მამულიჩა: "დასახვრეტი ვარ" - კვირის პალიტრა

მამულიჩა: "დასახვრეტი ვარ"

"ახლა რა ვქნა, უკან დავბრუნდე?.. ამ 15 ათასსაც ისე ახსენებენ, თითქოს არაფერია. ჩვენთვის ეს დიდი ფულია"

"სინანულის გრძნობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს"

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა), რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, კახა მამულაშვილი 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს 5.591 გ კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ ე.წ. ექსტაზი, რამდენიმე დღის წინ კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის გათავისუფლების შესახებ.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილი:

- დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის - გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 000 ლარი გირაოთი შეუცვალა. ბრალდებულს დამატებით ღონისძიებად დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება და ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება. გრძელდება საქმის არსებითი განხილვა. სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის დანიშნული.

მამულიჩას გირაოთი გათავისუფლებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი შერჩევით სამართალზე ალაპარაკდა; ამბობენ, რომ პროკურატურა ასეთ ნარკოდანაშაულზე გირაოს თითქმის არ იყენებს.

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი:

- ვერ ვიტყვი, რომ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, განსაკუთრებით - ბოლო ხანს, როცა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული გირაოთი გაუთავისუფლებიათ. ასეთ დროს ყურადღება ექცევა შემდეგს: არის თუ არა საფრთხე, რომ ბრალდებული გირაოთი გათავისუფლების შემდეგ მიიმალოს, გაანადგუროს მტკიცებულებები, ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე და ხელი შეუშალოს გამოძიებას. ნარკოტიკული დანაშაული არ არის ძალადობრივი ხასიათის, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს შეძენა-შენახვასთან და არა - გასაღებასთან. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ეს ადამიანი ვერ დაიმალებოდა (პასპორტი ჩამოართვეს), ვერც გამოძიებას შეუშლიდა ხელს, ვერც მოწმეებზე მოახდენდა ზეწოლას და როცა დაიბარებდნენ, გამოცხადდებოდა. გირაოთი გათავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ მამულაშვილი გაამართლეს. შედგება სასამართლო და საპროცესო შეთანხმება გაფორმდება თუ სასჯელს მიუსჯიან, ეს უკვე მეორე სტადიაა.

- თუმცა, ასეთი დანაშაულის შემთხვევაში ყველა ბრალდებულს არ ათავისუფლებენ გირაოთი...

- ნარკოტიკულ დანაშაულთა დაახლოებით 50-40%-ის დროს იყენებენ გირაოს, ძირითადად, მათ მიმართ, ვინც მანამდე არ ყოფილა ნასამართლევი. ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ, არაძალადობრივი დანაშაულის შემთხვევებში სწორედ გირაო უნდა იყოს გამოყენებული. ევროპაში ნარკოტიკის შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება, ჩვენთან კი ძალიან მკაცრი სასჯელია, თუმცა, რა თქმა უნდა, რეალიზაციის შემთხვევაში მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული.

კახა მამულაშვილი (მამულიჩა): - 15 000 ლარი გადავიხადე და ეს არის შერჩევითი სამართალი? რადგან მამულიჩა ვარ, იმიტომ? თუ ასეა, საერთოდ რატომ დამიჭირეს? ან მეორე დღესვე რატომ არ გამომიშვეს? ახლა კი გამომიშვეს, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი. გირაო გათავისუფლებას არ ნიშნავს, უბრალოდ, პროკურატურამ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის არ ვიყავი საშიში. გამართლებით მე არ გავმართლდები. ჩემი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის და როგორ დავისჯები, არ ვიცი.

ახლა რა ვქნა, უკან დავბრუნდე? თუ ამით ბედნიერება დაისადგურებს სრულიად საქართველოში, დავბრუნდები ციხეში.

ამ 15 ათასსაც ისე ახსენებენ, თითქოს არაფერია. ჩვენთვის ეს დიდი ფულია. ბევრი ადამიანი შეწუხდა და გვერდით დამიდგა, რომ ეს თანხა გადამეხადა. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჰაერზე და უმიზეზოდ არავის იჭერენ. დამნაშავე ვარ და მარტო იმიტომ ვარ დასახვრეტი, ჩემი უგუნური ქმედებით ჩემ გარშემო ამდენ ადამიანს რომ შევუქმენი პრობლემა. ცხოვრებაში აქამდე არავისთვის მომიხვევია თავზე არაფერი, არ მომიპარავს და ბოროტება არ ჩამიდენია, რას მერჩიან?! ბევრისთვის გირაოც უფრო იაფი შეუფარდებიათ. ხალხს თურმე ის აწუხებს, რატომ ვარ გარეთ. ორი თვე გლდანის ციხეში გავატარე და კიდევ რა იქნება, არავინ იცის.

