"ქალს კაცი შეუყვარდა და დააშავა ამით რამე?"- ორმაგი მკვლელობით დასრულებული საქმის გარჩევა
14-09-2015
"ქალს კაცი შეუყვარდა და დააშავა ამით რამე?"- ორმაგი მკვლელობით დასრულებული საქმის გარჩევა
ახალგაზრდებს შორის გარჩევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მსუბუქად დაიჭრა. მამუკა შეროზიამ დანით დაჭრა მამუკა ართმელიძე, ხოლო სასიკვდილოდ - რაულ მუკუტაძე. მათმა თანმხლებმა პირმა მამუკა გ.-მ კი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შეროზიას

10 სექტემბერს, დაახლო­ებით ღამის 2 საათზე, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, გარჩევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი მსუბუქად დაიჭრა. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის მამუკა შეროზიამ ურთიერთშელაპარაკებისას დანით დაჭრა 35 წლის მამუკა ართმელიძე, ხოლო სასიკვდილოდ - 25 წლის რაულ
მუკუტაძე. მათმა თანმხლებმა პირმა მამუკა გ.-მ კი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შეროზიას. მუკუტაძე და შეროზია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპნენ, მკვლელი კი მიიმალა. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა
ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი, დანა, ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს­ დანაშაულს.

თვითმხილველთა თქმით, ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, მსუბუქად დაჭრილი ჩაქველი მამუკა ართმელიძე იმავე დღეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცველებს ჩაჰბარდა.

ლ.ს., ბენზეს დასახლების მკვიდრი: - ღამის 2 საათი იყო. ჯერ ჩხუბის ხმა გავიგონე, შემდეგ კი გასროლის. როგორც გავიგე, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ქალის გამო მომხდარა. საქმის გარჩევას ორივე მხარის მეგობრები ემსხვერპლნენ.
ერთ-ერთი მოკლული, მამუკა შეროზია, სენაკელია, ბათუმში დეიდასთან სტუმრად იყო. 10 სექტემბრის ღამეს მეგობარს გაჰყოლია დასახმარებლად. მამუკა გარდაბნის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის მორჩილი ყოფილა.

მარინა უგულავა, ტაძრის მრევლი: - მამუკა (ეკლესიურად - ანდრია) სოფელ ვახტანგისში, წმინდა ნიკოლოზის მონასტერში მორჩილი იყო. ერთხანს მოძღვარს კაბის გახდა სთხოვა და გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. ბიჭი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, მან მეგობრისთვის გაწირა თავი. ანდრიას არასოდეს არავისთან ჰქონია პრობლემა. დარწმუნებული ვარ, არავინ მოუკლავს. წლების წინ მამა ნეოფიტესთან ერთად აშენებდა მონასტერს. აზერბაიჯანელებიც კი დაიმეგობრა და ჩართული ჰყავდა სამონასტრო მშენებლობაში. ანდრია დიდი ტკივილია ჩვენთვის...

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაჭრილი მამუკა ართმელიძის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, შემდეგი გვიამბო:
- გარდაცვლილი რაულ მუკუტაძე მამუკა ართმელიძის ნათესავია. ლტოლვილებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ქალის გამო მოხდა. მამუკას ჰყავს და - მანანა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი უფროსი გოგონა გათხოვილია და შვილს ელოდება. მანანა პირველ ქმარს გაშორებულია. მანანასა და ზაზას ერთმანეთი შეუყვარდათ. ამის გამო მშობლები განუდგნენ ზაზას, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ზაზას ქორწინება. არადა, მანანა ძალიან კარგი ადამიანია, ყველა დადებითად ახასიათებს. ის ბათუმში, დევნილების დასახლებაში ცხოვრობდა ზაზასთან ერთად. მანანას შეუყვარდა ის კაცი და რა ქნას, ამით რა დააშავა?

იმ ღამით მამუკასა და მის მეგობრებს მოუვიდათ უსიამოვნება ზაზას ძმაკაცებთან - დევნილებსა და ადგილობრივებს­ შორის მოხდა საქმის გარჩევა. ერთი გარდაცვლილი ზაზას მეგობარია, მეორე - მამუკასი. საქმის გარჩევაში ორივე მხრიდან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ზაზა იმ საღამოს არ იყო ბათუმში, თორემ, ალბათ, ისიც შემთხვევის ადგილას იქნებოდა.

ნანა ფიცხელაური
Temur mikeladze
06 ოქტომბერი 2015 13:13
გაავსეს ეკლესია ისეთი ხალხით ვისაც ქურდული მენტალობის გამო ციხეში წასვლა არ უნდოდა
გმირი ყოფილა თურმე დანით ხელში ხალხს რომ ხოცავდა, დაიწყებენ კიდე იმ ისლამისტებზე უკეთესი ვართო
Tamo
15 სექტემბერი 2015 15:12
რა გინდათ ხალხო,გარდაცვლილი იყო დედის ერთდერთი შვილი და უნდოდა ბერობა,წაიკითხეთ წესიერად,არ შეგიძლიათ? მაშინვე ცუდს რატომ ეძებთ რელიგიაში.
gago
15 სექტემბერი 2015 12:27
რელიგია და პატრიოტიზმი ხელშეუხებლობის მანტიაა სულიერად და ხორციელად დაცემულთათვის.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები