"ჯერ ჩემმა ცოლმა უნდა ამიხსნას, რა მოხდა" - რატომ მოკლა ახალშობილი დედამ - კვირის პალიტრა

"ჯერ ჩემმა ცოლმა უნდა ამიხსნას, რა მოხდა" - რატომ მოკლა ახალშობილი დედამ

"ქალს წინდა გაუჭრია შუაში და ჩვილი იმ წინდით მოუხრჩვია. მერე ჩანთაში ჩაუდვია, ეტყობა, გადაგდება ვერ მოასწრო"

წნორის სამედიცინო კლინიკაში, 37 წლის ქალის პალატასთან პოლიციელები დღედაღამ მორიგეობენ. პაციენტის ნახვის უფლება ოჯახის წევრებს არა აქვთ. დღეს მაიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მალე უმძიმეს ბრალდებას წაუყენებენ... ფეხმძიმე ქალმა სახლში იმშობიარა, შემდეგ ჩვილი წინდით მოახრჩო და ჩანთაში ჩადო. ალბათ, განზრახვას აღასრულებდა, მოულოდნელად სისხლდენა რომ არ დასწყებოდა, ისიც იძულებული გახდა, უფროსი ვაჟისთვის დაერეკა. ბიჭმა სახლში მიირბინა, მეზობელიც შეესწრო ამ ფაქტს. ავადმყოფი კატეგორიულ უარზე იყო, სასწრაფო გამოეძახათ, მაგრამ შვილმა მაინც დარეკა, ამის მერე გაირკვა მომხდარი.

ნინო ფიროსმანაშვილი, მეან-გინეკოლოგი: "პაციენტი რომ გავსინჯეთ, დადგინდა, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, ჯერ მომყოლი არ ჰქონდა დაბადებული. ახალშობილი რომ მოვიკითხეთ, გვითხრა, რომ მუცელი მოეშალა, თუმცა აშკარად პატარა ორსულობა არ იყო და ბავშვი ჩვეულებრივ ჰყავდა ნამშობიარები"

წნორში მაიას ოჯახის მოძებნა არ გამჭირვებია. ე. წ. "პასიოლოკის" დასახლებაში უკიდურეს გაჭირვებაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მაიასა და გიას ოჯახია. აგურით ნაშენებ პატარა სახლში ცოლ-ქმარს ორი ოთახი აქვს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. მაიას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი - 19-ისა და 17 წლის, ხოლო გიასთან 9 წლის ბიჭი ჰყავს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქმარმა ცოლს სასტიკად სცემა, ამის შემდეგ იმშობიარა ქალმა და მოკლა ჩვილი, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ როგორც მეზობლები, ასევე ოჯახის წევრები.

გია, მაიას მეუღლე: - სანამ მეუღლეს არ ვნახავ, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. ისიც არ ვიცი, რა მოხდა. სიღნაღში ვიყავი სასამართლო პროცესზე წასული და იქიდან რომ მოვედი, ეს ამბავი დამხვდა. ეს სახლი მამაჩემის სახელზეა და აქამდე ვერ მოვახერხე ჩემს სახელზე დარეგისტრირება, მაწვალებენ და ამიტომ დავრბივარ სასამართლოში. ჯერ ჩემმა ცოლმა უნდა ამიხსნას, რა მოხდა.

- ამბობენ, რომ მეუღლეს სცემეთ და ამის შემდეგ დატრიალდა ეს ტრაგედია.

- საიდან მოიტანა ეს პოლიციამ? ალბათ, ვიღაცამ ჭორი გაავრცელა. ჩაატარონ ექსპერტიზა და ნახავენ, აქვს თუ არა ცემის კვალი.

- იცოდით, მეუღლე ფეხმძიმედ რომ იყო?

- ნუ მეკითხებით, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

მაიას უფროსი ვაჟი: "პატარები ვიყავით, დედა გიას ცოლად რომ გაჰყვა. ჩვენ აქ გავიზარდეთ. მათ შორის ცემა-ტყეპა რომ ყოფილიყო, მამას დედის ცემის უფლებას არ მივცემდით. პირიქით, ის ყოველთვის ძალიან კარგად გვექცეოდა. ბებიასთან ვიყავი, დედაჩემმა რომ დამირეკა, მოდი, ძალიან ცუდად ვარო. მე გამოვიძახე სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. როცა უკან დავბრუნდი, სახლში პოლიციელები დამხვდნენ. დეტალები არ ვიცი. დედა ცუდად არის და მასთან შეხვედრის საშუალება არ მოგვეცა. სხვა არაფერი ვიცი".

მეზობლების თქმითაც, მეუღლემ და შვილებმა მაიას ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

იზო, მეზობელი: "მაიასთან რომ მივედი, საწოლში იწვა, ადამიანის ფერი არ ედო. ტუჩები გაშავებული ჰქონდა. სასწრაფოს გამოძახებაზე კატეგორიული უარი თქვა, მაგრამ შვილმა მალულად მაინც გამოიძახა.

ექიმმა სახეზე რომ შეხედა, მაშინვე ჰკითხა, სისხლდენა ხომ არა გაქვსო. არაო, დამალა, არადა, მკვდრისფერი ედო.

სასწრაფოდ წვეთოვანი დაუდგეს და უთხრეს, საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთო. თავს იკლავდა, არ უნდოდა წასვლა. როგორც კი საწოლიდან წამოაყენეს, სისხლი თქრიალით წასკდა. ამ დროს ბავშვი უკვე მოცილებული ჰყოლია... მერე მოვიდნენ პოლიცია, სასწრაფოს ექიმი და იპოვეს მკვდარი ჩვილი. მაიას წინდა გაუჭრია შუაში და იმ წინდით მოუხრჩვია. მერე ჩანთაში ჩაუდვია, ეტყობა, გადაგდება ვერ მოასწრო. არც ერთმა მეზობელმა არ იცოდა, თუ მაია ორსულად იყო. მუცელი არ ეტყობოდა. ერთხელ მეზობელმა მუცელზე წაუთათუნა ხელი და ჰკითხა, ორსულად ხომ არა ხარ, რაღაც მუცელი გაგზრდიაო. არა, ფიბრომა მაქვს და ამიტომ მაქვს ასეთი მუცელიო.

რატომ მალავდა, არ ვიცი. დღიურ სამუშაოზე მუშაობდა, ყურძენს კრეფდა ვენახებში. გაგიჟებული იყო გია, სასაფლაოდან დაბრუნებული ხმას ვერ იღებდა, ყელში ეჩხირებოდა ბოღმა და ცრემლი. შესაძლოა, ბავშვის მოცილების მიზეზი სიდუხჭირეა, ძალიან უჭირთ, მაგრამ თვითონ თუ ვერ გაზრდიდა, გაეშვილებინა, მის მეზობლად ორი უშვილო ოჯახი ცხოვრობს, შვილზე ოცნებობენ.

არ იყო ცუდი ქალი, ზრუნავდა შვილებზე. ბევრს შრომობდა, მეცხრე თვეში ყოფილა და მთელი ეს პერიოდი რთველში დადიოდა მუშად.

უფროსი შვილი თურქეთშიც დადის სამუშაოდ, მაგრამ თავის გატანას მაინც ვერ ახერხებენ. ტყუილია, რომ ქმარმა სცემა და მერე ჩაიდინა ეს ამბავი. ქმარმა გვიან გაიგო, რაც მოხდა", - მითხრა მეზობელმა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა