"აი, შენ იარაღი, მიდი, შვილო, დაუმიზნე და ესროლე" - კვირის პალიტრა

"აი, შენ იარაღი, მიდი, შვილო, დაუმიზნე და ესროლე"

მამამ შვილს ჰკითხა: ლუკა, აბა, მითხარი, ვინ გაბრაზებსო? ბავშვმაც ერთ-ერთი თანატოლისკენ, საბასკენ გაიშვირა თითი: "ეს ბავშვი მაბრაზებს!" ყველასთვის მოულოდნელად დენისმა საქამრიდან პისტოლეტი ამოიღო და შვილს მისცა...

8 წლის წინ ჩემი ქმრის 35 წლის ძმა მანქანამ გაიტანა, მას მერე შეიცვალა დენისის ცხოვრება, თმა სულ გაუთეთრდა და ხშირად სვამს. ადრე კლინიკაშიც იწვა, ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი და პრობლემა აქვს... სიფხიზლეში ძალიან კარგი ადამიანია, მზრუნველი მამა. იმ დღესაც მთვრალი იყო და ვერ გააანალიზა, რომ ბავშვებთან თუნდაც სათამაშო იარაღის ამოღება არ შეიძლება... მას მკურნალობა სჭირდება!

27 ნოემბერს სამართალდამცავებმა 3 შვილის მამა, 29 წლის დენის პოპოვი დააკავეს. დანაშაული, რომელიც მთვრალმა ჩაიდინა, უპრეცედენტოა.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე 213-ე ბაგა-ბაღში დენის პოპოვის ორი შვილი დადის: 5 წლის ბიჭი და ორწლინახევრის გოგონა. საღამოს 5 საათზე ბაღში მთვრალი დენისი და მისი მეუღლე, ელზა მივიდნენ. ელზა მეორე სართულზე ავიდა პატარის ჩამოსაყვანად, დენისი კი პირველ სართულზე უფროსი შვილის ოთახის ფანჯარას მიადგა და დაუძახა. ბავშვმა ფანჯარასთან მიირბინა, დენისი გადაიხარა და შვილი ხელში აიყვანა. ამ დროს მამა-შვილს პედაგოგი მიუახლოვდა. მამამ შვილს ჰკითხა: ლუკა, აბა, მითხარი, ვინ გაბრაზებსო? ბავშვმაც ერთ-ერთი თანატოლისკენ, საბასკენ გაიშვირა თითი: "ეს ბავშვი მაბრაზებს!" მოულოდნელად დენისმა საქამრიდან პისტოლეტი ამოიღო, შვილს მისცა და უთხრა, აი, შენ იარაღი, მიდი, დაუმიზნე და ესროლეო. პედაგოგის შეშინებული სახის დანახვაზე დენისმა მისი დამშვიდება სცადა, ნუ გეშინია, იარაღი დატენილი არ არისო. პედაგოგმა ფანჯარა მიხურა და სასწრაფოდ გაიყვანა ის ბავშვი, ვისზეც პოპოვის შვილმა მიუთითა.

დენის პოპოვის ცოლი ამ დროს ბავშვიანად ჩამოვიდა მეორე სართულიდან და ცოლ-ქმარმა შვილები ბაღიდან წაიყვანა. პედაგოგებს მაშინვე პოლიციაში არ დაურეკავთ, პანიკის ატეხას მოერიდნენ, თუმცა, საქმის კურსში ჩააყენეს იმ ბავშვის მშობლები. მეორე დილით ბაღის დირექტორმა ნანა ბედენაშვილმა ბაგა-ბაღების სააგენტოში ხელმძღვანელობას აცნობა, რაც მოხდა.

"პოპოვების შვილები წელს მოვიდნენ ბაღში. ძირითადად, დედას მოჰყავდა. პედაგოგს დენის პოპოვი სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და ორივეჯერ ნასვამი. პედაგოგი და მისი თანაშემწე ვერ აზუსტებენ, ეს ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღი იყო თუ სათამაშო პისტოლეტი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, პოპოვი შვილის თანატოლს დაემუქრა"...

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბურძენიძე, ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა: "პედაგოგმა განმუხტა ჯგუფში მდგომარეობა და შეეცადა, ბავშვებს ეს დაევიწყებინათ, მაგრამ ფაქტს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ეს არის მუქარა, მოწოდება შვილისთვის, რომ თანატოლს გაუსწორდეს იარაღით, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება".

ნინო, მშობელი: "ჩემი შვილი სხვა ჯგუფშია, ამიტომ მომხდარი ტელევიზიით შევიტყვე. დილით ბაღთან ხალხს მოეყარა თავი, მალე საპატრულოს მანქანებიც გამოჩნდნენ. უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს. კიდევ კარგი, პატარებმა ვერც გააცნობიერეს, რა მოხდა და იმედია, ეს მათ ფსიქიკაზე არ აისახება".

ელზა პოპოვა, დენის პოპოვის მეუღლე:

- ერთ-ერთი ბავშვის მამიდას, რომელიც ამერიკაშია, "ფეისბუკზე" იმავე ღამით გაუვრცელებია ეს ამბავი. არ ვამართლებ ჩემს მეუღლეს, მაგრამ სიტუაციის ასე დრამატიზებაც არ შეიძლება. სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნახეს მხოლოდ პნევმატური, ჩვეულებრივი პისტოლეტი, რომელიც თავისუფლად იყიდება მაღაზიებში და რეგისტრაციაც კი არ სჭირდება.

- რით გააბრაზა თქვენი შვილი თანატოლმა, რომ თქვენი მეუღლე ასე მოიქცა?

- რამდენიმე დღის წინ ლუკამ გვითხრა, საბამ წამაქცია, ორი ბავშვი ზედ დამაწვა და მეტკინაო. ჩემი ქმარი ნასვამი იყო და ბავშვს უთხრა, თავი არავის დააჩაგვრინოო. იმ დღეს დენისიც გამომყვა ბაღში. ნასვამი იყო, თურმე შვილს ჰკითხა, აბა, რომელმა გაწყენინაო. იარაღი არავისთვის დაუმიზნებია, ჯიბიდან ამოიღო და ისევ ჩაიდო. ისე გამოვედით შენობიდან, არავის არაფერი უთქვამს, არც ლუკას მასწავლებელს. ბავშვებს ლუკასთვის უკითხავთ, ეს იარაღი ნამდვილიაო? მასაც მოუტყუებია მეგობრები და უთქვამს, ნამდვილიაო. მერე გზაში მამა-შვილის საუბარს მოვკარი ყური, აწი არავინ გაწყენინებს, ყველას შეეშინდაო. მაშინ გავიგე, რაც მოხდა და ვეჩხუბე. მეორე დღეს პოლიცია მოგვადგა და დენისი დააკავეს.

- თქვენს მეუღლეს ფსიქიკური პრობლემა ხომ არა აქვს?

- 8 წლის წინ მისი 35 წლის ძმა მანქანამ გაიტანა, მას მერე შეიცვალა დენისის ცხოვრება, თმა სულ გაუთეთრდა და ხშირად სვამს. ადრე კლინიკაშიც იწვა, ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი და პრობლემა აქვს. სისტემატური სამუშაო არა აქვს და ამას ძალიან განიცდის, ფერადი ლითონების ქარხანაში კვირაში ორი დღე მუშაობს. სიფხიზლეში ძალიან კარგი ადამიანია, მზრუნველი მამა. სამ შვილს ვზრდით. იმ დღესაც მთვრალი იყო და ვერ გააანალიზა, რომ ბავშვებთან თუნდაც სათამაშო იარაღის ამოღება არ შეიძლება. მასზე ცუდს არავინ გეტყვით, დალევით გაინადგურა ჯანმრთელობა. იმედია, ციხეში არ გაუშვებენ, მას მკურნალობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, თვითონაც განიცდის იმას, რაც გაუაზრებლად ჩაიდინა. როცა სახლიდან ის პისტოლეტი წაიღეს პოლიციელებმა, გაეცინათ, ნამდვილი იარაღი გეგონებაო".

სამართალდამცველთა თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ალბათ, ექსპერტები მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეისწავლიან.

თეა ხურცილავა