"ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნე­ბოდით..." - კვირის პალიტრა

"ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნე­ბოდით..."

"ყველაფერი 15 წუთში მოხდა. სანამ პოლიცია მოვიდა, ნიკამ დანა ამოიღო და გიორგი დაჭრა. ის მაშინვე გარდაიცვალა"

ხაშურში 42 წლის გიორგი ლომიძე ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული, 33 წლის ნიკა გონგლაძე, სამართალდამცავებმა დააკავეს. საქმე განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობა დაგეგმილი იყო.

მზია ლომიძე: - ერთი წლის განმავლობაში გიორგის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა უსახლკარო ქალთან. სონია ბეკოშვილი ჩემს ძმას ხელის მოწერას სთხოვდა. უნდოდა, გიორგის სახლი ხელში ჩაეგდო. რომ არა სონია, ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა.

- რა მოხდა 21 სექტემბერს?

- ღვთისმშობლობას აღნიშნავდა ჩემი ძმა სამეზობლოში. ნასვამი იყო. სონია თავის ქალიშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა ნიკოლოზ გონგლაძის ბინაში.

იმ საღამოს ნიკა ჩემს ძმას შეხვედრია და ერთად უქეიფიათ. ორივე ნასვამი იყო. იმ ავბედით დღემდე გიორგის მკვლელთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია და როგორ აღმოჩნდნენ ერთ სუფრასთან, არ ვიცი.

- ამბობენ, იმ საღამოს თქვენი ძმა სონია ბეკოშვილის ქალიშვილს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

- ჩემს ძმას რომ ასეთი განზრახვა ჰქონოდა, მანამდეც შეეძლო რამე ჩაედინა - ისინი კარგა ხანს ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ გიორგის ბინაში...

- რა იყო თქვენი ძმისა და სონიას კონფლიქტის მიზეზი?

- სონიას ანგარება ამოძრავებდა, რადგან განქორწინების შემთხვევაში სახლის ნახევარი დარჩებოდა, გიორგის სიკვდილის შემთხვევაში კი მთელ სახლს დაეპატრონებოდა. მეზობლებისგან შევიტყვე, რომ სონიას არაერთხელ უთქვამს გიორგისთვის, ხელს რომ მოვაწერთ, მერე რომ "გაგასაღო", არ გეშინიაო?!

სონია მარტოხელა სახლკარიან კაცზე ნადირობდა. მან გიორგი სამარეში გაუშვა, ნიკა კი ციხეში.

სონია ბეკოშვილი ამ ტრაგედიას დეტალურად იხსენებს: - გიორგი ლომიძე ჩემი მეუღლე გახლდათ. ბევრჯერ მე და ჩემი შვილი სახლიდან გამოგვყარა. ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, განსაკუთრებით - ნასვამს. თუმცა, ფხიზელიც სულ ჩხუბის მიზეზს ეძებდა... ბოლოს რომ გაგვყარა, ნიკა გონგლაძიIს სახლშიI ვიქირავეთ ბინა პირველ სართულზე. ნიკა მეორე სართულზე ცხოვრობდა. გიორგი ჩემს შვილს ემუქრებოდა. არ მალავდა, რომ ჩემს 18 წლის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება უნდოდა.

რამდენჯერმე სცადა კიდეც. გვლანძღავდა და გვცემდა მეც და ჩემს შვილსაც.

- სამართალდამცავებს არ მიმართეთ?

- ორჯერ შევიტანე განცხადება. ვითხოვდი, გადაერჩინათ ჩემი შვილი, მივმართე უბნის ინსპექტორსაც, მაგრამ უშედეგოდ...

- რა მოხდა 21 სექტემბერს?

- გიორგი ადვილად ღიზიანდებოდა, მაგრამ ასეთი გაგიჟებული არ მინახავს. შეურაცხადი იყო. გვირტყამდა მეც და სალომესაც. ამას ნიკა შეესწრო და ჩვენი დაცვა სცადა. ბიჭების გაკავება ვერ შევძელი და პოლიცია გამოვიძახე. სანამ პოლიცია მოვიდოდა, ნიკამ დანა ამოიღო და გიორგი დაჭრა. ის მაშინვე გარდაიცვალა. ყველაფერი 15 წუთში მოხდა. პატრული სწრაფად რომ მოსულიყო, ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით.

- ამბობენ, თითქოს ნიკას თქვენი შვილი მოსწონდა...

- არც ჩემთვის, არც სალომესთვის ნიკას მსგავსი არაფერი უთქვამს. მას ცოლ-შვილი ჰყავს.

- გიორგი ლომიძის და ამბობს, რომ თქვენ მისი მოკვლა ბინის გამო გინდოდათ.

- კარგის მეტი გიორგისთის არაფერი გამიკეთებია. რაც შეეხება ლომიძეების ბინას, სწორედ გიორგის დამ, მზიამ, იპოთეკური სესხი აიღო გიორგის ბინით. სად ჰქონდა გიორგის სახლი? საცოდავი კაცი გაყიდული ბინიდან გამოასვენეს. ჯერ კიდევ გიორგის ბინაში ცხოვრების პერიოდში გამოგვასახლეს და ფარდულში ვცხოვრობდით. ხშირად ვიღებდი მზიასგან შეურაცხმყოფელ სატელეფონო გზავნილებს. სალომეს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.

მკვლელობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ნიკას რომ არ მოეკლა გიორგი, ჩვენ დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით. ჩვენ არც გიორგის სიკვდილი გვინდოდა და არც ნიკას ციხეში ჩასმა...

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი