"სასამართლოში დიდი სკანდალია მოსალოდნელი" - კვირის პალიტრა

"სასამართლოში დიდი სკანდალია მოსალოდნელი"

რა უჩენს ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

28 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საერთო სასამართლოებში არსებულ 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების კონკურსით დანიშვნის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიციატივა არ გაიზიარა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის უკონკურსო დანიშვნას დაუჭირა მხარი. ერთი კვირით ადრე კი დაახლოებით 30 მოსამართლეს (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს 8 მოსამართლეს) უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელა. საინტერესოა, თუ 21 სექტემბრისთვის მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების აუცილებლობა არ იყო, რატომ გახდა საჭირო ერთი კვირის შემდეგ სასწრაფოდ (საგამონაკლისო წესით) სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დანიშვნა? პრობლემურია "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 37-ე მუხლიც, რომლის საფუძველზეც საბჭომ კონკურსის გარეშე მოსამართლეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურების გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების მტკიცებით, კანონში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა გაწერილი არ არის და საბჭოს დასახელებულ 7 ვაკანსიაზე მათი ობიექტურად შერჩევის სამართლებრივი ინსტრუმენტები არ გააჩნია.

პოლიტიკური ინტერესები?!

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი:

- მსგავსი პროცედურა საშუალებას იძლევა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები რომელიმე კერძო ჯგუფის ინტერესებით დაინიშნონ და გავლენის ქვეშ მოექცნენ.

წლების განმავლობაში სწორედ 37-ე მუხლის გამოყენებით დაუსაბუთებლად გადაჰყავდათ მოსამართლეები ერთი სასამართლოდან მეორეში. რაც მთავარია, არ არსებობს რეგულაცია, სადაც მითითებულია, რა პრინციპით აწინაურებენ მათ; ანუ საბჭოს აბსოლუტური დისკრეცია აქვს, საკუთარი სურვილით გადაწყვიტოს, რომელი მოსამართლე იყოს ამა თუ იმ სასამართლოში... მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებში ხაზგასმულია, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა შეფასების სისტემა უნდა შექმნას, ამ საკითხზე მუშაობა ჯერაც არ დაუწყიათ. საბოლოოდ, თამაშის წესები არ არსებობს, ან ბუნდოვანია და საბჭოს წევრებსაც საკუთარი ინტერპრეტაციით მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. რაც მთავარია, ეს ორგანო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულიც არ არის - განუსაზღვრელი უფლებების წყალობით კი ჩნდება საფრთხე, რომ ამას სუბიექტური მიზნით გამოიყენებენ. არ გამოვრიცხავ, 7 მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურება პოლიტიკურ ინტერესებსაც უკავშირდებოდეს.

"იუსტიციის საბჭო დღემდე სააკაშვილსა და ადეიშვილს ეთაყვანება"

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- "იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესაც ზურაბ ადეიშვილის დავალებების შემსრულებელია.

იუსტიციის საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე, რომელმაც საზოგადოებას გირგვლიანის საქმესა და ბანკ "ქართუზე" გამოტანილი ნონსენსური განაჩენებით დაამახსოვრა თავი, ეჭვი არ მეპარება, რომ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კოზირია.

იუსტიციის საბჭოში დღემდე ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკვეთის პირდაპირი შემსრულებლები არიან. ყველასთვის ცნობილია, რომ სასამართლო დაკომპლექტებული იყო ზონდერმოსამართლეებით, რომელთა "წყალობით" ქვეყანაში ყოველი მეათე მოქალაქე ნასამართლევად ითვლება - ჩვენ ნასამართლევი ერი ვართ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დანიშვნას, დარწმუნებული ვარ, ეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, საარჩევნო სარჩელები საქალაქო სასამართლოში განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება, სააპელაციოდან კი უზენაეს სასამართლოში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იგზავნება. შესაბამისად, თუ სააპელაციოში "ნაციონალებს" მათ მიერ მართული მოსამართლეები ეყოლებათ, სასურველი განაჩენების მიღებაც არ გაუჭირდებათ. 2016 წლის არჩევნების ნორმალურად ჩატარება საფრთხეშია! ხმებს ცესკო კი არ დაითვლის, არამედ სააპელაციო სასამართლო. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების ჩაშლისთვის პლაცდარმს ქმნიან. ასე რომ, საზოგადოებამ განგაშის ზარი უნდა შემოჰკრას!

მოკლედ, სასამართლოში დიდი სკანდალია მოსალოდნელი. საბჭო, რომელიც დღემდე სააკაშვილსა და ადეიშვილს ეთაყვანება, განუსაზღვრელი უფლებებით არ უნდა სარგებლობდეს!

"ეს მოსამართლეები დანაშაულებრივ დაკვეთებს ასრულებდნენ"

ლია მუხაშავრია, იურისტი: - ჩნდება ეჭვი, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს წარსული "დამსახურებისთვის" აწინაურებენ. არ გამოვრიცხავ, მათი გამოყენება მომავალში ხელისუფლებამაც სცადოს. ეს ადამიანები წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივ დაკვეთებს ასრულებდნენ და დღესაც კარგად იციან, შეთითხნილ საქმეებზე რა პრინციპით უნდა იმუშაონ.

შესაძლოა, ეს პროცესი საარჩევნო დავებსაც უკავშირდებოდეს. პოლიტიკურ გარიგებასთან კავშირი აშკარაა - საარჩევნო დავები, ძირითადად, სწორედ სააპელაციო სასამართლოში წყდება...

"იუსტიციის საბჭო საეჭვოდ ჩქარობს"

ნინო გვენეტაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: - სასამართლოებში საქმეებით გადატვირთულობის პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ შეგვექმნა, რაც აგვისტოში მოსამართლეთა დიდ ნაწილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. საერთო სასამართლოში დღესაც 68 ვაკანტური ადგილია. კანონის შესაბამისად, მოსამართლეების გამწესება კონკურსის წესით ხდება, რაც გასაუბრებას მოიცავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი იუსტიციის საბჭო 10 ხმით იღებს. ახლაც პროცესი გამჭვირვალედ წარიმართებოდა, თუმცა გაირკვა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში უნდა დავაწინაუროთ 7 მოსამართლე ყოველგვარი კონკურსის გარეშე. 37-ე მუხლის მიხედვით, ე.წ. ქვემდგომი ინსტანციიდან მოსამართლეთა დაწინაურების წესი გამჭვირვალე პროცედურებს არ ითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ საბჭოს 11-მა წევრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე მოსამართლის დანიშვნას დაუჭირა მხარი. არადა,

ვერც ერთმა ვერ დაასაბუთა, რატომ უნდა მივანიჭოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უპირატესობა, როცა საქალაქო სასამართლოში, როგორც მოსამართლეთა სიმცირის, ისე დიდი რაოდენობის საქმეთა პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.

- ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურ თამაშშია ჩართული და ნიადაგს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებს.

- როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონკრეტულ ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გასაოცარია კოლეგების მონდომება, სააპელაციო სასამართლო 7 ახალი მოსამართლით უკონკურსოდ დაკომპლექტდეს.

- თუ არის ცნობილი იმ 7 მოსამართლის ვინაობა, ან რამდენად იწვევს მათი წარსული პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ეჭვებს?

- პრობლემა ის არის, რომ მათი საქმიანობის შეფასების პროცედურები არ არსებობს, ჩაშლილია დისციპლინური სამართალწარმოებაც, რაც მოსამართლეთაL პროფესიული საქმიანობის შეფასების საშუალებას მოგვცემდა.

- ამ პირობებში როგორ უნდა გადაწყდეს მოსამართლის დაწინაურება, თუ მათი საქმიანობის შეფასების მექანიზმი არ არსებობს?

- ეს სერიოზული პრობლემაა და დღემდე უპასუხო კითხვებია. მოგეხსენებათ, პარლამენტმა უამრავი მსჯავრდადებული პოლიტპატიმრად აღიარა. რეალურად დისციპლინური სამართალწარმოება არ მუშაობს. მოქალაქეთა უამრავი საჩივარი თაროზეა შემოდებული... არ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტების შეფასებაც, რამდენად სამართლიანია მოსამართლეთა გადაწყვეტილებები. ვეჭვობ, ის რეგულაციებიც კი, რომლებიც საბჭომ სამოქალაქო სექტორის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოსამართლეთა დაწინაურების წესად დაადგინა, ფორმალურია. მათი დაწინაურების კრიტერიუმები გაწერილია, თუმცა მის ამოქმედებას დრო და დიდი რესურსი სჭირდება. ვფიქრობ, იუსტიციის საბჭო 7 მოსამართლის დანიშვნის საკითხზე საეჭვოდ ჩქარობს და კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ზოგადი არგუმენტაცია კი დაუსაბუთებელია. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს ჩრდილს არ მიაყენებს. თუ სასამართლო არ იქნება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, მაშინ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

მოსამართლეების საეჭვო საქმეები

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა 7 მოსამართლისგან იმ 5-ის ვინაობა, ვისაც სააპელაციო სასამართლოში დასაწინაურებლად ამზადებენ.

თამარ ონიანი - 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შეფასებისას რამდენჯერმე მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში, როგორც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიტინგის მონაწილეთა დაპატიმრების ბრძანებების გამცემი.

გიორგი მიროტაძე - ის მოსამართლეა, რომელმაც უარი განაცხადა ზურაბ ჟვანიას სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ბრალდებული პროკურორის, მამუკა გვარამიას მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენებაზე, რითაც გახმაურებული საქმე ჩიხში შეიყვანა.

გიორგი ტყავაძე - სადისციპლინო კოლეგიის წევრი მოსამართლე, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მას მოქალაქეების მიერ შეტანილი არც ერთი დისციპლინური საჩივარი არ განუხილავს.

გიორგი ქაშაკაშვილი - იყო პოლიტპატიმარ ცოტნე ანანიძის საქმის მოსამართლე.

ბადრი შონია - 2012-2013 წლებში სახალხო დამცველმა ორჯერ მოითხოვა მასზე დისციპლინური დევნის აღძვრა, თუმცა უჩა ნანუაშვილის მოთხოვნა იუსტიციის საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვა.

გოგიტა თოთოსაშვილი - იურიდიულ წრეებში ამბობენ, რომ მისი გადაუდებელი დაწინაურების საკითხი სააპელაციო სასამართლოში ძალიან საეჭვოა. რამდენიმე თვის წინ ის კახეთის სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს, ახლა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოში მის დაწინაურებას პირდაპირი დანიშვნის წესით აპირებს.

რუსუდან შელია