ფაქტზე დაიჭირეს! - კვირის პალიტრა

ფაქტზე დაიჭირეს!

"კვირის პალიტრის" მიერ გახმაურებულ ეკოლოგიურ დანაშაულში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეგვატყობინა, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე "კვირის პალიტრის" მიერ გახმაურებულ ეკოლოგიურ დანაშაულში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია. ზედამხედველებმა მოგვაწოდეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ეკოლოგიური დანაშაულის ფაქტი ნათლად ჩანს.

"კვირის პალიტრას" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი თემურ ზარნაძე ესაუბრა:

- გარემოს დამნაგვიანებლებს სამი დღის განმავლობაში ვუსაფრდებოდით. 2 ოქტომბერს შორიდან შევნიშნეთ, რომ სატვირთო ავტომობილი მოემართებოდა თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელისკენ. ჩვენი ფუნქცია პრევენციაა -როცა ამჩნევ კანონის დარღვევის ალბათობას, პოტენციური დამრღვევი უნდა გააფრთხილო. ავტომობილი ისეთ მანძილზე იყო, რომ რელიეფის გამო დროულად მიახლოებას ვერ შევძლებდით. იძულებული გავხდით, მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით შორიდანვე

დაგვეფიქსირებინა გარემოს დანაგვიანების ფაქტი. დაკავებულ პირს არენდით აქვს აღებული მანქანა და კერძო გამოძახებებზე მუშაობს. გასამრჯელოს ფასად, ნაგავი მოიტანა და თავზე დააყარა მოსახლეობას. რომ ჩავეძიეთ, საიდან მოჰქონდა ნარჩენები, გაიძახოდა, ჩემი სახლიდანო. ცდილობდა თვალი აეხვია ჩვენთვის. არსებობს ოფიციალური ნაგავსაყრელები, სადაც გადასახადის გადახდის შემდეგ დაცლი ნარჩენებს... ჩვენ არა გვაქვს გამოძიების უფლება, სამართალდარღვევის ფაქტზე მხოლოდ ოქმს ვადგენთ, საქმე სასამართლოში განიხილება. კანონდამრღვევი ალბათ, დაჯარიმდება, მაგრამ თუ მოსახლეობამ არ შეიგნო, გარემოს დაბინძურებით რამხელა ზიანს აყენებენ საკუთარ თავს, ვერაფერს გავხდებით. დარწმუნებული ვართ, მოსახლეობას არაერთხელ შეუნიშნავს მსგავსი ფაქტები. დააფიქსირონ ფაქტი და გამოგვიძახონ, რომ დროულად მივიღოთ ზომები..."

ზედამხედველობის დეპარტამენტის თხოვნით გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 153

სანამ ტრაგედია დატრიალებულა

21 სექტემბერს "კვირის პალიტრამ" მკითხველს შესთავაზა რეპორტაჟი სახელწოდებით "აქ შესაძლოა, მდინარე ვერეს ტრაგედია განმეორდეს". დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის თავში, გორაკებთან ახლოს, ღვარცოფული ხევი ნაგავსაყრელად არის გადაქცეული. კვალის დასაფარად სამშენებლო მოედნებზე მოჭრილ მიწას იყენებენ, ნაგვის გროვას ზედ აყრიან და ზედაპირს ასწორებენ. ნაგვითა და მიწით ივსება ღვარცოფული ღელეების კალაპოტები, რითაც დასახლებისკენ მიმავალი წყლის კვალი იშლება, არადა, უხვნალექიანობის დროს მთებიდან დაქანებული ღვარცოფული მასა კვლავ ძველი კალაპოტისკენ დაიძვრება და მოსახლეობას წალეკავს.

"კვირის პალიტრის" რეპორტაჟის გამოქვეყნებისთანავე გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს დანაგვიანებული ზონის ზუსტი კოორდინატების მიწოდება. ხევის მთელ პერიმეტრს გორაკები ფარავს, ამიტომაც ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობას იოლად ვერ განსაზღვრავ.

ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მონიტორთა და ზედამხედველთა რაოდენობა ძლივს ჰყოფნის ტერიტორიების გაკონტროლებას. მეტიც, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილია, რომ ხშირად ზედამხედველები, რომ იტყვიან, შიშველი ხელებით მუშაობენ. როგორ წარმოგიდგენიათ გარემოს მაკონტროლებლების მუშაობა ფარული კამერების, ფოტო ან ვიდეოხაფანგების და სხვა უახლესი აღჭურვილობის გარეშე? ასეთი აღჭურვილობა გარემოს დაცვის სამინისტროს ამ სამსახურისთვის ჯერჯერობით საოცნებოა. იმედოვნებენ, რომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების დროს ეს საკითხებიც იქნება გათვალისწინებული...