაადეკვატურ საქციელზე მიუთითებდნენ -ამას 1992 წელს გადატანილი თავის ტვინზე მძიმე ოპერაციის შედეგებით ხსნიდნენ.

მკვლელობის უშუალო შემსრულებელს, ორაციო ჩიკალოს, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთივე განაჩენს ითხოვდა პროკურორი "შავი ქვრივისთვისაც", თუმცა მას მხოლოდ 29 წელი შეუფარდეს. 29 წელს გაატარებს ციხეში მწვანე "რენოს" მძღოლი ბენედეტო ჩერაულე, რომელიც კილერს დანაშაულის ადგილიდან გაქცევაში დაეხმარა. 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯუზეპინა აურიემას, პატრიციას პირად ასტროლოგს, რომლის თავშიც ეს მზაკვრული გეგმა დაიბადა. პატრიცია რეჯანი მარტინელიმ საწადელს მაინც მიაღწია - მაურიციო გუჩის ქონების მემკვიდრეები მათი შვილები: ალეგრა და ალესანდრა გახდნენ.

"სან-ვიტორეს" ციხეში გატარებული 5 წლის შემდეგ, პატრიციამ საკანში თვითმკვლელობა სცადა, ამ მიზეზს ჩაბღაუჭებულმა ადვოკატებმა სასამართლოს დარწმუნება სცადეს, განაჩენი შინაპატიმრობით შეეცვალათ, მაგრამ მიუხედავად უამრავი აპელაციისა, საქმე ადგილიდან ვერ დაიძრა. თუმცა გაჩნდა საზარელი ოჯახური ლეგენდა, რომელსაც "მაურიციოს წყევლა""უწოდეს. ამბობდნენ, ვინც შეეცდება "შავი ქვრივის" საქმის დოკუმენტების გაცნობას, უცნაურ დაავადებას ვერ აიცილებს თავიდანო. გამონაყარმა სახესა და კისერზე, ასევე ღებინების შეგრძნებამ, უამრავ ადვოკატს ათქმევინა უარი პატრიციას დაცვაზე. ექსპერტების მტკიცებით, ეს უცნაური სიმპტომები მიკრობების ბრალია, რომლებიც რომის უზენაეს სასამართლოში დიდი ხნის განმავლობაში შენახულ დოკუმენტებზე გავრცელდა.

რამდენიმე ხნის წინ პატრიცია რეჯანი მარტინელიმ უარი თქვა ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან გარიგება მის დასაქმებას ითვალისწინებს. პატრიციამ მოსამართლეებს განუცხადა, რომ სიცოცხლეში ერთი დღეც არ უმუშავია და არც ახლა აპირებს. მას კვირაში ერთხელ აქვს უფლება, ხანდაზმული დედა მოინახულოს. მარტინელი მზადაა, ციხეში 2026 წლამდე იჯდეს, ოღონდ არ იმუშაოს. ალბათ, "შავი ქვრივი" თავისი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით იმშვიდებს თავს:""უმჯობესია არაფერი ვაკეთო ციხეში, ვიდრე ვიყო თავისუფალი და ვიმუშაო".

როგორ იქმნებოდა GUCCI

იტალიური მოდის სახლის, "გუჩის" (GUCCI) ისტორია გასული საუკუნის დასაწყისიდან იწყება. კომპანიის დამაარსებელი გუჩიო გუჩი 1881 წელს ფლორენციაში დაიბადა. ჭაბუკობაში გაემგზავრა ლონდონში, სადაც სასტუმროში ლიფტიორად მუშაობდა. სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად, რომ ჩემოდანი და ჩანთა მოგზაურების განუყოფელი აქსესუარებია. 1921 წელს გუჩი იტალიაში დაბრუნდა და დაქორწინდა. მალე ლონდონში დაგროვილი ფულით ტყავის ჩემოდნების სახელოსნო გახსნა.

გუჩების ოჯახში 4 ბავშვი იზრდებოდა: ალდო, უგო, ვასკო და როდოლფო. 1933 წელს უფროსმა ვაჟმა, ალდომ, კომპანიისთვის საფირმო ნიშანი შექმნა: ორი ურთიერთგადაჯაჭვული G. 1937 წელს სახელოსნო სამკერვალო ფაბრიკად გადაკეთდა და დაიწყეს ქალის ჩანთების, ხელთათმანებისა და ჩემოდნების გამოშვება. 1938 წელს რომის პრესტიჟულ ქუჩაზე გუჩის ოჯახმა ბუტიკი გახსნა. შეკვეთებს უკვე თვით მუსოლინისგანაც კი იღებდნენ. 40-იან წლებში გუჩის მაღაზიები მთელ იტალიაში იყო. ალდო გუჩის დამსახურებით ფირმის ასორტიმენტს შეემატა გუჩის ლეგენდარული შარფები, ჰალსტუხები და მოგვიანებით საათებიც. 1953 წელს აშშ-შიც, მანჰეტენზე გაიხსნა გუჩის მაღაზია.

1953 წელს კომპანიის დამფუძნებელი გუჩიო გუჩი გარდაიცვალა და ეს ოჯახის ზეობის დასასრულისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ძმები დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ სასამართლოში, თუ ვის რა წილი ერგებოდა კომპანიიდან. გრძელვადიანი სასამართლო პროცესების შემდეგ აქციების 50% ალდო გუჩის ერგო.

პაოლო გუჩი, ალდოს შვილი, დაუსრულებლად უჩიოდა მამას. მიუხედავად მათი უთანხმოებისა, დაიწყო გუჩის ცნობილი ფეხსაცმელების, სუნამოების, საათებისა და ბეწვის პროდუქციის გამოშვება. შვეიცარიაში საიუველირო ნაკეთობათა კომპანია GUCCI Timepieces-ი გაიხსნა.

ამავე დროს არ ცხრებოდა ნათესავებს შორის საქმეების გარჩევა, 1982 წელს დირექტორების შეკრებაზე საქმე მუშტი-კრივამდეც კი მივიდა - პაოლოს მაშინ თავში საფერფლე ესროლეს და ის ფირმიდან წავიდა. 1983 წელს, გუჩიო გუჩის ერთ-ერთი ვაჟის, როდოლფოს სიკვდილის შემდეგ აქციები მისი შვილის, მაურიციოს ხელში გადავიდა. იგი ფირმის პრეზიდენტი გახდა.

1993 წელს მაურიციომ 100 მლნ დოლარად მიჰყიდა თავისი წილი კომპანია Investcorp-ს. მალე გუჩების ოჯახის არც ერთ წევრს აღარ დარჩა კომპანიაში წილი.