"ვწუხვართ, რომ მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მაგრამ მას იქ არ დავასაფლავებინებთ" - სკანდალური დავა
14-09-2015
"ვწუხვართ, რომ მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მაგრამ მას იქ არ დავასაფლავებინებთ" - სკანდალური დავა
"ნუცუბიძის პლატოზე სასაფლაოზე მისულ ოჯახის წევრებს საფლავზე მიკრული დახვდათ ფურცელი, სადაც მითითებული იყო, რომ ჭირისუფალს სასწრაფოდ დაერეკა ამ ნომერზე"

თბილისის საქალაქო სასამართლოში უპრეცედენტო დავა განიხილება: ელისაბედ კიკნაძე ვერის სასაფლაოდან 16 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ამოსვენებას მოითხოვს. ირწმუნება, რომ ტერიტორია, სადაც მზია წერეთელია დაკრძალული, მის წინაპრებს ეკუთვნით. საჩივარზე შესაგებელი სასამართლოში მოპასუხემაც შეიტანა, ამასობაში სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოულოდნელად მზია წერეთლის მეუღლე გარდაიცვალა, მომჩივანი კი შვილებს დედის გვერდით მამის დაკრძალვის უფლებას არ აძლევს.

გიორგი თითბერიძე, ადვოკატი:


"მომჩივანი ელისაბედ კიკნაძე ირწმუნება, რომ მისი წინაპარი ვერის სასაფლაოზე 1930 წელს, ერთ-ერთ სამარხშია დაკრძალული და 2015 წელს შეიტყო, რომ ამ საფლავშივე დაუკრძალავთ­ მზია წერეთელი. არადა, ქალბატონი მზია 1999 წელს დაკრძალეს. 16 წელია დგას დაფაც შესაბამისი წარწერით. კიკნაძე კი გაიძახის, ახლა გავიგე, რომ
იქ სხვა დაუკრძალავთო. წლებია, იქ დაკრძალულია მზია წერეთლის ძმა, ჯონდო წერეთელი, რომელიც ომში დაიღუპა და 1942 წელს დაკრძალეს. და და დისშვილები უვლიდნენ ჯონდოს საფლავს. ვერის სასაფლაო წლების მანძილზე დაკეტილი იყო, მერე გაიხსნა. როცა მზია გარდაიცვალა, ის ძმის გვერდით დაკრძალეს. ახლა მზიას მეუღლე გარდაიცვალა და მოსარჩელე ხელს უშლის ოჯახს საფლავის გათხრაში.

"ჰერმესს" უნდა გაეწია ოჯახისთვის მომსახურება, გამოიწერა ინვოისი, თანხის გადასახდელად რომ მივიდა მზიას შვილი, დაურეკეს "ჰერმესიდან" და უთხრეს, ფული არ გადაიხადოთ, საქმე სასამართლოში ყოფილაო. არადა, ტერიტორია დაყადაღებული არ არის, სასამართლოს არ შეუჩერებია სასაფლაოს გამოყენების უფლება.

რა ქნას ჭირისუფალმა, მიცვალებულზე იფიქროს თუ ამ ქალს ედავოს? პატრულის გამოძახებას ვაპირებთ, რომ ამ გზით მოვახერხოთ საფლავის გაჭრა და მიცვალებულის დაკრძალვა.

სხვათა შორის, საფლავზე არ არის იმის მანიშნებელი დაფა, რომ იქ მომჩივნის ახლობელია დაკრძალული. ჩანს, მან მოგვარის საფლავი ნახა და ცდილობს მისი საფლავის მითვისებას. ნათესაური კავშირი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არის, უბრალოდ, მოგვარეები არიან".

ელისაბედ კიკნაძე:
"იმ სამარხში ჩვენი ორი მიცვალებული წევს: ბაბუაჩემი და ბაბუის დეიდა, ელისაბედ წერეთელი. ორი წლის წინ მივედით მზია წერეთლის ოჯახში, ვითხოვდით, ამოგვესვენებინა ჩვენი მიცვალებული. ელისაბედ წერეთელს ბევრი რამ აქვს საჩხერეში გაკეთებული და, საჩხერლებმა გვთხოვეს, იქ გადაგვესვენებინა. მაშინ ამ ოჯახმა ამის უფლება არ მოგვცა და იძულებულები გავხდით, დაგვეწყო სასამართლო დავა. ბაბუაჩემი იქ 1940 წელს დაკრძალეს, იქვეა დაკრძალული ბაბუაჩემის დეიდაც. იყო წარწერაც, მაგრამ დღეს აღარ არის, დაფები დაიკარგა.

- 1999 წელს გარდაცვლილა მზია წერეთელი, 2015 წლამდე სარჩელი რატომ არ შეიტანეთ?

- ფეხს ვითრევდით და აქამდე მივიდა საქმე. ახლა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნაა, მზია წერეთელი გადაასვენონ იქიდან.
ვწუხვართ, რომ მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მაგრამ მას იქ არ დავასაფლავებინებთ. თუ უნდათ, ერთმანეთის გვერდით დაკრძალონ ცოლ-ქმარი, ამოიყვანონ იქიდან დედამისი და დაკრძალონ სხვაგან". როგორც გავარკვიეთ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ამ ზაფხულს ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სასაფლაოზე წარწერები გაჩნდა. საფლავებზე მისულ ოჯახის წევრებს ფურცელები დახვდათ, სადაც ეწერა, რომ ჭირისუფალს სასწრაფოდ დაერეკა მითითებულ ნომერზე.

გიორგი ბახტურიძე: "მამა 2010 წელს დავკრძალეთ ნუცუბიძის პლატოზე, წელს დედაც მამის გვერდით დავკრძალეთ. ამ ზაფხულს, როცა საფლავზე ავედით, წარწერა დაგვხვდა, რომ მითითებულ ნომერზე დაგვერეკა. დავ­რეკეთ, გოგომ გვითხრა, თქვენი მიცვალებულები ჩემს ტერიტორიაზეა დაკრძალული, ეს მიწა 2003 წლიდან ჩემი საკუთრებააო. ანალოგიური წარწერა იქ ბევრ საფლავზე ვნახე. საკითხავია, ეს გოგო ამდენი წელი რატომ არ გამოჩნდა? ახლა ეს გოგო გვეუბნება, ვარეგისტრირებ ამ ტერიტორიას, ეს იყო ჩემი კერძო საკუთრება და თანხის გადახდა მოგიწევთო. ვნახოთ, რა თანხას დაასა­ხელებს. როცა შევხვდებით­, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს მოვთხოვთ­".

ვცადეთ დავკავშირებოდით იმ პირს, რომელმაც სასაფლაოებზე შეტყობინებები დატოვა, მაგრამ ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა.

თეა ხურცილავა
ინგა
17 სექტემბერი 2015 01:55
ცოცხლებს სიქა გაგვაძვრეს ეხლა მკვდრების ბიზნესი დაწყებულა მაგარა ამას მხოლოდ საქართველოში თუ გაუგებ
17 სექტემბერი 2015 01:44
საერთოდ არ შერჩათ რწმენის ნატამალი,ესეც ფულის შოვნის ერთერთი გზაა ეტყობა
ვაი ჩვენს თავს
16 სექტემბერი 2015 15:16
ყველანაირი სიდამპლე ამ ქვეყანაში როგორ უნდა ხდებოდეს

რედაქტორის რჩევით