"მეზობლები მავიწროებდნენ და ამიტომ დავხოცეო" - კვირის პალიტრა

"მეზობლები მავიწროებდნენ და ამიტომ დავხოცეო"

25 სექტემბრის საღამოს მუხიანში რამდენიმე გასროლა გაისმა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ორი მამაკაცის ცხედარი ეგდო.

ინციდენტს თვითმხილველები ჰყავს. ერთ-ერთმა მობინადრემ სადარბაზოსთან მეზობელი, 60 წლის შოთა მამულაშვილი ხელში "მაკაროვით" შენიშნა. მოახერხა და იარაღი წაართვა, მამულაშვილი კი გაიქცა. ეზოში მიმოფანტული იყო ერთ-ერთი მოკლულის, 63 წლის რევაზ ბურჭულაძის პროდუქტები. მან ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯიხურში სურსათი შეიძინა და როცა სადარბაზოში უნდა შესულიყო, მოულოდნელად ესროლეს. ამ დროს ეზოში 46 წლის ნუგზარ ავლახაშვილიც იდგა. მკვლელმა ჯერ რეზო ბურჭულაძეს ესროლა, შემდეგ კი ნუგზარ ავლახაშვილს.

იმავე საღამოს შოთა მამულაშვილი პოლიციას ჩაჰბარდა და ორი კაცის მკვლელობა აღიარა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული ნასვამი იყო. გავრცელებულ ხმას, რომ მამულაშვილი ციხიდან ახალი გამოსულია, მეზობლები არ ადასტურებენ, თუმცა, გვითხრეს, რომ მეზობლებთან ურთიერთობას ერიდებოდა... მამულაშვილი იმავე კორპუსის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ამავე სართულზე ცხოვრობდა რევაზ ბურჭულაძეც. ორი წლის წინ მამულაშვილს ბინა გაუყიდია და მას მერე პირველ სართულზე, ლოგინად ჩავარდნილი მარტოხელა მოხუცის, რეზო ტაბატაძის ბინაში მდგმურად ცხოვრობდა.

რეზო ტაბატაძე: - არ ვიცი, რატომ მოკლა ბიჭები, არადა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. შოთა ჩემს ბინაში ცხოვრობდა მდგმურად. მარტოხელაა, ცოლ-შვილი არა ჰყავს. ძმა აქვე, დუმბაძეზე ცხოვრობს. შოთამ ბინა რომ გაყიდა, ქუჩაში დარჩა და მაშინ მითხრა, ორი თვე იქნებ შენთან მაცხოვროო. მას შემდეგ ორ წელზე მეტია, ჩემთან ცხოვრობს. 100 ლარს მიხდიდა. მოჩხუბარი ადამიანი არ იყო, არც დალევა უყვარდა. აქ რაც ცხოვრობს, მისთვის არავის მოუკითხავს, გარიყულივით იყო. თუ მოისურვებდა, დაგელაპარაკებოდა, თუ არა და, თავის ოთახში იყო. ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩემზე ზრუნავდა, რამეს რომ გააკეთებდა, მომაწვდიდა. არსად არ მუშაობდა, მაგრამ ქირას მიხდიდა.

- იმ დღეს აღელვებული ხომ არ იყო?

- არაფერი შემინიშნავს. დილით მომესალმა და გავიდა სახლიდან, მერე გავიგე, ბიჭები დაუხოცავს. ორი წლის წინ სუფრასთან წაკამათდნენ, მაშინ გამწარებული იმუქრებოდა, აუცილებლად მოვკლავ რეზო ბურჭულაძესო. მერე ჩაწყნარდა სიტუაცია. ახლა რა მოხდა, ვერ გამიგია. მის ხელში იარაღიც არასოდეს შემინიშნავს. უთქვამს, მავიწროებდნენ და ამიტომ დავხოცეო. ტყუილია, არავინაც არ ავიწროებდა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა