რა სქემით გაიტაცეს ფული "საქართველოს ბანკიდან" - საუკუნის ძარცვა თბილისში?! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რა სქემით გაიტაცეს ფული "საქართველოს ბანკიდან" - საუკუნის ძარცვა თბილისში?! (ექსკლუზივი)

ერთ-ერთი ვერსიით, ბანკიდან 10 მილიონი ლარი გაიტაცეს

”ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, რომელსაც სახლის ეზოში (მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე) ჩამარხული ჰქონდა 10 000 ლარი. თანხა პოლიციის თანდასწრებით ამოიღეს”

24 ოქტომბერს, როდესაც თავისუფლების მოედანზე ”რუსთავი 2”-ის კონცერტი მიმდინარეობდა, საქართველოში ძარცვა მოხდა - თავისუფლების მოედანზე, ”საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალიდან ინკასაციის მანქანით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ეროვნული ვალუტით დატვირთული ინკასაციის მანქანა რადარებიდან გათიშეს, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დააგდეს, თანხა კი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაიტანეს და ქვეყნიდან გავიდნენ. ერთი ვერსიით, ”საქართველოს ბანკიდან” დაახლოებით 10 მილიონი ლარი ინკასატორებმა გაიტანეს. ეს ფაქტი საუკუნის ძარცვად შეფასდა, თუმცა, ”საქართველოს ბანკმა” ამას ინციდენტი" უწოდა და გატაცებული თანხის ოდენობა, როგორც კომერციული საიდუმლო, არ გაამჟღავნა. შსს-ს ინფორმაციით, სს საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით თანხის გატაცებას გულისხმობს. დეტალების გახმაურებას კი შსს და ”საქართველოს ბანკი” არ ჩქარობენ.

”კვირის პალიტრას” ”საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ განუცხადა: - ცხელ კვალზე გამოძიების მიმდინარეობის გამო ვერ მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას, თუმცა, გეტყვით, რომ თანხა 10 მილიონ ლარზე ნაკლებია. ზარალი ბანკს სრულად აქვს დაზღვეული და ამ ინციდენტს მომსახურების შეფერხება არ გამოუწვევია..."

სანდო წყარომ კი ”კვირის პალიტრას” ძარცვის სავარაუდო სქემა აღუწერა: ”24 ოქტომბერს, როცა თბილისის მასშტაბით ინკასაცია დასრულდა, ”საქართველოს ბანკის” საცავში, რომელიც პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს, ფული ტომრებით შევიდა. ვინაიდან სამუშაო დღე დამთავრებული იყო და მოლარეც ადგილზე აღარ იმყოფებოდა, თანხა მეორე დღეს უნდა დათვლილიყო. ამიტომაც დალუქული ტომრები სალაროში შევიდა (მთელი დღის მოგროვილი ფული ცენტრალური ფილიალის სალაროში შედის, მას მოლარე ითვლის და შემდეგ საცავში აბინავებენ). სალაროს გასაღები სპეციალურ კარადაში ინახება და მას დაცვის პოლიცია იცავს. ბანკის საცავში კი ყველაფერი კოდირებულია... არ არის გამორიცხული, იმ ღამეს კამერების დასანახავად სალაროში ცარიელი ტომრები შეიტანეს (საინკასაციო მანქანებში ყოველთვის არის რამდენიმე სათადარიგო ცეცხლგამძლე ტომარა რკინის სახურავითა და ლუქით). ბანკის ფილიალებში ფულს ტომრებში მოლარე ტვირთავს და მან სულაც აგურები რომ ჩადოს, მის გარდა ამას ვერავინ ნახავს. დალუქულ ტომრებს აკრავენ სპეციალურ ქაღალდს, რომელზეც აღნიშნულია ბანკის ფილიალი, ვალუტა, კუპიურა და თანხის ოდენობა. არ არის გამორიცხული, რომ ტომრები სულაც ქაღალდებით გაავსეს, მანქანაში დარჩენილი ფულიანი ტომრები კი გაიტაცეს...

ბანკებს, ზოგადად, რამდენიმე საინკასაციო მანქანა და ჯგუფი ემსახურება. ყველა მანქანას ჰყავს მძღოლი ინკასატორი, ამკრეფი ინკასატორი და უფროსი ინკასატორი (იგივე საინკასაციო ჯგუფის უფროსი). საინკასაციო მანქანას დაცვა ან დაჰყვება, ან - არა, რადგან ყველა ბანკს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება დაცვის პოლიციასთან. თუ დაცვა არ დაჰყვება, ასეთ შემთხვევაში, თავად ინკასატორები არიან შეიარაღებული. დაცვის თანამშრომლებს ინკასატორების ჩხრეკის უფლება არა აქვთ, ისინი მხოლოდ მათ გადაადგილებას აკონტროლებენ ჩიპის საშუალებით, რომელიც საინკასაციო მანქანის სალონშია დამონტაჟებული. ჩიპს თუ ამოაძრობ, მანქანას, სადაც გინდა, იქ წაიყვან. მისი გათიშვა ინკასატორს ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩიპის დაზიანების შემთხვევაში, ინკასატორი ურეკავს უსაფრთხოების სამსახურს და აცნობებს ამის შესახებ. ამ ოპერაციაში შესაძლოა, დიდი ჯგუფია ჩართული, რადგან ”საქართველოს ბანკი” დაცვის სისტემით მაღალ დონეზეა აღჭურვილი და ბანკში ყველაფერს უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს, მაგრამ მათ, ვისაც ფულთან აქვთ შეხება, ყოველთვის შეუძლიათ, რაღაც ჩაიდინონ. დარწმუნებული ვარ, ფული საცავში შეტანამდეა გატანილი. სხვათა შორის, არც ლარსის საზღვარზე გადასვლაა ძნელი. არ არის გამორიცხული, რომ თანხა რამდენიმე მანქანაში გაანაწილეს. როცა საზღვარზე მანქანით გადიხარ, დეკლარაციას მაინცდამაინც არ გთხოვენ...

მოკლედ, ფულით დატვირთულ ბანკის საინკასაციო მანქანას გამტაცებლებმა ჩიპი მოხსნეს და ეზოდან გაიყვანეს. რამდენიმე წუთში ის GPშ სისტემის რადარებიდან გაქრა. გამტაცებლებმა ფული გადატვირთეს, სავარაუდოდ, ”09” მარკის ავტომობილში, რომელიც მათ საგანგებოდ ელოდა. საინკასაციო მანქანა ჩუღურეთის რაიონში ავტოსადგომზე მიატოვეს, სადაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მას შემდეგ იპოვა, რაც ”საქართველოს ბანკმა” რადარებიდან მანქანის გაქრობის შესახებ შსს-ს შეატყობინა...” არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმეში გარეულია საინკასაციო ჯგუფის უფროსი. ]გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დაკავებულია დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებიც ინკასაციის მანქანას დაჰყვებიან. გაირკვა, რომ გამტაცებლებმა მათ გარკვეული თანხა უფეშქაშეს. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, რომელსაც სახლის ეზოში (მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე) ჩამარხული ჰქონდა 10 000 ლარი. თანხა პოლიციის თანდასწრებით ამოიღეს. ითქვა, რომ დაცვის თანამშრომელს სასამართლომ 8-ათასიანი გირაო შეუფარდა.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

-”საქართველოს ბანკიდან” ფულის გაქრობის ქეისს ცუდი სუნი ასდის. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ფულს სუნი აქვს. ამ ფაქტმა ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა. ასეთი მაღალი დონის ტექნიკური საშუალებებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების პირობებში წარმოუდგენელია, ამხელა თანხა აორთქლებულიყო. სანამ ბანკი და შესაბამისი ორგანოები არ დაასაბუთებენ, რომ ეს მართლაც ძარცვა იყო, მანამდე ვიტოვებ უფლებას, მქონდეს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს რაღაც მაქინაციასთან...

უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც დანერგილია ქართულ ბანკებში, ასეთი ფაქტების პრევენციის საშუალებას იძლევა და მსგავსი შემთხვევების შესაძლებლობა თითქმის გამორიცხულია. რიგითი თანამშრომლები ამას ვერ შეძლებდნენ. ამხელა თანხის ქვეყნიდან გატანაც იოლი არ არის. მანქანის გადაადგილებას აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც, თავის მხრივ, აკონტროლებს სპეციალური სამსახური თავისი ნავიგაციის სისტემებით, რადარებით. წარმოუდგენელია ასეთი მასშტაბის ფულის აორთქლება. ამ საქმის გამოუძიებლობა საზოგადოებაში ეჭვებს გააჩენს, ამიტომ ბანკიც დაინტერესებული უნდა იყოს, თავიდან აიცილონ ჭორები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საქმე დიდი სკანდალის საფუძველი გახდეს.

