"გამომძიებელი დედას მაგინებდა, "ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც, ივანიშვილიც და თქვენი დედაცო..." - კვირის პალიტრა

"გამომძიებელი დედას მაგინებდა, "ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც, ივანიშვილიც და თქვენი დედაცო..."

"ჩემს შვილზე "ნაციონალებმა" იყარეს ჯავრი"

22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, დისკო-კლუბ "ლეგასში" ნასვამი დევაძე და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი მუკბანიანი წაკამათდნენ. ჩხუბის დროს დევაძემ მუკბანიანს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში დაჭრა. მუკბანიანი იქვე გარდაიცვალა.

თავის დროზე, ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ დევაძე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია გორაძის ("ლავას-ოღლი") თანამზრახველი იყო, რომელმაც პოლიციელის მკვლელობა შეუკვეთა. დაცვის მხარე ამ ვერსიას გავრცელებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

ირაკლი გაბრიჭიძე, რამაზ დევაძის ადვოკატი: - 2014 წლის 26 დეკემბერს დევაძე მეგობრებთან ერთად მივიდა კლუბ "ლეგასში", სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი მუკბანიანი საყვარელთან, უზბეკ ქალთან ერთად იყო... დევაძის თანმხლები პირი მიდის მუკბანიანის სუფრასთან და ეპატიჟება უზბეკ გოგონას, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ვიდეოფირზეც ჩანს, რომ დევაძე ჩხუბში არ მონაწილეობს. მუკბანიანი იღებს იარაღს და აქეთ-იქით ისვრის, რა დროსაც სამი კაცი დაიჭრა, შემდეგ ის დევაძის მეგობარს იარაღს თხრის პირში.

როცა პოლიციელი მისკენ მიმავალ დევაძეს ხედავს, უფრო აგრესიული ხდება... დევაძის ჩვენებით: "დარბაზში მოძრავი განათება იყო და რაღაც მომენტში, ბედად, ჩემკენ მომართული იარაღი დავინახე, თავი გავწიე და უკუგდების ილეთი გავაკეთე, გადავაგდე უკან და მეც თავით დავეცი. შემდეგ იარაღს ვწვდი, წავართვი, ვიცოდი, ტყვია პირში იყო მიცემული და მისი განმუხტვა მინდოდა. უცებ იარაღი გავარდა. ხალხი ირეოდა, ბნელოდა, მუკბანიანი ძირს ეგდო და მეგონა, წაქცევისას გაითიშა".

- თუმცა იმავე ღამით სარფის საბაჟოზე დააკავეს.

- დასაბუთებულია, რომ დევაძე საქმეზე მიდიოდა. მას რომ სცოდნოდა, კაცი მოკლა, დაიმალებოდა და მერე გაპარვას შეეცდებოდა.

- რატომ გახდა ბრალდების მხარისთვის მასალა არადამაჯერებელი?

- სასამართლო გავლენის ქვეშ არის მოქცეული. მოსამართლემ გაითვალისწინა არა მტკიცებულებები, არამედ საზოგადოების განწყობა.

კლუბში არის ერთი კამერა, რომელმაც ზუსტად ასახა, რაც მოხდა, მაგრამ მისი ფირი გამქრალია.

ოთხი ექსპერტიზა ჩავატარეთ, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტიც და დავადგინეთ შემთხვევის ადგილი. სამხარაულის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ დევაძე მუცლის მიდამოდან, ქვემოდან ზემოთ ისროდა. გვამის დათვალიერების ოქმითაც ჩანს, რომ გასროლა ქვემოდან ზემოთ მოხდა (მუკბანიანს ლოყაში მოხვდა ტყვია, რომელიც კისრის მიდამოში გამოვიდა). ექსპერტიზამ დაადგინა გასროლის ტრაექტორია, აღდგენილ იქნა სურათი და ყველაფერი ზუსტად დაემთხვა დევაძის ჩვენებას. გარეთა კამერებზეც დაფიქსირდა, რომ დევაძე ჩვეულებრივ გავიდა კლუბიდან. მან სიბნელეში ვერ დაინახა, რომ მუკბანიანი გარდაიცვალა.

პროცესზე ექსპერტებმაც დამაჯერებელი ჩვენებები მისცეს, სამხარაულის ბიუროშიც დავნიშნეთ ექსპერტიზა და მათაც ანალოგიური დასკვნები წარმოადგინეს. მიუხედავად ყველაფრისა, დევაძეს 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. სამი კაცი იყო დაჭრილი და სამივე, როგორც მოწმეები, მოხსნეს პროცესიდან.

