ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?! - კვირის პალიტრა

ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!

"არ არის გამორიცხული, სპეცსამსახურებს მკვლელობის შემსრულებლები ქვეყნის შიგნით ან გარეთ მოეძებნათ"

"ეროსიმ სიცოცხლის ბოლო ორი საათი კომპიუტერთან გაატარა. ამინდის პროგნოზს ხომ არ ეცნობოდა 2 საათი?"

"ექსპერიმენტითა და იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლელობა იკვეთება, ვიდრე თვითმკვლელობა"

2014 წლის 15 ივლისს ავტოფარეხში გარდაცვლილი მედიამაგნატ ეროსი კიწმარიშვილის ძმა წელიწადზე მეტია, გამოძიებისგან კითხვებზე პასუხს ელის. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე საინტერესო გარემოება უყურადღებოდ დატოვეს და რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. რესპონდენტი "კვირის პალიტრასთან" საქმეში არსებულ უცნობ დეტალებს ახმაურებს.

- 2015 წლიდან საგამოძიებო მოქმედებები შენელდა და საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოძიებისთვის ახალი ბიძგი მიგვეცა. შევხვდით პროკურატურის მაღალჩინოსნებსა და საქმის გამომძიებლებს. ამის შემდეგ ძიება სამი მიმართულებით წარიმართა: 1. სატელეფონო ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება; 2. ფატალურ იარაღზე არსებული დნმ-ის მონაცემების დადგენა და იდენტიფიცირება; 3. ვიდეომასალების კვლევის გაგრძელება. ამოიღეს 2 თვის ამონაწერები ანძებიდან და 20-მდე პირის დნმ-ი შეადარეს სასხლეტზე არსებულ მასალას. ჩვენ კი ვაგრძელებდით ვიდეომასალის გაშიფვრას.

სატელეფონო ანძების გაშიფვრა შსს-ს სპეციალურ ქვედანაყოფს დაევალა. მათ მოვალეობაში შედიოდა იმ აბონენტთა ვინაობის დადგენა, რომლებიც ივლისში ეკონტაქტებოდნენ ეროსის, მაგრამ აქამდე არაფერი გაკეთებულა. გამოძიება გვეუბნება, რომ წარმოდგენა არა აქვთ, რა ეტაპზეა ეს ჯგუფი. არც ის იციან, როდის დასრულდება ეს პროცესი. დნმ-სთან დაკავშირებითაც გაურკვევლობაა - შემოწმდა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, ან დანამდვილებით ვიცით, რომ ამ იარაღთან ჰქონდა შეხება (ესენი არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებმაც ეს იარაღი მაშინ გაისროლეს, როცა საქართველოში შემოვიდა, შემომტანი, გამყიდველები, მენეჯერები და სხვ.), მაგრამ თანხვედრა არ არის.

სასხლეტზე გვაქვს უცხო დნმ-ი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით. ვიდეომასალაში ჩანს პირი, რომელიც ინტერესს იწვევდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

არის საეჭვო საკითხები, რომლებზეც გამოძიებისგან მხრების აჩეჩის გარდა, პასუხი ვერ მივიღეთ. საქმეში უამრავი უცნაური დეტალია, რომლებიც არ ესადაგება გამოძიების არჩეულ ვერსიას. ვფიქრობ, გამოძიება ჩიხში შევიდა. არ ჩანს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რაიმე გამოკვეთილ ვერსიაზე შეგვაჩერებს. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლელობა იკვეთება, ვიდრე თვითმკვლელობა, და ეს მხოლოდ გარედან შეხედვით, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რა ინფორმაციაც ბოლო პერიოდში გვქონდა.

- რას გულისხმობთ?

- შემთხვევის ადგილს, იმას, რასაც ვერასდროს ნახავდით ეროსის მანქანაში: ჩამოწეულ ფანჯრებს, მით უმეტეს, ავტოფარეხში, სადაც დახურული სივრცეა; რატომღაც დაქოქილ მანქანას, დაკარგულ ტყვიას, 50 ვაზნას, გატენილ მჭიდს თვითმკვლელისთვის... თავი დავანებოთ იმ ინფორმაციას, რომელიც მე მაქვს, რომ ეროსის სულ სხვა გეგმები ჰქონდა...

- რაიმე ახალი დეტალი თუ გახდა ცნობილი, რომელიც თქვენს ვერსიას ამყარებს?

- გვეკრძალება ყველაფრის გამხელა. თუმცა, გეტყვით, რომ საინტერესო ამბებია ინტერნეტსივრცეში. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ეს ინფორმაცია მოიპოვა და მისი შესწავლა დაიწყო, იქ ისეთი სურათია, რომელსაც არ მოველოდი... ამ მასალის ამოღება გამოძიებას მაშინ უნდოდა, როდესაც მიცვალებული ჯერ კიდევ შინ ესვენა. ჩემმა რძალმა სთხოვა, სანამ ეროსის არ დაასაფლავებდნენ, პოლიციელებს პროცედურები არ ჩაეტარებინათ. საბოლოოდ, გამოძიებამ ეროსის პირადი ინტერნეტსივრცე იანვარში შეისწავლა. ხელჩასაჭიდი ბევრი რამ არის. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეროსის საქმიანობის, გეგმების მიმართ დიდი ინტერესი იყო... ვერაფერს დავაკონკრეტებ, თუმცა იმას, რაზეც ახლა გაკვრით ვსაუბრობ, საზოგადოებას აუცილებლად ვუჩვენებ და მოვუყვები... არ გამოვრიცხავ, რომ ეს ეტაპი გამოძიებამ დაბლოკოს, რადგან ამ ინფორმაციის გამჟღავნება მისთვის ხელის შემშლელია. იმ ინფორმაციამ, რომელსაც გავეცანი, ეჭვი გამიჩინა... გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ ეროსის სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ ამ წყაროებით მას აკონტროლებდნენ. თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ვერ ნახეს ეროსის ბოლო აქტივობები და ივლისის ფაილები არ არსებობს, მაშინ, როცა გვყავს მოწმე - მის ოჯახში მომუშავე ქალი ამბობს, რომ ეროსიმ სიცოცხლის ბოლო ორი საათი კომპიუტერთან გაატარა. ამინდის პროგნოზს ხომ არ ეცნობოდა 2 საათი? მათ უნდა ამოეღოთ ეს მასალა და ჩემთან ერთად შეემოწმებინათ... ვფიქრობ, კვალის მიგნება არ არის რთული - უნდა დადგინდეს, წაიშალა, თვითონ ეროსიმ წაშალა თუ ვიღაც სხვამ. IT-ის სპეციალისტებს ფაილების აღდგენა შეუძლიათ...

- ვიდეომასალით რა ირკვევა?

- ცუდი ხილვადობაა, განსაკუთრებით იმ ადგილიდან, საიდანაც ავტოფარეხში ჩასასვლელი ჩანს. იქ ხალხი ტრიალებს, მაგრამ მოციმციმე წერტილების სახით და ძნელია გაერკვე, ვინ არიან. რაც შეეხება უცხო პირს, რომლითაც დავინტერესდით, ეს არის ახალგაზრდა, რომელიც სადარბაზოს წინ გაივლის, მოეფარება სახლს, მერე უკან ბრუნდება მეორე ახალგაზრდასთან ერთად. ბოლოს მათი გზები იყრება (ორივე გაივლის სახლის შემოსასვლელს ჭავჭავაძის მიმართულებით და მიდის მარცხნივ, გაჩერებისკენ). ბუნებრივია, ამ გარემოებამ დაგვაინტერესა, ვინაიდან მომხდარს დროში ემთხვევა. პირველი ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ის დაიკითხა და მისი მონაყოლი მიიღეს როგორც მტკიცებულება, რომ ის ადგილზე იმყოფებოდა საყოფაცხოვრებო მოტივით. მეორეს სახასიათო გარეგნობა აქვს, ერთხელ რომ ნახავ, არასდროს დაგავიწყდება. თუმცა მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, გამოძიებამ კვალს ვერ მიაგნო და მინელდა ინტერესიც...

