"გეფიცებით, დანაშაული არ ჩამიდენია" - 28 ლარის ქურდობისთვის 4-წლიანი პატიმრობა - კვირის პალიტრა

"გეფიცებით, დანაშაული არ ჩამიდენია" - 28 ლარის ქურდობისთვის 4-წლიანი პატიმრობა

"28 ლარის ქურდობა დამაბრალეს და 4 წელი მომისაჯეს"

29 წლის პატიმარი ბესიკ ყიფიანი ქსნის დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ირწმუნება, რომ 28 ლარის ქურდობის მცდელობისთვის სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა.

- იქნებ ვინმემ გულთან მიიტანოს ჩემი გასაჭირი. იმედი მქონდა, სასამართლოში დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს, მაგრამ ეს იმედიც გაქრა. სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენი და მომიწევს 4 წლის ციხეში ტყუილუბრალოდ გატარება. გეფიცებით, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. მშობლები არ მყავს, მხოლოდ ერთი და მყავს და უპატრონო ბიჭის დაკავება პოლიციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

- რას გედავებიან?

- გასულ წელს გლდანში დამაკავეს. ლარიანი მედო ჯიბეში და ვაპირებდი ჩემს მობილურში ჩამერიცხა. "თიბისი ფეის" აპარატთან მივედი და ვცადე თანხის ჩარიცხვა, არ ჩაირიცხა, ამ დროს თავზე დამადგა სამი პოლიციელი: ირაკლი ბედია, ირაკლი კუხალეიშვილი და გიორგი შენგელია და დამაკავეს. მიმტკიცებდნენ, თითქოს აპარატიდან თანხის აღება მინდოდა. გატეხილი და წაღებული არაფერია, მაგრამ ქურდობის მცდელობაში ბრალი დამდეს. განაჩენში წერია, თითქოს 28 ლარის და 50 თეთრის მითვისება ვცადე. მოსამართლეს ვთხოვდი, ეჩვენებინა მტკიცებულებები, რის საფუძველზე მასამართლებდა, მაგრამ არავინ მომისმინა.

- დანაშაულს აღიარებდით?

- რაც არ ჩამიდენია, რატომ უნდა მეღიარებინა? პოლიცია მიმტკიცებდა, თითქოს სწრაფი გადახდის აპარატში ჩავტენე ფურცლები, ჩავაგდე მინა და ველოდებოდი, ვინმე მოსულიყო და ჩაერიცხა ფული, რომ შემდეგ მე ამეღო.

- ადრე ნასამართლევი ხომ არა ხართ?

- ნასამართლევი ვარ და ვფიქრობ, ამიტომაც გამწირეს. მეზობელი პურის საცხობში მუშაობდა, სეიფის გასაღები ჰქონდა, თავად წამიყვანა და მერე თვითონვე ჩამიშვა. 1.200 ლარი წამოვიღეთ და ამისთვის მკაცრად დავისაჯე. ჩემს მეზობელს პატრონი ჰყავდა და მცირე სასჯელი აკმარეს, მე კი 5 წელი ვიყავი ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ ვის რაში ვჭირდები. მოსკოვის პროსპექტზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში დავდიოდი და იქ ვათენებდი ღამეს. ერთხელ ისე ცუდად გავხდი, ინგოროყვას კლინიკაში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს.

არა ვარ დამნაშავე, უკანონო პატიმარი ვარ. იქნებ ვინმემ მაპოვნინოთ სამართალი.

თეა ხურცილავა