ამ საქმეში ვიღაცის სერიოზული ინტერესია.

- ერთი ვერსიით, ჩხუბი თურქებსა და დევაძის თანმხლებ პირებს შორის მოხდა, მუკბანიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დევაძემ ის შურისძიების მოტივით მოკლა.

- მუკბანიანი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, ბილწსიტყვაობდა და იქცეოდა როგორც ბოროტმოქმედი, ამიტომ არავის უფიქრია, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო.

- ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა შეუკვეთა პოლიციელის მკვლელობა.

- დევაძე წინასაარჩევნო მარათონში იყო ჩაბმული და "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა. ადამიანს ქურდობა უნდა და არჩევნებში მონაწილეობს?

ეს ჭორები "ნაციონალებმა" გაუვრცელეს, სპეციალურად მიაკერეს მისი სახელი "ლავას-ოღლის", რათა მის დასაცავად სხვებს ხმა ვერ ამოეღოთ. მართლაც, ყველა გაყუჩდა და გამოიტანეს კიდეც უკანონო განაჩენი. ბრალდება შურისძიების მოტივზე ლაპარაკობს, არადა, რამაზ დევაძე მუკბანიანს არ იცნობდა. ბრალდება ამტკიცებს, რომ თითქოს ის უზბეკი ქალი, დევაძის საყვარელი იყო და ამის გამო გაუსწორდა მას.

ნაზიბროლა ბოლქვაძე, რამაზ დევაძის დედა: - მაქვს უზბეკი ქალის საუბრის ჩანაწერი, რომელიც მუკბანიანს ახლდა. ის ქალი ჩემთანაც მოვიდა და მომიყვა, ამ ამბის შემდეგ როგორ წაიყვანა პოლიციამ და დილეგში 20 დღე ჰყავდათ დამწყვდეული, გამომძიებელი აიძულებდა ეთქვა, რომ ორივე მამაკაცი მისი საყვარელი იყო და რამაზმა ამის გამო იძია შური. ეს გოგო იფიცებოდა, იმ დღეს პირველად ვნახე თქვენი შვილიო. იმასაც მოჰყვა, ვინ დაიწყო ჩხუბი. ჩემთან მოვიდა კლუბში მყოფი თურქიც, რომელმაც მითხრა, თქვენი შვილი რომ არა, იმ ღამეს ბევრი დაიღუპებოდაო. ჩემს შვილზე "ნაციონალებმა" იყარეს ჯავრი, მას შემდეგ დაიწყეს მისი დევნა, რაც რამაზი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურობდა. გიგლა მოსიძე, "ნაციონალების" დროინდელი პოლიციელი, ამ ამბის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამბობდა, გივი თარგამაძე მავალებდა, ვინც "ოცნებაში" აქტიურობდა, მიხედეო. რამაზს ბათუმში ყველა პატივს სცემს, მუკბანიანი ცემაში რომ შემოჰკვდომოდა, კიდევ დაიჯერებდნენ, მაგრამ იარაღი გამორიცხულია. რამაზის მეგობარი (ვის გამოც ატყდა ჩხუბი და ხულიგნობის მუხლი წარედგინა) აღიარებს, მე მოვკიდე ხელი მეძავ ქალს და შევთავაზე ფულიო. როცა ის დაიჭირეს, მაგრად სცემეს, მაგრამ ხელი არაფერს მოაწერა. სასამართლოზე თქვა, გამომძიებელი დედას მაგინებდა,"ოცნება" დამთავრდა, თქვენი ღარიბაშვილიც, ივანიშვილიც და თქვენი დედაცო...

- რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ვაჟს "ლავას-ოღლისთან"?

- "ლავას-ოღლი" და რამაზი ბავშვობაში ერთად ვარჯიშობდნენ, ჭიდაობდნენ. ეს დანაშაულია? რამაზ შავაძე, რამაზ დევაძის საქმის პროკურორი: "ბრალდებულის მხარეს განაჩენი თუ არ აკმაყოფილებს, გაასაჩივროს".

"კვირის პალიტრა" თარაშ მუკბანიანის მეუღლეს, თამარ კაცაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განგვიცხადა.

ნანა ფიცხელაური