სინანულის გრძნობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს. ლელა იყო გადაფარებული ყველაზე, მილიონ ადამიანს დახმარებია და გამოუყვანია ციხიდან, შუამდგომლობდა ყველას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კეთილგანწყობაც გამოიჩინეს, ალბათ, უფრო ლელას მიმართ. ჩემი ცხოვრების წესი არასოდეს ყოფილა დამალული. დღესაც არ ვსვამ, არ ვეწევი, თუმცა, გართობაზე უარი არ მითქვამს, არც აქ და არც საზღვარგარეთ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა, კლუბებშიც მივლია და არასოდეს დამიმალავს, რას ვაკეთებდი. შესაძლოა, ჩემი შეცდომაც ეს იყო. ვიყავი ჩემთვის წყნარად და ასევე წყნარად გამიშვეს გლდანში. ახლა ველოდები, რას მომისჯიან.

- მედიის წარმომადგენლები რატომ არ დაასწრეს პროცესს, რომელზეც პროკურორმა გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო?

- იქ ჩემი მეგობრებიც არ ყოფილან. დარბაზში არავინ იყო და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი; მითხრეს, დარბაზი შეიცვალაო. მერე კი დაიწყო პროცესი და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. მე არც საზოგადო მოღვაწე ვარ, არც საჯარო მოხელე. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჰა-ჰა, იურმალაში წავიყვანო რამდენიმე ადამიანი და ვიომო, რომ გაიმარჯვონ და საქართველოს დროშა აღიმართონ.

არაფერი გამიკეთებია ისეთი, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა რომ მიმეყენებინა. დავაშავე, მაგრამ ზიანი არავისთვის მიმიყენებია, არაფერი მომიპარავს, არც სახელმწიფო დამიზარალებია. მოსაბოდიშებელი არავისთან არაფერი მაქვს, შეცდომისგან კი არავინ არის დაზღვეული.

ინტერნეტჰიტი

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ, როგორ გაათავისუფლეს მამულიჩა სასამართლოდან, დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიდეოში გაშარჟებულია სასამართლო პროცესი, რომელზეც მამულიჩა გაათავისუფლეს.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მამულიჩას საქმეზე და განაჩენი შემდეგია:

გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, გავითვალისწინეთ რა შემდეგი გარემოებები:

მოგეხსენებათ, 5,591 გ კოკაინი არცთუ ისე ცოტაა...

მოკლედ, განაჩენი ასეთია: სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამულიჩას მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თუმცა, გავითვალისწინეთ რა მისი მდგომარეობა, ცნობად სახეა და ამიტომაც მინუს 3 წელი...

თან ლელა წურწუმიას მეუღლეა, ესეც უყურადღებოდ არ დავტოვეთ, ამიტომ აქაც მინუს 2 წელი...

აღნაგობაც შესანიშნავი აქვს, ესეც შენი მინუს 1 წელი...

"სწიოპასთან" მეგობრობს, ესეც მინუს 1 წელი...

სხვათა შორის, გემოვნებიანი ტიპია, დავაკვირდი და არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნება აქვს... ზედმეტი ყოყმანის გარეშე ამისთვისაც მინუს 1 წელი...

წვერიც სულ გაპარსული აქვს, მოწესრიგებულია, საკუთარი თავი უყვარს, ეტყობა... ვაფასებ მე ამას, ამიტომაც კიდევ მინუს 1 წელი...

წურწუმია მოვიდა იმ დღეს, შენზე მელაპარაკებოდა, ძალიან საყვარელი ყოფილხარ და წყნარი, ჭიანჭველასაც კი არ დააბიჯებს ფეხსო... - ყნოსვის შეგრძნება გაქვს არაჩვეულებრივი, ყვავილებიც გიყვარს, ვარდის სურნელზე გიჟდები, იმ დღეს როგორ შეისუნთქე... რას ამბობ! ყვავილების გამო უეჭველი მინუს 3 წელი...

2 წელი დაგრჩებოდა ყველაფრის გამოკლებით, მაგრამ 2 გინდ იქით, გინდ აქეთ, ამიტომ მინუს 2 წელიც და გათავისუფლებული ხარ!

შემდეგი საქმე!!! ხულიგნობის ფაქტი

სასამართლოს გადაწყვეტილებით ემზარ ცქიფურიშვილს მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა

2 წელი - უპატრონო ხარ!

3 წელი - ქირით ცხოვრობ!

2 წელი - გეპეიში რომ სწავლობდი!

2 წელი - მელოტი რომ ხარ!

1 წელი - ემზარი რომ გქვია!

ნანა ფიცხელაური