"3 თვის წინ ვაჰაბიტებმა კიდევ ერთი ბიჭი დაჭრეს ჩვენს სოფელში" - რა ხდება ფონიჭალაში?! - კვირის პალიტრა

"3 თვის წინ ვაჰაბიტებმა კიდევ ერთი ბიჭი დაჭრეს ჩვენს სოფელში" - რა ხდება ფონიჭალაში?!

"ალის ყველას ეშინია"

"სოფელში უამრავი ჩეჩენი და ინგუშია. წამალი ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოაქვთ, გამკითხავი კი არავინ არის"

წლის სპორტსმენის, ხელბურთელ უსალ ჰუსეინოვის მკვლელობამ საზოგადოება აღაშფოთა. მკვლელობა ფონიჭალაში, აზერბაიჯანელთა დასახლებაში მოხდა. გამოძიების ცნობით, უსალ ჰუსეინოვი თანატოლმა, ლაქო ქარიმოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მკვლელობას წინ უსწრებდა მათი მშობლების შელაპარაკება. მოსახლეობის თქმით, ფონიჭალაში, აზერბაიჯანელთა დასახლებაში, კრიმინოგენული ვითარება გართულებულია და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ.

გადავწყვიტეთ დასახლებაში მივსულიყავით და ადგილობრივებს გავსაუბრებოდით.

ემზარ ჰუსეინოვი, მოკლული უსალის მამა:

"მეზობლის ნათლობის სუფრა იყო გაშლილი. იქ ვიყავით ყველანი, მათ შორის ალი ქარიმოვიც. ალიმ სალაპარაკო მაქვს, შენს სახლში წავიდეთ, ჩაი დავლიოთო. ღამის პირველის ნახევარი იყო და ვუთხარი, მთვრალი ხარ და შინ წადი, ასე გვიან ვერ წაგიყვან-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა. ჩემი ძმის სახლში მივედით, მაგიდას მივუსხედით, რომ მისი შვილი ლაქო თავს დაგვადგა. ეტყობა, დარეკილი ჰქონდა. 8 თვის წინ ალიმ ჩემი უფროსი შვილი სასტიკად აცემინა თავის ბიჭებს, მაგრამ მაშინ არ ვუჩივლე. ამ თემაზე უნდოდა საუბარი. ამ დროს ჩემი უმცროსი შვილიც შემოგვიერთდა. უცებ ვიღაცამ ხელი დამარტყა და წავიქეცი, მერე ორი გასროლის ხმა გავიგონე, მკვლელმა ერთი ტყვია გულში ესროლა ჩემს შვილს, მეორე ჰაერში გაისროლა და გაიქცა."

ფონიჭალელები ამბობენ, რომ მკვლელობა "მაკაროვის" პისტოლეტით მოხდა და ეს იარაღი ბრალდებულის მამის სახელზეა რეგისტრირებული. ალი ქარიმოვს მოსახლეობა უამრავ ბრალდებას უყენებს.

"ამ დასახლებაში 6000 კომლი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. სასაფლაო გაივსო და მიცვალებულის დასამარხი ადგილები აღარ გვაქვს. ალი ქარიმოვი ყველასთან ამბობდა, სასაფლაოსთვის მიწები უნდა ვიყიდოო და ამისთვის ფულს მოსახლეობაში აგროვებდა. ვისაც საშუალება ჰქონდა, აძლევდა. დიდი თანხა მოაგროვა, ბევრი ჩვენებური ვაჭრობს რუსეთში, იმათაც შეატყობინა, იქაც დიდი თანხა შეგროვდა, მაგრამ სასაფლაოსთვის ადგილის ყიდვის ნაცვლად, თურმე იარაღს ყიდულობდა. ამ კაცს ყველა თავს არიდებს, რადგან შარიანია, ყველას ეშინია მისი. იმ დღეს ლაქო ეუბნებოდა ემზარს, შენ არ იცი, ჩვენ ვინ ვართ. მორწმუნეები ვართ, ვაჰაბიტები, და ფული უნდა მოიტანოო. ემზარი შეჰკამათებია. ემზარის უმცროს ვაჟს, უსალს, უთქვამს, აქედან წადით ახლავეო და სახლიდან ყველანი ერთად გამოსულან. გარეთ მოხდა მკვლელობა. ვიღაც წვერებიანი ვაჰაბიტები მოვიდნენ და ლაქო მათთან ერთად გაიქცა. ვიდეოთვალმა ყველაფერი დააფიქსირა",

- ამბობს იქ მცხოვრები.

როგორც ფონიჭალელები ამბობენ, ალი ქარიმოვს კრიმინალური დაჯგუფება აქვს შექმნილი.

ადგილი, სადაც უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოკლეს 17 წლის ბიჭი. მკვლელობა მაღაზიაზე დამონტაჟებულმა კამერამაც დააფიქსირა

მაჰბურა ალიევა: "მიჭირს და თურქეთში დავდივარ, იქ მოხუცს ვუვლი. ალიმ შემოიკრიბა სოფლის ის ახალგაზრდები, რომელთა მშობლები სოფელში არ არიან. მათ შორის ჩემი შვილი, ზაურ მამედოვიც იყო. ყურანზე დააფიცა ყველანი, რომ მის გვერდით იქნებოდნენ. ალიმ ჩემი 19 წლის შვილი გაანარკომანა, 6 თვე წამალზე იჯდა, ახლა კი დაიჭირეს და ციხეშია. მითხრეს, ვიღაცამ ითანამშრომლა პოლიციასთან და მისი ჩვენების საფუძველზე დაიჭირეს შენი შვილიო, არადა, წამალი არ ჰქონია დაკავებისას.

ალის ვუთხარი, რატომ მიაჩვიე ჩემი შვილი წამალს-მეთქი. დამემუქრა, ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავ, შენს შვილსაც მოვაკვლევინებო.

ჩემს შვილს სულ ვეუბნებოდი, რა გინდა ალის ჯამაათში-მეთქი, მაგრამ მეუბნებოდა, იქ კარგიაო. დაკავებამდე ალიმ ორი აბი წამალი მისცა და უთხრა, ახლა ოთარასთან მიდი და ეს წამალი მის მანქანაში ჩადეო. უარი უთხრა ჩემმა შვილმა, რადგან ოთარა ჩვენი მეზობელია. ოთარამ ეს ამბავი გაიგო და ალი ჩემს შვილს ემუქრებოდა, შენ გააგებინეო. ამის გამო წააყვანინა ბიჭებს ტყე-პარკში ჩემი შვილი და მაგრად აცემინა. ამის მერე მოიშორა თავიდან, ციხეში ჩაასმევინა. ალი პირადად მე მემუქრება, შენც მოგკლავ და შენს შვილს კი ციხეში მოვაკვლევინებ, თუ სადმე ჩემს სახელს ახსენებო.

ჩემი ქმარი 85 წლის კაცია და ამბობს, ხმა არ ამოიღო, თორემ დაგვხოცავსო. ქართულად წერა არ ვიცი, მაგრამ მივალ სამინისტროში და ვიტყვი სიმართლეს. მარტო თქვენთან კი არ ვამბობ ამას".

ზიაფად ალიევა: "ჩემი ორი შვილიც ციხეშია ნარკოტიკის მოხმარებისთვის. ალიმ მოატყუა ბიჭები. ამბობდა, გაჭირვებულ ხალხს დავეხმაროთ, სასაფლაო გავაკეთოთო. ახალგაზრდები ნარკოტიკს მიაჩვია. ალის არ მეშინია, ყველაფერს ვიტყვი".

ელიმხან აჰმედოვი: "აქ ბევრი ვაჰაბიტია. ესენი ხომ ტერორისტები არიან. მსგავსი დანაშაულები შევარდნაძის დროს ხდებოდა: ქორწილებში სროლა, ადამიანის დაჭრა, ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა. ახლა ძველი დრო დაბრუნდა. იარაღი გინდა, ტყვია თუ წამალი, ყველაფერი არის ამ დასახლებაში. ეს სოფელი პატარა კოლუმბიაა. უპატრონობაა, ბავშვებიც კი იარაღით დადიან ქუჩაში.

დეპუტატებს არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ ვხედავთ. ბიჭის მკვლელობის მერე აქცია გავმართეთ და მაშინ მოვიდა ჩვენი დეპუტატი შოთა ხაბარელი. ვკითხეთ, ერთხელ რატომ არ მოხვედი არჩევნების შემდეგო, დაგვპირდა, მივხედავთ ამ საქმესო. როდის მიხედავენ?

ერთი ალისთვის ვერ მოუვლიათ ჯერ. ვინჩესტერიც აქვს და "მაკაროვიც", ახალგაზრდებს იყენებს. სოფელში უამრავი ჩეჩენი და ინგუშია. წამალი ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოაქვთ. გამკითხავი კი არავინ არის.

