დაინტერესდება თუ არა ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომით
12-10-2015
დაინტერესდება თუ არა ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომით
”განსაკუთრებით ვართ დაინტერესებული აგვისტოს ომის, როგორც ქართველთა ეთნიკური წმენდის ფაქტის გამოძიებით”

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვარაუდობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი, რის გამოც ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიებით დაინტერესდნენ. სასამართლოს ოფიციალური განცხადებით, ომთან დაკავშირებული ვითარების შესწავლა საქართველოში 2008 წლის აგვისტოშივე დაიწყო. მიღებული მასალების საფუძველზე კი პროკურორი ფატუ ბენსუდა ვარაუდობს, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. თუმცა პროკურორის პოზიცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოძიების
დაწყების შესახებ - პროკურორმა სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მოსამართლეები დოკუმენტებსა და მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.

წინასწარი წარმოების პალატაში ამ საკითხს სამი მოსამართლე შეისწავლის. 6 ოქტომბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის
შესახებ მასალები რუსეთიდანაც გამოითხოვა.

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: - 2003 წლიდან საქართველო, როგორც რომის სტატუსის წევრი ქვეყანა, ვალდებულია ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლოს და ვთანამშრომლობთ კიდეც. განსაკუთრებით ვართ დაინტერესებული აგვისტოს ომის, როგორც ქართველთა ეთნიკური წმენდის ფაქტის გამოძიებით.
ჰააგის სასამარ­თლოს პროკურორ ბენსუდას ოფისთან აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავარი პროკურატურა. ერთადერთი, ვერ შევძელით ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოძიების მასალების მიწოდება, რადგან ამ ტერიტორიაზე არა გვაქვს გამოძიებისა და რაიმე მოქმედების შესაძლებლობა.
ვიმედოვნებთ, პროკურორი ბენსუდა შეძლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას. ჰააგის სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიც, რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი არ მალავს, რომ უკმაყოფილოა, რადგან ჰააგამ რუსეთს ომის გამოძიების მასალები მოსთხოვა."

”ამ ომის შესახებ 500 ტომი მოვამზადეთ, თუმცა ამ საქმით არც ერთი საერთაშორისო ინსტანცია არ დაინტერესებულა. არადა, ვცდილობდით მასალების შეტანას, რადგან ქართველი სამხედროების ქმედებებს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაციას ვანიჭებთ”, - განაცხადა ბასტრიკინმა, რომელიც ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თურმე ჰააგას რუსეთი იქით ეხვეწებოდა 2008 წლის საქართველოსთან ომის მასალების მიღებასა და განხილვას. ამ ეტაპზე არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როდის და რა შედეგით დასრულდება ჰააგის სასამართლოს დაინტერესება 2008 წლის აგვისტოს ომით, თუმცა საქართველოს, და არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებამ, კარგად იცის, რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ, როცა ოკუპანტმა დააწიოკა, დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი საცხოვრებლის კვალი წაშალა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ მიწაზე.

რომის სტატუტი


1998 წლის 17 ივლისს გაეროს უფლებამოსილ წარმომადგენელთა კონფერენციაზე მიიღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება, რომლის თანახმად, წესდების მონაწილე სახელმწიფოები აცნობიერებენ რა, რომ ყველა ხალხი გაერთიანებულია საერთო კავშირებით, ერთმანეთს გადაჯაჭვული ყოველი მათგანის კულტურა ქმნის საერთო მემკვიდრეობას, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ეს მყიფე მოზაიკა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიშალოს.

მხედველობაში იღებენ რა, რომ ამ საუკუნის განმავლობაში მილიონობით ბავშვი, ქალი და მამაკაცი გახდა წარმოუდგენელ ბოროტმოქმედებათა მსხვერპლი, რამაც ღრმად შეძრა კაცობრიობის შეგნება, აღიარებენ რა, რომ ეს უმძიმესი დანაშაულები საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს მშვიდობას, უშიშროებასა და კეთილდღეობას, ამტკიცებენ რა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის შემაშფოთებელი უმძიმესი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მათი ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნულ დონეზე ზომების მიღებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებით, გადაწყვეტილი აქვთ რა, ბოლო მოუღონ ამგვარი დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობას და ამგვარად ხელი შეუწყონ მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილებას, ითვალისწინებენ რა, რომ ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა განახორციელოს თავისი სისხლის სამართლის იურისდიქცია იმ პირებზე, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისთვის:…

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსჯადია 4 დანაშაული, როგორიც არის: გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაული და აგრესია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით