"ცხედარი შორს ვერ წავიღე, მძიმე იყო და იქვე ხევში გადავაგდე..." - ქართველი სერიული მკვლელი ქალი - კვირის პალიტრა

"ცხედარი შორს ვერ წავიღე, მძიმე იყო და იქვე ხევში გადავაგდე..." - ქართველი სერიული მკვლელი ქალი

"ჯერ კამოდზე მივარტყმევინე თავი, მერე ყელში წავუჭირე და ვუთხარი: სულს გაგაფრთხობინებ, ძველო ძუკნა-მეთქი. მერე მხრებში ხელი ჩავავლე, ჯერ გარდერობზე მივახეთქე, მერე კედელზე. პირი გააღო, მივხვდი, ყვირილს აპირებდა, ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა, ყელში მოვუჭირე... ცხედარი მოვკეცე, თოკით შევკარი და ჩანთაში ჩავდე. შორს ვერ წავიღე, რადგან მძიმე იყო და ხევში გადავაგდე"

"მიესაჯოს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა!", - ასეთი იყო მოსამართლის ვერდიქტი. მან 55 წლის ქალი განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა აკანკალებული ბრალდებული დარბაზიდან გაიყვანეს... პროცესებზე თავჩაქინდრული იჯდა, დროდადრო მოწმეებს კითხვებს უსვამდა და ცდილობდა, სასურველი ჩვენებები მიეღო, მაგრამ ისინი ამხელდნენ...

ამ სასამართლო სხდომებიდან 6 წელი გავიდა. ის დღესაც ციხეშია, თუმცა, ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა. ძალოვანთა მტკიცებით, ქალი ჯერ მარტოხელების ნდობის მოპოვებას ახერხებდა, შემდეგ კი ქონების ხელში ჩასაგდებად კლავდა. მისი მსხვერპლი 79 წლის ქალი აღმოჩნდა. ერთ დღეს კი მოხუცის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა. მაშინ მოკლულის ვინაობა ვერ დაადგინეს და როგორც უპატრონო, ისე დაკრძალეს. ამის შემდეგ მკვლელმა მისი ბინა 20.000 დოლარად გაყიდა. ბინიდან ავეჯის გატანა რომ სცადა, მეზობლებთან კონფლიქტი მოუხდა, - ეჭვობდნენ, რომ მოხუცი მოკლეს და ამის შესახებ პოლიციას აცნობეს...

ეჭვმიტანილის ჩვენებიდან: "მარია ბიძაჩემის საყვარელი იყო. საქართველოში ნათესავი არ ჰყავდა. ვუთხარი, ვალები მაქვს, მაწუხებენ, მოდი, ეს სახლი გავყიდოთ-მეთქი. მითხრა, შეიშალეო? მე არა, შენ შეიშალე-მეთქი. ტახტიდან წამოვაგდე და კედლისკენ გავაქანე, ჯერ კამოდზე მივარტყმევინე თავი, მერე ყელში წავუჭირე და ვუთხარი: სულს გაგაფრთხობინებ, ძველო ძუკნა-მეთქი. ჯერ გარდერობზე მივახეთქე, მერე კედელზე. პირი გააღო, მივხვდი, ყვირილს აპირებდა, ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა, ყელში მოვუჭირე. ჩემს დედობილს სახეზე ჭარხლისფერი დაედო, ხელი გავუშვი, გავიფიქრე, ვაიმე, დავახრჩვე-მეთქი. დაბლა დავარდა, სახეზე ხელი შემოვარტყი, გამოვათრიე და ტახტზე ზურგით მივაყუდე. თავი ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს გადაუვარდა. ვიფიქრე, ხომ არ აფერისტობს-მეთქი. სარკე ავიღე და ტუჩებზე დავადე. სუნთქავდა. შე აფერისტო-მეთქი, ვუთხარი, ყელში თოკი წავუჭირე და მოვახრჩვე. ტანად პატარა ქალი იყო. ცხედარი მოვკეცე, აივანზე ბევრი თოკი ჰქონდა, იმით შევკარი და ჩანთაში ჩავდე. ცხედარი შორს ვერ წავიღე, მძიმე იყო და ხევში გადავაგდე..."

