"კარჩაკეტილად ვცხოვრობ, რადგან გამიჭირდება, ამ ჯალათებს სადმე გადავეყარო და მოძალადედ არ ვიქცე" - კვირის პალიტრა

"კარჩაკეტილად ვცხოვრობ, რადგან გამიჭირდება, ამ ჯალათებს სადმე გადავეყარო და მოძალადედ არ ვიქცე"

არმაზ ხარძიანი: "თან მაწამებდნენ და თან მეუბნებოდნენ, "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობაზე გვითხარი, რაში გამოვიჭიროთო!"

ყოფილი პატიმრების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის განცხადება იმის თაობაზე, რომ "ციხის კადრები" დადგმული იყო.

"ჩემი მწამებლები დღეს თანამდებობებზე არიან"

ლაშა არქანია, ყოფილი პატიმარი (პედაგოგი): - 2011 წლის 14 ივნისს დამაკავეს სოფელ ჯვრის, წალენჯიხისა და ზუგდიდის პოლიციის განყოფილების პოლიციელებმა. ჯერ მანქანაში მცემეს, შემდეგ ენგურის სანაპიროზე, ბოლოს კი ჯვრის პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს ცემა-წამება, წალენჯიხის პოლიციის განყოფილების იმჟამინდელი უფროსის გოჩა გოგოხიას ხელმძღვანელობით. გამოძიებისას ყველა პოლიციელი ამოვიცანი. მათ შორის იყვნენ ცრუბრალდების მოწმე თორნიკე შელია (დღეს უკვე ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების უფროსი), რუსლან აბულაძე, ილუშა აქუბარდია, გიორგი სამუშია, კახაბერ სამუშია, კოხტა კოდუა და სხვები.

"პალიტრა TV"-ს მიერ 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამის დეტალურად გაშუქებას "პალიტრამედიის" ექვს ორგანიზაციაში ერთდროულად შემოსავლების სამსახურის შემოსვლა მოჰყვა. საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა თუ პოლიტიკოსებმა ეს საგანგაშოდ მიიჩნიეს და მხარდასაჭერად შეიკრიბნენ "პალიტრამედიის" ეზოში

საქმე ის გახლდათ, რომ დაკავებული ჰყავდათ ჩვენი გვარის წარმომადგენლები, რომელთაც ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. მაიძულებდნენ ჩემს სოფელში - მუჟავაში მომხდარ ტერორისტულ აქტში დამედანაშაულებინა პირები, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობდი. მოითხოვდნენ, ხელი დამედო მალხაზ არქანიასთვის და კიდევ სამი პირისთვის, სანაცვლოდ 2-წლიან პატიმრობას მაკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 20-წლიან "სროკზე" გამიშვებდნენ(!). პოლიციელებს გოგოხიამ დაუბარა, ჩემს მოსვლამდე ისე დაამუშავეთ, ყველაფერი აღიაროსო. მერე აქუბარდიამ დამიდო ჩვენება და ხელის მოწერას მაიძულებდა. არ ვთანხმდებოდი, ამ დროს

კოხტა კოდუამ ვიღაცას პრეზერვატივწამოცმული "დუბინკა" მოატანინა... ამის შემდეგ ხელის მოწერაზე დავთანხმდი, "ვაღიარებდი" ნარკოტიკისა და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. კოდუა ოჯახის წევრების ლიკვიდაციით და ასაკოვანი დედის გაუპატიურებითაც კი დამემუქრა... 2013 წელს მცნეს დაზარალებულად, მაგრამ რად გინდა, ჩემი მწამებლები დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან მოკალათებული. გოჩა გოგოხია სასაზღვრო პოლიციის უფროსია. როლანდ ახალაიას მონა პროკურორებიც იმავე სტრუქტურაში არიან.

კარჩაკეტილ ცხოვრებას იმიტომ ვეწევი, რომ გამიჭირდება, ამ ჯალათებს სადმე გადავეყარო და მოძალადედ არ ვიქცე. ნონსენსი არ არის? - ჩემს წამებაში ეჭვმიტანილები ხელშეუხებლები არიან...