ალიც ვაჰაბიტია და მისი შვილიც, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ ამბობენ. ალიმ ცოტა ხნის წინ ვიღაც გაჩიანელი ბიჭიც მაგრად აცემინა, იმიტომ, რომ აქაური გოგო უყვარდა. იჩივლა, მაგრამ არავინ დაუჭერია პოლიციას".

ზიაფად ალიევა: "ალის ყველას ეშინია, ჩვენი კაცები ხმას ვერ იღებენ. მე მარტო ღმერთის მეშინია და სადაც გინდათ, იქ მოვალ და ვილაპარაკებ. რატომ არ ახდენს რეაგირებას პოლიცია? 3 თვის წინ ვაჰაბიტებმა კიდევ ერთი ბიჭი დაჭრეს ჩვენს სოფელში, არც ეს საქმე გამოუძიებია პოლიციას. მისი ოჯახიც გაჩუმებულია, ეშინიათ. ქარიმოვების მთელი ოჯახი ბოროტმოქმედია. ალის უფროსმა შვილმა დედამისი და მძღოლი დახოცა როსტოვში და ამისთვის არ დასჯილა. ის ქალი იქ ბაზარში ვაჭრობდა და შვილებს ფულს უგზავნიდა. ალიმ ბიჭი გაგზავნა მის ჩამოსაყვანად, მაგრამ ქალის ძმებმა არ გამოუშვეს. მერე მოკლა შვილმა და მისი ფული და ოქრო მიისაკუთრა. დედის მკვლელობის მერე სოფელში ჩამოვიდა და იარაღით დადიოდა. მერე წითელ ხიდთან აზერბაიჯანელი კაცი მოკლა. ის კაცი აზერბაიჯანიდან ჩამოდიოდა საქართველოში, ალის ვალუტის ჯიხურში ახურდავებდა ფულს. ერთ დღეს დიდი ფულით მიდიოდა უკან, ალის უფროსი შვილი დახვდა და მოკლა. ახლა ციხეშია მისი უფროსი შვილიც, უმცროსმა კიდევ ეს უდანაშაულო ბიჭი მოკლა. შვილებთან ერთად ალიც უნდა იჯდეს ციხეში".

სოფლის მოლა ბალაბექ მამედოვიც ადასტურებს სოფელში ვაჰაბიტების ყოფნას: - ჩვენს სოფელში თითქმის ნახევარი სოფელი ვაჰაბიტია.

- ამბობენ, რომ ნარკოტიკიც თავისუფლად იყიდება დასახლებაში.

- თქვენ თვითონ არ იცით, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდება? ყველამ იცის ეს.

ფონიჭალის მოსახლეობა ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. ამბობენ, ბოლო წლებში არაფრის გვეშინოდა, ახლა შიშში ვცხოვრობთო. უსალ ჰუსეინოვის მკვლელობის შემდეგ რამდენიმე დღე სამართალდამცავები იცავდნენ ქარიმოვების სახლს, ეშინოდათ, მოსახლეობას არ გადაეწვა.

ჩვენ ალი ქარიმოვსაც დავუკავშირდით, მაგრამ მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ალი ქარიმოვი:

- იმ დღეს ძალიან მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს. არც ის ვიცი, იქ ვინ დამარტყა. სახლში რომ მოვედი, მერე მოვედი აზრზე.

- თურმე 8 თვის წინ მოკლულის ძმა აცემინეთ.

- ტყუილია, ბავშვს როგორ ვაცემინებდი? არავითარი დაპირისპირება ჩემს შვილს მოკლულთან არ ჰქონია. მთავრობას ვუთხარი, რაც იყო და გაარკვევს მტყუან-მართალს.

- ამბობენ, სოფელში დაჯგუფება აქვს შექმნილიო, რომ ხალხში ფულს აგროვებთ, მაჰბურა ალიევასაც ემუქრებით, ამბობს, რომ მისი შვილი წამალზე დამოკიდებული თქვენ გახადეთ.

- რა დაჯგუფება უნდა მქონდეს? მე ერთი მშრომელი კაცი ვარ და რა უნდათ, რას გადამეკიდნენ?! მთავრობამ ყველაფერი კარგად იცის და მას მივანდოთ ეს საქმე.

- მაშინ იქნებ თქვენი ოჯახის ადვოკატის ნომერი მითხრათ, მას დავუკავშირდები.

- ჩემი შვილისთვის ჯერ ადვოკატიც არ ამიყვანია.

იმედია, სამართალდამცავები დაინტერესდებიან მოსახლეობის პრობლემებით, მკვლელობის საქმის გამოძიება კი გრძელდება.

თეა ხურცილავა