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა, ირწმუნებოდა, რომ მოხუცი შემოაკვდა: "მისი სიკვდილი არ მინდოდა. ერთ დღეს ჩემთან სოფელში სტუმრად ჩამოვიდა, მეზობელზე გაბრაზებული იყო, ამბობდა, გავიგონე, როგორ თქვა ჩემზე, მარტოხელაა და მისი სიკვდილის მერე ბინა მე დამრჩებაო. ამ ბინას გავყიდი, იმათი ყურება არ მინდა, ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდოო. დახმარებას დავპირდი... მაკლერებს ტელეფონის ნომერი მივეცი და მყიდველიც გამოჩნდა. მარიას ისე გაუხარდა, სუფრის გაშლა დაიწყო. სანამ ამ ბიჭს შევხვდი, ცოტა დალევაც მოესწრო, კარგ ხასიათზე იყო. ბიჭმა ბინა დაათვალიერა, სარემონტოა და 20.000 დოლარზე მეტი არ ღირს. თუ მომყიდით, ფულს ახლავე დაგიტოვებთ, ბინა მერე გადავაფორმოთო. მარიას ვუთხარი, ამ ფასში მიეცა... უცებ ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი გაჩნდა. ჩანგალი ჩამარტყა, ეს ჩემი სახლიაო. ბიჭმა მითხრა, სადავო ბინა არ მინდაო, თან მირჩია, მთვრალისთვის თავი ამერიდებინა. 15-20 წუთი ეზოში ვიჯექი, ბოლოს მაინც ავედი ბინაში. გააფთრებული მეცა, ახლავე პოლიციაში დავრეკავო და თეფში მესროლა. თუ არ გინდა გაყიდვა, მე არ გაძალებ-მეთქი. მომაწყევლა და ლიმონათი შემასხა. რომ ვეღარ გავაჩერე, თავსაფარზე წავავლე ხელი და შევაჯანჯღარე. შემაფურთხა. ხელი ვკარი, კარადას თავი მიარტყა და წაიქცა. მერე საწოლზე დავაწვინე, როგორ მოვუჭირე და გავგუდე მისივე თავსაფრით, არ მახსოვს. პირზე ვაფარებდი ხელს, ის კი მაინც ყვიროდა. ცოტა ხანში გაჩუმდა. სარკე პირთან ორჯერ მივუტანე, არ დაიორთქლა და მივხვდი, მკვდარი იყო... არ ვამბობ, რომ კარგად მოვიქეცი, მაგრამ არც ის იყო კარგი ადამიანი... მიცვალებული ტახტზე დავაწვინე, სამზარეულოში გავედი და

მაგიდა ავალაგე, ყველაფერი პარკში ჩავყარე.

მარიას ხელები გულზე გადავუჯვარედინე და თავისი კაბის ქამრით შევკარი. მერე აივნის კარადიდან თოკები გამოვიღე. მეტროსთან გავედი, იქ დიდი ჩანთა ვიყიდე. მაღალი ჩანთა იყო, ცხედარი მოკუნტული ჩავსვი და ჩანთა თავისუფლად დაიკეტა. ტაქსი დავიჭირე, მძღოლს ვუთხარი, მდგმურს დარჩენილი ნივთები უნდა გავუტანო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე-მეთქი. რომ დავბრუნდი, მეზობელი შემხვდა, მარია სად არისო, ჩემთან, სოფელშია-მეთქი. ბინის კარი ჩავკეტე. ჩანთა გამოვიტანე, მემძიმა, მძღოლმა დიდი ჩანთით რომ დამინახა, მომეშველა. უი, რა მძიმეა, რა გიდევსო. მანქანის ძრავაა-მეთქი. ტაქსი საკანალიზაციო არხთან გავაჩერებინე, მანქანა როგორც კი დაიძრა, მიცვალებული არხში ჩავაცურე. ისევ მის სახლში დავბრუნდი, სანთელი ავანთე და პატიება ვთხოვე... სადაც იწვა, იმ ბალიშს მოვეფერე და ღამე იქ მეძინა. მეორე დილით სოფელში წავედი... ვერ ვისვენებდი, ორმოცი უნდა აღმენიშნა, ფული კი არ მქონდა... მის ბინაში მივედი, ტანსაცმელები გამოვყარე და 200 ლარი ვიპოვე. ვიფიქრე, 40-ისთვის გამოვიყენებ-მეთქი. გამახსენდა, სამზარეულოში, ჭიქაში, ოქროს კბილებს ინახავდა. ლომბარდში 120 დოლარი მომცეს. პენსია ასაღები ჰქონდა. მეტროსთან მზესუმზირას მოხუცი ყიდდა, ვუთხარი, დედა ვერ ჩამომყავს, ავადაა, პენსია ასაღები მაქვს და ხომ ვერ გამომყვები, რაღაცას გაჩუქებ-მეთქი. გამომყვა, ერთი თვის პენსია და სამი თვის კრედიტი ავიღე. იმ ქალს 40 ლარი ვაჩუქე და გახარებული წავიდა. მერე ისევ წავედი სოფელში. ორმოცი რომ არ გამეკეთებინა, გული გამისკდებოდა. სანთელ-საკმეველი მოვატარე, პატიება ვთხოვე და მეზობლები დავპატიჟე. რა ხდებაო, მკითხეს. უბრალოდ, სურვილების ასრულების დღეა-მეთქი... მერე ბინის გაყიდვა გადავწყვიტე, მინდოდა, მოვშორებოდი იქაურობას. ბინა გასაფორმებელი იყო. მოხუცი შევნიშნე, მარიას ძალიან ჰგავდა. 100-დოლარიანი მივეცი, გჩუქნი-მეთქი. გაგიჟდა. ხვალ 8 საათზე თუ მოხვალ, 100-დოლარიანს კიდევ მოგცემ. დედამთილი ცუდად მყავს, ის ძალიან გგავს, ბინას ვყიდი, ბე აღებული მაქვს, ნოტარიუსთან გამომყევი-მეთქი. დამთანხმდა, თან მარიას პასპორტი გავატანე, ივარჯიშე და ხელმოწერა მიამსგავსე-მეთქი. ასე გავყიდე ბინა...