მას სპორტული ტანსაცმელი აცვია, მოდის სადარბაზოს წინ, ტროტუარზე და ჩაუვლის ოთხივე კამერას...

მშვენივრად ჩანს მისი სახე. გამოძიება კი ამბობს, რომ მას მზე ურტყამდა, სახეს მანჭავდა და ავთენტური სახე დაკარგული ჰქონდა, ამიტომ პროგრამამ ვერ მოახერხა მისი პოვნა. გაგვიჩნდა ეჭვები გარკვეული პირების დაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზეც. ჩემი აზრით, გამოძიება ზერელედ მოქმედებს, რადგან საქმეში იკვეთება ერთი პირი, რომლითაც უნდა დაინტერესებულიყვნენ.

- ვინ არის ის, მისი დნმ-ი თუ შემოწმდა?

- ვგულისხმობ ოთხი მოწმიდან ერთს (სამი დაიკითხა), რომლის დაკითხვაც აქამდე ვერ მოხერხდა. როგორც ვიცი, ამ პირის დნმ-ი არ შემოწმებულა. არადა, გამოძიებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. ვიცი მისი გვარ-სახელიც, თუმცა სახეზე არ მინახავს. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი. სამწუხაროდ, წინ ვერაფრით წავიწიეთ. აქედან გამომდინარე, პროტესტი მიჩნდება. არ ვამბობ, რომ გამოძიებას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ბევრი შეცდომაა დაშვებული...

- თქვენი აზრით, რამ შეუშალა ხელი საქმის სხვა მუხლით გადაკვალიფიცირებას?

- ჩვენ ჩვენს თეორიებს ვაყალიბებთ, ისინი თავისას. ბევრი საეჭვო გარემოებაა ვიდეომასალაში, მაგრამ იქ შუბლზე არავის აწერია, რომ მკვლელია... გამოძიებას მეტი ინტერესი უნდა გამოეჩინა. ყველაზე უცნაურია პასუხი, რომელიც ბოლო შეხვედრისას მივიღე: არავინ იცის, ამ საქმეს რამდენი დრო დასჭირდება, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ოდესმე დასრულდესო.

- იმედი ხომ არ გადაგეწურათ?

- შანსი კიდევ არის. იქნებ ისეთი მარტივი სქემით წავიდეს გამოძიება, როგორც სოსანაშვილის შემთხვევაში: არსებობდა დნმ-ი, ანძის ჩანაწერები და დამნაშავე გამოავლინეს. ეროსის საქმეში იმხელა რესურსი აქვთ სასხლეტზე დნმ-ისა და ანძის ამონაწერის სახით, რომ სიმართლის დადგენის დიდი შანსია. არ არის გამორიცხული, მალე გამოიკვეთონ საინტერესო აბონენტები. ჩვენ სამარჩიელოდ არა გვაქვს საქმე, გვაქვს მასალა და ამას ანალიზი სჭირდება. უამრავ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. გადაკვალიფიცირებაზე საუბარიც არ არის. არადა, მათი ვერსია ვერ მყარდება ვერანაირი მტკიცებულებით. მე მჯერა მკვლელობის ვერსიის, მაგრამ ვერც ამის მტკიცებულება მოვიპოვე. მკვლელებს გამორჩეული კვალი არ დაუტოვებიათ...

ეროსის საჯაროდ ჰქონდა ყველაფერი გაცხადებული, რა გეგმებიც ჰქონდა თუ იარაღს ყიდულობდა. მაქვს მყარი ინფორმაცია, რომელიც მკვლელობის ვერსიას მიძლიერებს, ასევე ვიცი, რას აპირებდა ჩემი ძმა და რა ხდებოდა მის გარშემო... არ არის გამორიცხული, სპეცსამსახურებს მკვლელობის შემსრულებლები ქვეყნის შიგნით ან გარეთ მოეძებნათ.

ნანა ფიცხელაური