"აქ პატარები დედებთან ერთად იხდიან სასჯელს" - რეპორტაჟი სასჯელაღსრულების ქალთა მე - 5 დაწესებულებიდან - კვირის პალიტრა

"აქ პატარები დედებთან ერთად იხდიან სასჯელს" - რეპორტაჟი სასჯელაღსრულების ქალთა მე - 5 დაწესებულებიდან

"ყველა ქალს თავისი ოთახი აქვს, სადაც ბავშვის საწოლი და საჭირო ინვენტარი დგას, აქვთ სამზარეულო, იქ უმზადებენ შვილებს საჭმელს"

"დედას უფლება აქვს, 3 წლამდე შვილი გვერდით ჰყავდეს. ამის შემდეგ დედებს შვილების დათმობა უწევთ, ისინი ან ოჯახის წევრებს მიჰყავთ, ან თუ ამის პირობები არა აქვს ქალს, მაშინ მის გათავისუფლებამდე პატარა მინდობით აღზრდაში გადადის"

რუსთავში, სასჯელაღსრულების ქალთა #5 დაწესებულების შესასვლელში საგულდაგულო შემოწმებას გავდივარ. ამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით მძიმედ იღება რამდენიმე რკინის კარი და ადმინისტრაციულ კორპუსში შევდივარ. აქ 300-ზე მეტი ქალი იხდის სასჯელს. მათ უმრავლესობას განაჩენი გამოტანილი აქვს, ნაწილი კი ვერდიქტის მოლოდინშია. ქალთა დაწესებულების ეზოში ქალებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 150 ძირი ხე დარგეს. მათ ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ვერცხლისფერი ნაძვის, ტირიფის, მარადმწვანე კვიდოსა და თრიმლის ნერგები საჩუქრად გადასცა. ეზოში დეკორატიული ხეებიც არის. ქალბატონი რუსუდანი საჭრელი მაკრატლით ხელში მცენარეებს ალამაზებდა. ის პროფესიით ექიმია, სასჯელს თაღლითობისთვის იხდის.

რუსუდანი, 57 წლის: - ექიმი ვარ, არ მიმუშავია გამწვანებაში, მაგრამ ვიცი ეს საქმე და ვალამაზებ აქაურობას. ყველაფერს გულიანად ვაკეთებ, ასე დროც გამყავს.

- რისთვის იხდით სასჯელს?

- თაღლითობის ბრალდება წამიყენეს. იტალიაში ხალხი სამუშაოდ დამყავდა და იქ ვასაქმებდი. საქართველოდან ერთი ადამიანი უნდა წამეყვანა, ამიტომ იტალიაში ფიქციური ხელმოწერა გავუკეთე, მოგვიანებით ქალმა წასვლაზე უარი განმიცხადა, ფულის უკან დაბრუნება მომთხოვა და პოლიციაში მიჩივლა. 4.000 დოლარს მედავებოდა, ეს თანხა უკან დავუბრუნე, მაგრამ მაინც აქ ვზივარ. 18.000 დოლარი ადვოკატმა აიღო, მაგრამ ჩემს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. 6 წელი დაუსწრებლად მომისაჯეს. პროკურატურა საპროცესოზე უარს ამბობდა, ახლა მპირდებიან, საპროცესოს გაგიფორმებთ და წელიწად-ნახევარს მოგისჯითო. 57 წლის ვარ, თურმე აქ ადრე უნდა მოვსულიყავი, რომ ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა.

დაწესებულებაში რამდენიმე ქალს გავესაუბრე. უმრავლესობა ირწმუნება, რომ შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული, ნაწილი კი გულწრფელად აღიარებს დანაშაულს. დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის თქმით, ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასჯელის მოხდის შემდგომ ყველა პატიმარი რეალიზებული იყოს.

ბიბლიოთეკაში, სადაც უამრავი წიგნია. რამდენიმე თაროზე ჩაუმწკრივებიათ "პალიტრა L"-ის წიგნები, რომლებიც წლების წინ საჩუქრად გადაეცა დაწესებულებას. სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად დედათა და ბავშვთა დაწესებულებაში შევდივარ. დღეს იქ 5 ქალი სხვა პატიმრებისგან კეთილმოწყობილ პირობებში ცხოვრობს. ისინი მეძუძური დედები არიან და სასჯელს შვილებთან ერთად იხდიან. შენობას პატარა ეზოც აქვს, სადაც პატარები თამაშობენ. ყველა ქალს თავისი ოთახი აქვს, სადაც ბავშვის საწოლი და საჭირო ინვენტარი დგას, აქვთ სამზარეულო, იქ უმზადებენ შვილებს საჭმელს. ცალკეა პატარებისთვის გასართობი ოთახი დიდი ტელევიზორითა და სათამაშოებით. არსებული კანონმდებლობით, სანამ ბავშვი 3 წლის გახდება, დედას უფლება აქვს, შვილი გვერდით ჰყავდეს. ამის შემდეგ დედებს შვილების დათმობა უწევთ, ისინი ან ოჯახის წევრებს მიჰყავთ, ან თუ ამის პირობები არა აქვს ქალს, მაშინ მის გათავისუფლებამდე პატარა მინდობით აღზრდაში გადადის.