ბოლოს ავეჯმა დამღუპა. ავეჯის მყიდველებმა გამაბრაზეს, ძალიან კარგ ავეჯს 300 დოლარად ვაძლევდი და 100 დოლარად მოინდომეს. გადავწყვიტე, თავად წამეღო. ბინაში ინსპექტორი და გამომძიებელი დამხვდნენ, მეზობლები მარიას ავეჯის გატანის უფლებას არ მაძლევდნენ... ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში, თორემ არც არაფერი გაირკვეოდა. გამომკითხეს, რა ვიცოდი მარიაზე. ვუთხარი, სოფელშია და თუ გინდათ, მოვიყვან-მეთქი, მართლაც მოვიყვანდი იმ ქალს, რომელიც მხოლოდ მასზე მაღალი იყო, მაგრამ შემეშინდა, მეზობლებს არ ამოეცნოთ... მერე თავი ვეღარ შევიკავე და მარიას მკვლელობა ვაღიარე...

მარიას ბინის ფულით წვრილი ვალები გავისტუმრე, მანქანა "აუდი" ვიყიდე, 6.300 დოლარი დაკავებისას სახლში მქონდა, დანარჩენი დაიხარჯა. პოლიციის უფროსმა საშინლად მცემა. ასე მიიღეს ჩემგან აღიარებითი ჩვენება".

ბრალდებული წინასწარ გამოძიებაში ყოფილი ქმრების მკვლელობასაც აღიარებდა: "1984 წლის 22 აპრილს მე და იური მოსკოვში მატარებლით მივდიოდით. რუსეთის ტერიტორიაზე ვართ, მატარებელი ტაგანროგიდან გავიდა და როსტოვამდე სამი საათი არსად ჩერდება. გავედი და მეზობელი ვაგონის გასასვლელი გადავკეტე... მერე იურის დავუძახე, მოდი, გინახავს, აქ როგორ მიდის მატარებელი-მეთქი. რომ მოვიდა, ვკარი ხელი და ჩავაგდე, მატარებელმა გადაუარა. რომ ჩამოვედი, ძებნა გამოვაცხადე. შემდეგ მშვიდად ვცხოვრობდი მის ბინაში, ბოლოს 4.000 დოლარად გავყიდე".

ბრალდებულმა კიდევ ერთი მამაკაცის მკვლელობა აღიარა. ჰყვებოდა, როგორ გადააგდო 2008 წელს ხიდიდან მტკვარში.

"ანატოლიმ მითხრა, ბინა უნდა გავყიდოო... 50.000 დოლარად გავყიდეთ. იმ დღეს ერთად მოვდივართ. უცებ თავში გამიელვა: ამას ხომ არ ვუტირო დედა-მეთქი. ხელკეტი ორჯერ მთელი ძალით ჩავარტყი თავში. ანატოლი სუსტი ბიჭი იყო, ხმა არ ამოუღია, ალბათ, გონება დაკარგა. ავწიე ფეხებით და ხიდიდან წყალში გადავაგდე. რომ გადავიხედე, მომეჩვენა, რომ მიცურავდა. გავიფიქრე, ხომ არ ამოვიყვანო-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, არა, მოგიკვდა პატრონი-მეთქი".

პროკურატურას ამ მკვლელობებისთვის ბრალი არ წაუყენებია. მტკიცებულების მოპოვება გაუჭირდათ და მარტო აღიარებითი ჩვენებით ბრალს ვერ დაუმტკიცებდნენ. მაშინ ეს ორი ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო, თუმცა ფაქტია, ამ საქმეებს პერსპექტივა აღარ აქვს.

თეა ხურცილავა