"ახლა გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო. რაც გადავიტანე, მომეჩვენა?"

გენო აროშიძე, ყოფილი პატიმარი (ბიზნესმენი): - გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ვიყავი. 2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მომიწყვეს სპეცოპერაცია და მოვხვდი გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რომლის უფროსიც სისასტიკით განთქმული ოლეგ ფაცაცია იყო. ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც 10-12 კაცი გონების დაკარგვამდე წიხლებით და ხელკეტებით მცემდა და მაფურთხებდა. ნეკნები ჩამემტვრა, თირკმელში ახლაც მაქვს ჩაკირული ჰემატომები, მარცხენა ყურში სმენა დავკარგე.

ახლა გაიძახიან, დადგმულია ციხის კადრებიო. რაც გადავიტანე, მომეჩვენა? თვითონ გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი და გავნადგურდი ფიზიკურად, მორალურად თუ მატერიალურად. რაც შეეხება ცოცხის კადრს, ეს რეალური რომც არ ყოფილიყო, ადამიანს გაუპატიურების იმიტაციას რომ გაუკეთებ, წამება არ არის?! ზოგი შემსრულებელი კი მისცეს პასუხისგებაში, მაგრამ სად არიან კალმახელიძე და შაშკინი?! თუ არ იცოდნენ, რა ხდებოდა მათ სისტემაში?! ის ყოფილი მაღალჩინოსნები, ვინც საქართველოდან გაიქცა, ხელცარიელები არ წასულან და ე.წ. კასრების კადრებიც ბევრმა გააყოლა ხელს.

"ღრიალი კივილსა და ღმუილში გადადიოდა"

არმაზ ხარძიანი, ყოფილი პატიმარი (ჟურნალისტი): - გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე თავად სცემდა პატიმრებს, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად სუსტი იყო, პირველ დარტყმას აყენებდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომელი უნდა ეცემათ პირველად. ამის შემდეგ იმ პიროვნებას დაესეოდნენ - ბუთლიაშვილი, ფაცაცია, ყაჭეიშვილი, ძიძიგური, დათო (გვარი არ მახსოვს, პავლოვიჩს ეძახდნენ), "ხონსკი", "ცხრამუხა", ანგო შანავა, ლევან ბეშქენაძე, რუსლანა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეში ოფიცრებს მეტსახელები ჰქონდათ.

ბუთლიაშვილი და ფაცაცია წაქცეულ პატიმარს ზემოდან ახტებოდნენ (თითოეულის წონა მინიმუმ 120 კგ იყო), გონდაკარგულებს თავზე აშარდავდნენ და თან ხარხარებდნენ...

როცა 26 მაისს მომიტინგეები დაარბიეს, ციხეში რადიო გათიშეს, ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით. როგორც მერე გავიგეთ, "პალიტრა TV"-ს მიერ 26 მაისის სისხლიანი დარბევის კადრების გავრცელებას "პალიტრამედიაში" საგადასახადოს შესვლა მოჰყვა. ეს ამბავი ციხეში შევიტყვე, რადგან დაპატიმრებამდე ამ მედიასახლში ვმუშაობდი. ღამის 3 საათზე საკნიდან ადმინისტრაციის შენობაში გადამიყვანეს, გვითხარი, "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობაზე რისი თქმა შეგიძლია - სად აქვთ "პრაკოლი", რაში გამოვიჭიროთო? თავიდან წყნარად მითხრეს, ამ საკითხზე იფიქრე და ხვალ ვილაპარაკოთო. დამაბრუნეს საკანში, მაგრამ ნახევარ საათში ისევ გამიყვანეს. ეს ფსიქოლოგიური ტერორის ერთგვარი მეთოდია.

მეორე დღეს გამიყვანეს და მაყურებინეს გაუპატიურების ფირებს. მითხრეს, ჩვენთან თუ არ ითანამშრომლებ, შენც იგივე გელისო. როცა ვუთხარი, ეს არ მელის, რადგან თავს მოვიკლავ-მეთქი, მიპასუხეს, შენ თუ თავს მოიკლავ, შვილები და ცოლი გრჩებაო... დამისახელეს სკოლა, სადაც ჩემი შვილები სწავლობდნენ, ასევე სამხატვრო სალონი, სადაც ჩემი ცოლი აბარებდა ნამუშევრებს. ისიც მითხრეს, ჩემს ცოლს როგორი ფერის თმა ჰქონდა...