19 წლის ნინო მეცხრე თვეშია. ტელეფონის ქურდობისთვის 6 თვეა სასჯელს იხდის.

ნინო: - ტელეფონის მოპარვა ვცადე, პოლიციის მანქანის ხმა რომ გავიგონე, სასწრაფოდ უკან დავაბრუნე, მაგრამ დამინახეს და დამიჭირეს. მანამდე მქონდა პირობითი სასჯელი, ისიც გამიცოცხლდა და 4 წელი მომისაჯეს.

- ადრე რისთვის დაგაკავეს?

- მაშინაც ტელეფონის ქურდობისთვის მომისაჯეს პირობითი. ჩემი მეგობრის საქმროს ტელეფონი სახლში გამომყვა. დედაჩემის მეგობართან ავედი, მის შვილთან ვმეგობრობდი, ერთად გაზრდილები ვართ. იქ მისი ამხანაგები იყვნენ. ამ ბიჭმა დაინახა, ჯიბიდან ტელეფონი რომ ამომივარდა და მკითხა, ვისიაო, ვუთხარი, სხვისი ტელეფონი გამომყვა-მეთქი. აქ ბევრი ხალხი ირევა და შეგინახავო, კარადის თავზე ჩამოდო. დილით აღარ იყო იქ ტელეფონი, მერე გავარკვიე, რომ დაალომბარდა. ერთი კვირა ვეხვეწებოდი, მოეტანა, "ფეისბუკით" ვწერდი, მაგრამ მპასუხობდა, რა ტელეფონზე მელაპარაკებიო. მიმოწერაც ამოღებული აქვს პოლიციას. რომ არ დავუბრუნე პატრონს აიფონი, მიჩივლა. სამწელიწად-ნახევარი მომისაჯეს. 6 თვე არაფერი დამირღვევია, მერე მოხდა მეორე ფაქტი და ძველი სასჯელი გამიცოცხლდა. ახალი დანაშაულისთვის კი 6 თვე მაქვს მისჯილი. წლის და 10 თვის გოგონა მყავს გარეთ. მეუღლესთან დაშორებული ვარ. ჩემს პატარას გულის პრობლემები აქვს და დანაშაული რომ ჩავიდინე, მაშინ ქარელში, საავადმყოფოში ეწვა დედაჩემს. დედაჩემმა დამირეკა, ბავშვი საავადმყოფოში დავაწვინე, საჭმელი და წამალი რომ ვიყიდო, ფული არა მაქვსო. კაფეში ვიყავი ჩემს დაქალთან, მაგიდაზე დადებული ტელეფონი დავინახე და ავიღე...

- ვინმე გაკითხავთ?

- თვეში სამჯერ დედა და ბავშვი მოდიან. ძალიან ძნელია, როცა მერე მარტო რჩები. დღეს იყო დედაჩემი, მაგრამ ბავშვი ვერ მოიყვანა, სიცხე ჰქონია. არადა, საგულდაგულოდ მისთვის დავაცხვე კარტოფილიანი ღვეზელები. ადრე სოციალურ დახმარებას იღებდა ჩემი ოჯახი, მაგრამ ესეც მოგვიხსნეს. ახლა თბილისში ნაქირავებში ცხოვრობენ. მამობილი თურქეთში მუშაობს და ბინის ქირას ის იხდის. დედისერთა ვარ და დედაჩემს გული რომ ვატკინე, ამას განვიცდი.

- როდის ელოდებით მეორე შვილს?

- 17 წლისა სიყვარულით გავთხოვდი, მაგრამ მალე დავშორდით. ჩემს ქმარს დედამისი ფულს რომ მისცემდა, იმის ნაცვლად, რომ ბავშვისთვის წამალი გვეყიდა, წავიდოდა კაზინოში და წააგებდა. დაშორების შემდეგ პერიოდულად ბავშვს ნახულობდა, მაგრამ მისგან დახმარება არ მახსოვს. ახლა ისევ მისგან ვარ ფეხმძიმედ და დღე დღეზე ველოდები პატარას.

