"ეს განყოფილება სიმხეცით ცნობილია" - კვირის პალიტრა

"ეს განყოფილება სიმხეცით ცნობილია"

"ზღაპრებს ჰყვებიან, თითქოს თვითდაზიანებები მივიყენე"

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცველების მიერ მისი წამების დეტალებს იხსენებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მდინარაძემ თვითდაზიანებები თავად მიიყენა.

გიორგი მდინარაძე: - ხელბორკილები დამადეს და 5-10 წუთი მირტყამდნენ. როცა ფირის ამოღება მოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ იმ ოთახში ვიდეოთვალი არ იყო. მაწამეს იმის გამო, რატომ იყენებს დუმილის უფლებას შენი დაცვის ქვეშ მყოფი, ბავშვი გვაძლევს ჩვენებას, შენ ვინ გეკითხებაო...

კვირკვაია თავის კაბინეტში გამისწორდა. აშკარად ნასვამი იყო. ხან ხელს შემომარტყამდა, ხან თავს მირტყამდა სახეში. კედელზე ჩემი სისხლის შხეფებიც იყო. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატარეთ და კედელზე ის ადგილი გაწმენდილია.

ახლა ზღაპრებს ჰყვებიან, თითქოს ორ პოლიციელს ყური ავუწიე და მერე თვითდაზიანებები მივიყენე. იმავე დღეს ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვეთ, რათა შეემოწმებინათ კვირკვაია და მისი მოადგილე ზურაბ გუნია, მაგრამ ისინი ადგილზე არ დახვდნენ და სხვა თანამშრომლები შეამოწმეს. მათ მეორე დღეს ჩაუტარდათ ექსპერტიზა და სიმთვრალე არ დაუდგინდათ. ეს განყოფილება თანამშრომლების სიმხეცით ცნობილია... სხვებიც მირტყამდნენ, მაგრამ არ მახსოვს, ვინ იყვნენ. ისინი კვირკვაიას სასარგებლოდ ცრუ ჩვენებას იძლევიან. ადვოკატებმა უარი თქვეს კვირკვაიას დაცვაზე, კობა კობახიძის გარდა, რომლის ცოლიც იმავე სამმართველოში გამომძიებელია...

ჩვენ დავუკავშირდით იმ პირებს, ვისაც მსგავსი პრეტენზია აქვთ ამ სამმართველოს თანამშრომლებთან.

ვაჟა კ.: - ქურდობის მცდელობისთვის დამაკავეს და მიმიყვანეს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში. სარდაფში ჩამიყვანეს და მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა აღიარებით ჩვენებაზე. რომ არ დავეთანხმე, ისე მცემეს, თავ-პირი გამიერთიანეს. ბოლოს მაინც თავისას მიაღწიეს.

ეს შენობა გამჭვირვალეა, მაგრამ აქვს სარდაფი, სადაც ბომბი რომ ააფეთქო, ზემოთ ვერაფერს გაიგებენ.

რომ მცემდნენ, იცოდნენ სამმართველოს უფროსმა გოჩა კასრაძემ, განყოფილების უფროსმა კვირკვაიამ და ვინმე გივიმ, რომელიც სასტიკი მხეცია. ადვოკატს რომ ვითხოვდი, იმ გივიმ სახეში ხელკეტი შემომარტყა, აი, შენი ადვოკატიო...

მანანა ჩ.: - ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩემი ძმისშვილი და მისი მეგობარი, 24-25 წლის ბიჭები ტაქსის აჩერებდნენ. ამ დროს მათ წინ დაბურულმინებიანი მანქანა გაჩერდა და ახალგაზრდებს მისამართი ჰკითხეს. რაში გაინტერესებთო, უთქვამთ ბიჭებს, რის შემდეგაც ბიჭებს ისეთი სიტყვები უთხრეს, ვერ გავიმეორებ. შემდეგ ცემა დაუწყეს, თან საბუთებს ეძებდნენ. ჩემი ძმისშვილი ხელიდან გაუსხლტა, ერთ-ერთი კი იარაღით გაჰკიდებია, მაგრამ ვერ დაიჭირა. მის მეგობარი მე-5 განყოფილებაში წაიყვანეს. ცემა არც იქ დააკლეს. პოლიციელს ცოცხების კადრები გაუხსენებია, იმ შენს ძმაკაცს არ უნახავს ეს კადრებიო? ახალგაზრდებმა საჩივარი შეიტანეს გენინსპექციაში. საქმე აღიძრა ზურაბ გუნიასა და გივი სიხარულიძის მიმართ. ბიჭებმა დაკითხვაზე ორივე ამოიცნეს. იმედია, პოლიციელები პასუხს აგებენ.

ნანა ფიცხელაური