"მაიძულებენ, კანონს გადავაბიჯო და მე დავიწყო სამართლის ძებნა" - კვირის პალიტრა

"მაიძულებენ, კანონს გადავაბიჯო და მე დავიწყო სამართლის ძებნა"

"ქობულეთის სასტუმროში დაღუპული ბავშვების მშობლები პედაგოგების დასჯას ითხოვენ"

"დათო ზაქრაძე, თორნიკე ხვიჩია და რეზი დემეტრაშვილი განუყრელი მეგობრები იყვნენ და მიწასაც ერთად მიაბარეს"

6 თვე გავიდა ქობულეთის სასტუმროში მომხდარი ტრაგედიიდან. ე. წ. ჰასანას სასტუმროში 2015 წლის 5 მაისს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული-2"-ის წევრები იმყოფებოდნენ. იმ ტრაგიკულ დღეს ალმოდებული შენობიდან პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა 45 კაცი, მათ შორის 30 ბავშვი გამოიყვანეს, სამწუხაროდ, სამი მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ისინი ცეცხლმოკიდებულ ოთახში ჩაიწვნენ.

11 წლის ბიჭები: თორნიკე ხვიჩია, დათო ზაქრაძე და რეზი დემეტრაშვილი განუყრელი მეგობრები იყვნენ და მიწასაც ერთად მიაბარეს. სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზების თანახმად, სასტუმროში სამშენებლო ნორმები და წესები დარღვეული იყო. გამართული არ იყო ელექტროგაყვანილობა. დადასტურდა თავდაპირველი ვერსია, ცეცხლი პირველად დაღუპული ბავშვების ოთახში გაჩნდა და მერე მოედო სასტუმროს. დაკავებულია სასტუმროს მეპატრონის შვილი, 1966 წელს დაბადებული ზაზა ართმელაძე. მისთვის წაყენებული ბრალი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურორის თქმით, თუ ზაზა ართმელაძეს არ დააპატიმრებდნენ, ის ხელს შეუშლიდა გამოძიებას, მტკიცებულებებს გაანადგურებდა და არც ის იყო გამორიცხული, გამოძიებას დამალვოდა. როგორც პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ სასამართლოში განმარტა, ზაზა ართმელაძე მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა და ჩვენების შეცვლას სთხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატმა პაატა შავაძემ ართმელაძის გირაოთი გათავისუფლება ითხოვა. ადვოკატის განმარტებით, ართმელაძის დაკავება არ იყო სამართლიანი. "დოკუმენტების მიხედვით ზაზა არ არის სასტუმროს მეპატრონე და მისი პასუხისმგებლობაში მიცემა მართებული არ არის", - განაცხადა მან.

სასტუმრო დაკავებულის დედის სახელზეა გაფორმებული. რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ ზაზა ართმელაძის დაკავება და რატომ არ მიეცა პასუხისგებაში ის პირი, ვის სახელზეც არის ქონება რეგისტრირებული, ამაზე განმარტება პროკურატურაში არ გაუკეთებიათ.

დაღუპული ბავშვების მშობლები გამოძიებით უკმაყოფილო არიან.

ელგუჯა ხვიჩია, თორნიკე ხვიჩიას მამა: "ამდენი დრო გავიდა ტრაგედიიდან და სიმართლე მაინც არ ვიცით. თუ სასტუმრო გამართული არ იყო და საქათმე ჰქონდათ, ეს სახელმწიფოს ბრალია. მე პირველ რიგში საქმე მაქვს ანსამბლის ხელმძღვანელ გოგი მარღანიასთან, რომელსაც ჩემი სული და გული გავატანე. ის არ დასჯილა, პროკურორი მეუბნება, შენ მითხარი, რა მუხლით დავსაჯოო. ეს არის პასუხი? სხვა თუ არაფერი, სამსახურებრივი გულგრილობა მაინც ხომ არის. მე ხომ არ ვამბობ, ჩამოახრჩვეთ, დახვრიტეთ, დაწვით-მეთქი, როგორც კანონი ითვალისწინებს, ისე დასაჯონ. კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მაგრამ ესენი მაიძულებენ, კანონს გადავაბიჯო და მე დავიწყო სამართლის ძებნა. თუ ასე უნდათ, საპასუხოს მიიღებენ".

ეკა ბენაშვილი, რეზი დემეტრაშვილის დედა: "დადგენილია, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. სახელმწიფოს დანაშაულიც სახეზეა. მოვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, ვისაც ევალებოდათ ჩვენი შვილების დაცვა. გოგი მარღანია ამბობს, გამოძიება დაადგენს, ვინ არის დამნაშავეო, რას ნიშნავს ეს, თვითონ არ არის დამნაშავე? ბავშვებზე პასუხისმგებელი ხომ ის იყო.

ბავშვების ოთახში უფროსი რომ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა, მაგრამ ისინი სადღეგრძელოებით იყვნენ გართულნი. ხომ ხედავდა, სასტუმრო რომ არ იყო გამართული, რატომ დააბინავა ბავშვები იქ? ჩვენი შვილი გოგი მარღანიას ჩავაბარეთ, ის კი ამ ტრაგედიის შემდეგ ჩვენთან არც მოსულა. მხოლოდ გუშინ გამოგვიგზავნა შუამავალი და ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. სად იყო ამდენი თვე? ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პედაგოგმა და მისმა დამხმარემ პასუხი აგონ. ჯერ ისიც ვერ გავარკვიეთ, სინამდვილეში, იქ რა მოხდა, სიმართლეს არავინ გვეუბნება. რაღაცას მალავენ მშობლებიც. ვითხოვთ ყველას დასჯას, ვერ გაგვაჩუმებენ".

თეა ხურცილავა