მამუკა ხუციშვილი, ექსპერტი საბანკო საკითხებში: - ყოველთვის ვამბობდი, რომ ”საქართველოს ბანკი” ”ნაცმოძრაობის” ბანკია - ექსპრემიერ-მინისტრ გილაურის ძმა დღესაც იქ არის. ვეჭვობ, რომ ეს არის არჩევნების წინ დაგეგმილი ფულის გაცოცხლების ოპერაცია... ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საუბედუროდ, საბანკო სექტორი არ შეცვლილა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იგივეა - მას ვერაფერი მოუხერხეს. ”საქართველოს ბანკი” და ეროვნული ბანკი სააკაშვილისა და გილაურის ბანკებია და ერთი გუნდია. ბანკიდან ასეთი სოლიდური თანხის გატანის შანსი არ არსებობს. გამორიცხულია, ამ დონის ძარცვა ინკასატორების ხელით მოხდეს. მათ გამოტანილი და დალუქული ფული მიაქვთ მანქანით, რომლის მარშრუტი წამებსა და წუთებშია გათვლილი - თუ 2 წუთში დანიშნულების ადგილას არ მივიდა, მაშინვე განგაში ტყდება... ამ საქმეს სხვა სუნი ასდის. ომები გამოვიარეთ, ”მხედრიონის” დრო ვნახეთ, მაგრამ ასეთი რამ საბანკო სისტემაში არ ყოფილა. არც სამოქალაქო ომის დროს შეხებია ვინმე საბანკო სექტორს და ერთი თეთრიც არ დაკარგულა. თუ ძარცვა მართლაც მათ დაგეგმეს, ფული, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გატანილი არ იქნება, რადგან მათ არჩევნებისთვის ან სულაც გადატრიალების მოსაწყობად აქ სჭირდებათ ნაღდი ფული. გადარიცხვის სხვადასხვა გზა არსებობს და 10 მილიონი, შესაძლოა, ნაწილ-ნაწილ გადაირიცხოს.

საზრიანი ჯეიმსი

ჯეიმს რიჩარდ ვერონი გაყინული პროდუქტების მაღაზიაში კლერკად მუშაობდა. ჯანმრთელობა შეერყა და რადგან სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა და ექიმთან ვიზიტიც გვარიანი თანხა უჯდებოდა, გადაწყვიტა, ბანკი გაეძარცვა. იცოდა, რომ პატიმრები სრულ სამედიცინო მომსახურებას იღებდნენ. ამგვარად, ჯეიმსს დიდხანს არ უფიქრია და 2011 წელს მიზანში ერთ-ერთი ბანკი ამოიღო. მივიდა მოლარესთან, გამოსტაცა ერთდოლარიანი კუპიურა და უთხრა, რომ მძარცველი იყო. ამის შემდეგ დაჯდა ფოიეში და პოლიციას დაელოდა. მალე პოლიციაც გამოჩნდა და ბანკის გაძარცვის გამო დააპატიმრა. ვერონი ახლა პატიმარია და არავინ ამადლის სამედიცინო მომსახურებას. ამ ამბავმა კი აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში ატეხილ აჟიოტაჟზე მეტი ხმაური გამოიწვია. ვერონმა ორიგინალურად მოახერხა, უფასოდ ემკურნალა.

ყველაზე მასშტაბური ძარცვა

ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა 2003 წელს, როცა აშშ-მა ერაყი დაიპყრო და ბაღდადში ამერიკელი ჯარისკაცები შევიდნენ, შეიარაღებულ ქვეშევრდომებს დაავალა, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოეგლიჯათ დედაქალაქში მდებარე თითქმის ყველა ბანკიდან. რამდენიმე საათში ნადავლმა ნაღდი ფულის სახით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. სხვა საკითხია, მოახერხა თუ არა მან ამ თანხის გამოყენება, მაგრამ ეს დღემდე ბანკების ყველაზე მასშტაბურ გაძარცვად არის მიჩნეული.

ნანა ფიცხელაური