ყოფილმა პოლიციელმა მევალე ამ უკანასკნელის იარაღითვე მოკლა - სისხლიანი გარჩევა ლამბალოში - კვირის პალიტრა

ყოფილმა პოლიციელმა მევალე ამ უკანასკნელის იარაღითვე მოკლა - სისხლიანი გარჩევა ლამბალოში

"ჩემი ქმარი პოლიციასთნ მივიდა, სთხოვდა დამეხმარეთ, წამყევით ჩემი ფული დამაბრუნებინეთო, მაგრამ არ წაყვნენ, მაგათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?!"

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ამავე სოფლის მკვიდრმა 38 წლის შამხან ვექილოვმა საკუთარ ეზოში,  ლაგიდეხის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრები, სიძე-სიმამრი - მერაბ გოგრიჭიანი და ნოდარ ფხოველიშვილი მათივე იარაღით - "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტით დაჭრა, რომელთაგან ნოდარ ფხოველიშვილი ადგილზე გარდაიცვალა; გოგრიჭიანი კი უმძიემესი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის შვილის თეიმურაზ გოგრიჭიანის განცხადებით, შამხან ვექილოვნმა მათგან ორი წლის წინ, მსხვილფეხა პირუტყვი იყიდა და მხოლოდ საფასურის ნაწილი გადაუხადა. 11 ათასი დოლარი კი ისევ გასასტუმრებელი ჰქონდა.  მერაბ გოგრიჭიანი, ორ სიძესთან ერთად, საკუთარი ფულის დასაბრუნებლად ჩავიდა სოფელ ლამბალოში, თუმცა ეს მათთვის საბედისწერო გამოდგა.

ტელეკომპანია "გურჯაანთან" საუბრისას, მერაბ გოგრიჭიანის მეუღლემ განაცხადა: "ჩემი ქმარი პოლიციასთნ მივიდა, სთხოვდა დამეხმარეთ, წამყევით ჩემი ფული დამაბრუნებინეთო, მაგრამ არ წაყვნენ, მაგათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?!"

როგორც ირკვევა, გარიგება თავის დროზე ზეპირი შეთანხმებით მოხდა და ოფიციალური დოკუმენტი, როგორც პირუტყვით მოვაჭრეთ შორის უმრავლეს შემთხვევაში ხდება, არ გაფორმებულა. შესაბამისად სამართლებრივი დავის წამოწყება შეუძლებელი იყო, შედეგად კი საქმე სისხლიან გარჩევამდე მივიდა.

ლამბალოში მომხდარ ტრაგედიას სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ასე ყვება:

- ძალიან ცუდი რამ მოხდა, ჩვენი სოფელში ბევრი ვაჭრობს პირუტყვით და ვერავინ იტყვის, პირუტყვი გვეყიდოს და ფული არ გადაგვეხადოს, მაგრამ, როგორც ჩანს, შამხანმა პირობა დაარღვია და ამ ხალხს ფული არ მისცა. სოფელში ძირითადად ამით ვირჩენთ თავს - სოფლებში დავდივართ, ძროხასა და ცხვარს ვყიდულობთ და მერე მარნეულის ბაზრობაზე ვყიდით.

- საქმე საკმაოდ დიდი ოდენობის ფულს ეხება, გავრცელებული ინფორმაციით შამხან ვექილოვს 11 000 დოლარი ჰქონდა გადასახდელი; ამხელა ფულს ვინმე გაცლით?! ან თუ ოფიციალურად არ ფორმდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რა გარანტიაა, რომ ვაჭარი პირუტყვის მეპატრონეს ფულს მისცემს?!

- ვინც პირუტყვს ყიდის, ჩვენ ყველა გვიცნობს, ფულს რომ არ ვაძლევდეთ, ვინ მოგვყიდიდა?

- შამხან ვექილოვმა რატომა არ გადაიხდა ვალი?

- არ ვიცით. ის ვიცით, რომ სამი მევალე მაგის სახლში დილით მივიდა, როცა სროლა გავიგეთ, ასე, დილის 10 საათი იყო. რომ მივედი, ერთი მკვდარი იყო, მერე სასწრაფოს მიჰყავდა. მათთან ერთად მესამე ადამიანიც იყო, ის გადარჩა... როგორც ამბობენ, მევალებ ირომ დაუნახია,  ჯიბეში დანა ჩაუდია და ისე გამოსულა. ალბათ ემუქრებოდნენ…

- გავრცელებული ინფორმაციით, ვექილოვმა მევალეები ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა...

- კი, იარაღი მევალეებს ჰქონდათ, - პისტოლეტი. შამხანისთვის უთქვამთ, ან ფული გამოგვიტანე სახლიდან, ან შენი მანქანები გამოიყვანე, უნდა წავიყვანოთო. შამხანი ადრე პოლიციაში მუშაობდა, ყოფილი პოლიციელია, თანაც ჯანიანია, ეს იარაღი ვისაც ეჭირა იმას დაეძგერა და პისტოლეტი დააგდებინე, მერე აიღო და თვითონ ესროლა, ხალხს ხათაბალა აუტეხა!

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვალის დასაბრუნებლად მისულებს იარაღი არ გამოუყენებიათ, მათ ის მას შემედეგ დაუვარდათ, რაც ვექილოვი დანით გამოედევნათ. ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან მიიმალა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)