- მეუღლემ იცის, რომ ციხეში შვილს აჩენ?

- იცის, მაგრამ მე მასთან ხელი არა მაქვს მოწერილი.

რიმა თაღლითობისთვის იხდის სასჯელს და ფეხმძიმედ რომ იყო, მანაც დაკავების შემდეგ შეიტყო.

რიმა, 37 წლის: - ბათუმის ციხეში იმდენად ცუდად გავხდი, ექიმს ვთხოვე, ანალიზები აეღო, გაირკვა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. 12 წლის შვილი მყავს გარეთ, პატარას ალექსანდრე ძმამ დაარქვა. სიმართლე გითხრათ, გარეთ რომ ვყოფილიყავი, ეს პატარა არ გაჩნდებოდა.

- რა ჩაიდინეთ?

- ჩემი მეგობარი ჩემი მანქანით გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. დანაშაული ჩემს თავზე ავიღე. დამტვრეული მანქანა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის აღმოჩნდა და გამოგვიცხადა, გაკეთებული მანქანა არ მინდაო. 7.000 დოლარი მოგვთხოვა, არადა, 3000-დოლარიანი მანქანა იყო. ჩემი მანქანა ისე იყო დამტვრეული, ჯართში ჩავაბარეთ და იმ ფულით ის მანქანა გავაკეთეთ. მაგრამ 7.000 დოლარი ვეღარ მივეცით მის პატრონს, არც გაკეთებული მანქანა წაიყვანა და გვიჩივლა. რადგან პირობა მქონდა მიცემული, თაღლითობის ბრალდება წამიყენეს(?!). ბათუმის სასამართლომ გამამართლა, ამის მერე წავედი თურქეთში და რომ ჩამოვედი, გავიგე, თურმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებლად მომისაჯა 2 წელი და 8 თვე. რადგან დაუსწრებლად მომისაჯეს სასჯელი, შემიძლია განაჩენი გავასაჩივრო და ახლა თავიდან დაიწყება სასამართლო პროცესები. აქ ძალიან კარგად გვივლიან, ერთადერთი, როცა ეზოში გადიხარ და გისოსებს ხედავ, მაშინ ხვდები, ციხეში რომ ხარ. აქ რომ პირობებია, ბევრს სახლში არ ექნება, თუნდაც ბავშვის კვება ავიღოთ. ჩემი პატარა ჯერ ერთი თვის არ არის. გიორგობას მოვნათლავ ციხეში.

რა სარეაბილიტაციო პროგრამა ხორციელდება ციხეში

"დაწესებულებაში ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამა ხორციელდება. ამჟამად 50 მსჯავრდადებული სწავლობს ავტომანქანის მართვის ასაღებ თეორიულ ნაწილს. ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია მასაჟისტობა, კოსმეტოლოგობა, სტილისტობა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ სერტიფიკატებსაც იღებენ. სამინისტროს დაფინანსებით დაწესებულებაში პატიმრებს ხელობას ასწავლიან. ასევე საოფისე პროგრამებს, ინგლისურ ენას, კომპიუტერულ გრაფიკას შეისწავლიან. მალე დავიწყებთ ბიზნესის წარმოების ტრენინგებს. ბევრმა თექის დამზადება ისწავლა, რადგან წლებია, ეს პროგრამა ფუნქციონირებს. პატიმრები ნამუშევრებს ხშირად ოჯახის წევრებს ატანენ და, ალბათ, ისინი ყიდიან კიდეც. ძალიან მოსწონთ მინანქარზე მუშაობისა და ხეზე ჭრის გაკვეთილები. ორ სამკერვალო საამქროში რამდენიმე ქალია დასაქმებული. პირველი შეკვეთა საპატრიარქოსგან გვქონდა, ახლა კი ორგანიზაცია "ქალი და ბიზნესის" თავშესაფრისთვის თეთრეულს კერავენ. დაწესებულებაში არის სალონი, სადაც ორი მსჯავრდადებული სტილისტი ემსახურება პატიმრებს. სტილისტები თვეში 160 ლარს იღებენ და წლის ბოლოს დაუბეგრავი მინიმუმიც ერიცხებათ. არის ფიტნესის კაბინეტი, აქვთ მაღაზია, სადაც სასურველი პროდუქტების შეძენა შეუძლიათ".

თეა ხურცილავა