როცა საბოლოოდ ვთქვი უარი თანამშრომლობაზე, ოლეგ ფაცაციას დაუძახეს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს... ფაცაციამ გარეთ გამიყვანა, - მითხრეს, თავის მოკვლა უნდაო, კამერაში რომ დაგაბრუნო, იქ მოიკლავ თავს თუ კარცერშიო? ჩუმად ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი, მეგონა, ეს ჩემი ბოლო სიგარეტი იყო... შემდეგ ფაცაციამ ოფიცერს დაუძახა, - კამერაში წაიყვანეო. ამიყვანეს საკანში, რომელიც აბანოს გვერდით იყო. თუ ამ ციხეში ნამყოფი არ ხარ, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს აბანოს გვერდით მდებარე საკანი. იქ ყოველ ღამე ისმოდა საშინელი ღრიალი, რომელიც შემდეგ კივილსა და ღმუილში გადადიოდა...

ეს იყო უსაშინლესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელსაც იმიტომ მიმართავდნენ, რომ "კვირის პალიტრის" საწინააღმდეგო განცხადებები გამეკეთებინა, თითქოს ამ მედიასახლში ჟურნალისტებს აიძულებდნენ, შეკვეთილი სტატიები ეწერათ. პირდაპირ მეუბნებოდნენ, გიორგი თევდორაშვილს დაადე ხელი და თქვი, რომ შეკვეთილი მასალების წერას გაიძულებდათო. ვიდეოაღიარებას ჩავწერთ და მერე ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო. მპირდებოდნენ, როცა გახვალ, იმავე მედიასახლში დაგასაქმებთ და მაღალ ხელფასსაც მოგცემთ, მაგ დროს ეგ ბიზნესი უკვე ჩვენი იქნებაო(!). რომ ვერ გამტეხეს, უმოწყალოდ მცემეს. ჩემს ე.წ. დაკითხვას მუდმივად ესწრებოდნენ "კილერა" და ოლეგ ფაცაცია, მათთან ერთად სამი ჰალსტუხიანი ახალგაზრდა, რომლებიც ვითომ მაშინებდნენ, აქედან მერაბიშვილთან მივდივართ და რას დაგვაბარებო...

მუხაძეს ტელეფონში ჰქონდა გადაწერილი პატიმართა წამების ამსახველი ფაილები, ჩართავდა და ციხის დერეფანში დადიოდა, რათა სხვა პატიმრებს გაეგონათ არაადამიანური ხმები...

რუსთავის #17 დაწესებულებაში მიღებისას პატიმრებს ცემით კლავდნენ და ამ პროცესს ლევან პაჭკორია, მეტსახელად "ნინძა" ხელმძღვანელობდა. ზონის დირექტორი, ბაჩო ახალაიას ძმაკაცი ლაშა ბრეგვაძე მშვიდად უყურებდა, როგორ სცემდნენ პატიმრებს და მერე ამბობდა, გახსოვდეთ, რომ ზონაზე ქურდი მე ვარო. თუ საქართველოში ნიურნბერგის დარი პროცესი არ გაიმართება, ვერავინ იქნება იმის გარანტორი, ვინ ვის სად გადაეყრება და რა ხასიათზე. ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას, როდემდე შეუძლიათ გამწარებულ ადამიანებს მოთმენა. და კიდევ, როგორ გგონიათ, ისინი, ვინც კადრებს ავრცელებენ, არ უნდა დაისაჯონ? პატიმრებს ეს კინო ნანახი გვაქვს და ჭრილობაზე მარილის დაყრა რამდენად გამართლებულია, თავად განსაჯეთ... ვინმემ რომ ვინმე ამოიცნოს კადრებში, სად მიდიხართ მერე?!

ნანა ფიცხელაური