”არ არის გამორიცხული, გამოძიება ჯანყარაშვილითაც დაინტერესდეს” - მოპარული მილიონების სკანდალური საქმე - კვირის პალიტრა

”არ არის გამორიცხული, გამოძიება ჯანყარაშვილითაც დაინტერესდეს” - მოპარული მილიონების სკანდალური საქმე

თამარ ფხოველიშვილი: ”სანამ გამოძიებას მასალებს გადაუგზავნიდნენ, შავლიაშვილმა ცაბუტაშვილი ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა”

წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა 8-თვიანი დუმილი დაარღვია - 2 227 887 ლარის მითვისებისთვის 2015 წლის თებერვალში დაკავებული თამარ ფხოველიშვილი თაღლითურ სქემაში მასთან ერთად მონაწილე ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, კომპანიის ყოფილ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს ასახელებს და მის უკან მდგარ ”ზურგზეც” საუბრობს. შეგახსენებთ, 8 თვის წინ ფხოველიშვილთან ერთად მისი მეუღლეც დააკავეს, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ შემსრულებლად დასახელდა. გამოძიების მასალებში ნათქვამია: ”ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ გადაირიცხებოდა”. ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას 9 ნოემბერსაც გეგმავს და შესაძლებელია, სასამართლო პროცესზე სქემის სხვა სკანდალურ დეტალებზეც ისაუბროს.

- როდის და როგორ აღმოჩნდით ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” და ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია?

- წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობა არჩილ ცაბუტაშვილის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდგომ დავიწყე. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობდით.

- შეგიძლიათ დეტალურად გაგვიშიფროთ სქემა, რომლითაც წყალმომარაგების ანგარიშიდან პირად ანგარიშზე თითქმის 3 მილიონ ლარამდე თანხა გადარიცხეთ?

- სქემა ცაბუტაშვილის მოადგილე კახაბერ სოლოღაშვილმა შეადგინა და წარმოადგენდა ღია საბანკო ტრანზაქციის გზით კომპანიიდან თანხის უკანონოდ გადინებას სხვა კომპანიების ანგარიშებზე. ცაბუტაშვილმა მითხრა, რომ კომპანიაში ფინანსური ტრანზაქციების შესამოწმებლად მაკონტროლებელი ორგანოები არ შემოვიდოდნენ, თუმცა შემოსვლის შემთხვევაშიც, შედეგებზე პასუხისმგებელი თავად იყო. ხშირად მიმეორებდა, რომ მის უკან ძლიერი ზურგი იდგა. გადარიცხული თანხების 20% ჩემი იქნებოდა, 80% კი ცაბუტაშვილთან უნდა მიმეტანა.

- სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის მოხსნას დამოუკიდებლად და ვერც მხოლოდ ქმრის დახმარებით ვერ შეძლებდით. ცაბუტაშვილიც თქვენს განცხადებას უარყოფს. გაქვთ მტკიცებულება მის წინააღმდეგ, ან რა გარემოება მიანიშნებს საქმეში მის მონაწილეობას?

- ამ სქემას ხელმძღვანელ პირთა თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე ვერ განვახორციელებდი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ცაბუტაშვილის მმართველობის პერიოდში საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ ისეთ პირებს, რომლებსაც ასეთი წვდომა მათი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდათ. მაგალითად, წყალმომარაგების კომპანიაში ყოველთვიურად ხდებოდა ე.წ. ქეშფლოუ, რაც ფულადი ნაკადების მოძრაობის აღწერას გულისხმობს, ანუ რა თანხა შევიდა კომპანიაში და რა გავიდა, პერიოდულად მოწმდებოდა. მეტიც, გაირკვა, რომ აღნიშნული ნაკადების შემსწავლელ პირს წვდომა არ ჰქონდა კომპანიის ყველა ანგარიშზე, მათ შორის იმ ანგარიშზეც, საიდანაც კომპანიიდან უკანონოდ გადაირიცხა თანხები. ეს ნიშნავს, რომ პირი ვერ ხედავდა სრულ სურათს შესრულებული ჩარიცხვებისა თუ გადარიცხვების შესახებ. ასევე ვერ ხედავდა, რომ თანხების აკუმულირება არა კომპანიის ძირითად ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე (საიდანაც შემდგომში გაედინებოდა თანხები) ხდებოდა. ამ ინფორმაციაზე წვდომა გამორთული იყო. ეს საკმარისია დასკვნისათვის, რომ ამ საქმეში გარეული იყო კომპანიის ხელმძღვანელობა, ვინაიდან სწორედაც სოლოღაშვილისა და ცაბუტაშვილის მოთხოვნით დაწესდა ასეთი სახის შეზღუდვები.

- რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან ზვიად ჯანყარაშვილს და დავით შავლიაშვილს?

- არ გამოვრიცხავ, გამოძიება ჯანყარაშვილით დაინტერესდეს და არც ის არის გამორიცხული, რომ არჩილ ცაბუტაშვილს მფარველობა სწორედ ჯანყარაშვილმა გაუწია - ისინი ნათელმირონები არიან. თუმცა, ეს ობიექტური გამოძიების დასადგენია! ყველამ ვიცოდით, რომ ჯანყარაშვილმა დანიშნა ცაბუტაშვილი. ცაბუტაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც შავლიაშვილთან, ასევე ხოკრიშვილთანაც. შავლიაშვილამდე ხოკრიშვილი იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი. ისიც, რომ არჩილ ცაბუტაშვილი გადავიდა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ და გარემოს დაცვიდან წყალმომარაგების კომპანიაში გადმოვიდა ხალხი, ერთგვარი შეთანხმების ნაწილი გახლდათ.

- რატომ მოხდა თანამდებობების გაცვლა წყალმომარაგების კომპანიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შორის? რატომ ფიქრობდნენ, რომ მსგავსი ქმედებით დანაშაულის კვალი წაიშლებოდა?

- სანამ გამოძიებას მასალებს გადაუგზავნიდნენ, შავლიაშვილმა ცაბუტაშვილი ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა საკითხავია, რეალურად ჩააყენა თუ ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილი იყო. ფაქტია, კომპანიიდან მითვისებული 3 მილიონამდე ლარიდან 1 700 000 ლარი არჩილ ცაბუტაშვილმა დახარჯა. როდესაც ის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, სამინისტროში მეც წამიყვანა. თუმცა, ისიც მითხრა, რომ შეთანხმების მიხედვით 2014 წლის ბუღალტრული ანგარიშები წყალმომარაგების კომპანიაში მე უნდა დამესრულებინა; ანუ ამ პერიოდში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად პარალელურ რეჟიმში წყალმომარაგების კომპანიაშიც ვმუშაობდი და ხელფასს იქაც ვიღებდი.

”კვირის პალიტრა” არჩილ ცაბუტაშვილს დაუკავშირდა:

- რასაც ფხოველიშვილი ჩემზე ამბობს, ცილისწამებაა. მერწმუნეთ, ყველას ყველაფერი მიეზღვება...

- თუ საქმეში არ მონაწილეობდით, რა ინტერესი აქვს ფხოველიშვილს, ცილი დაგწამოთ, ის ხომ თქვენი მეგობარი იყო?

- არ ვიცი, ის ჩემ გარდა უამრავ ადამიანს ადებს ხელს და საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. როგორც ჩანს, ეს არის მიზანი.

რაც შეეხება მეგობრობას, ზოგჯერ დედმამიშვილებს შორის იკარგება ნივთები, ერთი ”ვირთხა” ოჯახშიც კი შეიძლება გამოერიოს. ცხრა თვეა გამოძიება მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, ვინმეს რამე გამოეპარებოდა?! ყველას თავისი მიეზღვება. მე ადვოკატიც არ ამიყვანია, ამ საქმეში სუფთა ვარ.

- კომპანიას ხელმძღვანელობდით და ფინანსურ გადარიცხვებზე პასუხისმგებელი იყავით. 2 მილიონზე მეტი თანხა რომ გაიფლანგა, თქვენს პასუხისმგებლობაზე არ მიუთითებს?

- კომპანიაში უამრავი შემმოწმებელი ორგანო მყავდა, მაგრამ თაღლითური ჯგუფი ფინანსური მაქინაციების დამალვას ახერხებდა.

- სასამართლო პროცესზე აღნიშნეთ, რომ კომპანიიდან მიღებული ხელფასის გარდა, უკრაინაში არსებული ბიზნესიდან მიიღეთ შემოსავლები, რაც დეკლარაციაში არ მიგითითებიათ. ეს რამდენად მიანიშნებს თქვენს კეთილსინდისიერებაზე?

- ჩემს შემოსავლებზე ნუ ვისაუბრებთ. კონკრეტულ საქმეზე გიპასუხებთ, რომ ქურდი, ვინც უნდა იყოს, აუცილებლად დაისჯება.

რუსუდან შელია