"ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე?" - კვირის პალიტრა

"ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე?"

ნინოს მშობლებს გოგოს ხელი ვთხოვე. 300-კაციანი ქორწილი გვქონდა. ჯვარიც დავიწერეთ და არავის უთქვამს, რომ ჩვენი ქორწინება არ შეიძლებოდა. ხელიც მოვაწერეთ. 14 სექტემბერს გოგონა შეგვეძინა, დედაჩემის სახელი, მაიკო დავარქვით

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა გოგონების ნაადრევი ქორწინების რიცხვით, მხოლოდ Mმოლდავეთი გვისწრებს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება. რეგისტრირებული ქორწინების 24% სწორედ არასრულწლოვან წყვილებზე მოდის. ნაადრევ ასაკში ქორწინება ყველაზე ხშირია აჭარაში, შემდეგ - შიდა ქართლში.

ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი გოგონებს იძულებითაც ათხოვებენ, ეს განსაკუთრებით ხშირია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში. მართალია, კანონმდებლობით იძულება ისჯება, მაგრამ ფაქტია, მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. მომავალ წელს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება შესაძლებელი, ხოლო 2017 წლიდან საერთოდ აიკრძალება 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება.

გორის რაიონულ სასამართლოში 20 წლის გიორგი ნიბლაძეს 15 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით ასამართლებენ. გიორგიმ შარშან თანასოფლელ 15 წლის გოგონაზე, ნინო კოკაურზე იქორწინა, წელს კი მას ამის გამო ბრალი წაუყენეს და არასრულწლოვნის ცოლად შერთვისთვის 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არადა, წყვილს უკვე შვილიც ჰყავს, ისინი ორი თვის გოგონას ზრდიან. ახალგაზრდები სოფელ ვარიანში ცხოვრობენ.

გიორგი ნიბლაძე: - მე და ნინომ ქართული ტრადიციული ოჯახი შევქმენით. გვიყვარდა ერთმანეთი და მის მშობლებს გოგოს ხელი ვთხოვე. 300-კაციანი ქორწილი გვქონდა. ჯვარიც დავიწერეთ და არავის უთქვამს, რომ ჩვენი ქორწინება არ შეიძლებოდა. 10 მაისს ხელიც მოვაწერეთ. 14 სექტემბერს გოგონა შეგვეძინა, დედაჩემის სახელი, მაიკო დავარქვით. მამობას ვნატრობდი და იმის ნაცვლად, რომ მამობის სიხარული მეგრძნო, ჩემი გონება სულ სხვა რამეზე გადაერთო - მიზეზი პროკურატურის ზარი გახდა.

ბავშვის დაბადების მეორე დღესვე იუსტიციის სახლში წავედი დაბადების მოწმობის ასაღებად. ჩვეულებრივ დაარეგისტრირეს ბავშვი, მაგრამ მეორე დღეს დამიბარეს პროკურატურაში. იქ კი განმიცხადეს, რომ თუ არ დავთანხმდებოდი პროკურატურის პირობებს, 7-დან 9 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა.

- რას გთავაზობდნენ?

- უნდა მეღიარებინა, რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი მქონდა და 3 წელს საპროცესო გარიგებას გამიფორმებდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. ამის შემდეგ საქმე სასამართლოს გადასცეს. ამ მუხლით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დღეს გასამართლებული. განსაკუთრებით აზერბაიჯანელები, უმრავლესობას ცოლის შერთვის გამო პირობითი მსჯავრი დაადეს.

- როცა ცოლი შეირთეთ, არ იცოდით, რომ დასჯადი იყო 15 წლამდე ასაკის გოგონასთან ქორწინება?

- არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მსგავსი კანონის არსებობაზე, თორემ რა პრობლემა იყო, რამდენიმე თვეში ნინო 16 წლის გახდებოდა და მერე ვიქორწინებდით. ჩვენს სოფელში და სხვა სოფლებშიც ბევრი ოჯახი ასეა შექმნილი.

როცა საქმე აღძრეს, ვიცოდი, იმ შემთხვევაში დავისჯებოდი, თუ გოგოს ოჯახი იქნებოდა წინააღმდეგი და ისე წამოვიყვანდი. ჩემი მეუღლის მშობლები დაგვთანხმდნენ, ამის დამადასტურებელია ჩვენი ქორწილის კასეტაც. მათ ჩვენებაც მისცეს პროკურატურასა და სასამართლოს, მაგრამ პროკურატურა ჩემს დასჯას ითხოვს. რატომ უნდა დამინგრიონ ოჯახი, იმიტომ, რომ ახალი კანონი შემოიღეს? როცა ხელი მოვაწერეთ, არც მაშინ უთქვამს ვინმეს, რომ ეს დანაშაულია. ჩემი ორსული მეუღლე საავადმყოფოში აღრიცხვაზეც ხომ იყო, არც მაშინ უთქვამთ ექიმებს რამე. ახლა ოჯახი უნდა მივატოვო და ციხეში წავიდე? მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ნებისმიერი დაადასტურებს, რომ ძალადობა არ ყოფილა, წესიერი ოჯახი გვაქვს. სკოლაშიც ყველამ იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ადამიანი ყველაზე დიდ განათლებას სკოლაში იღებს და მასწავლებელმა მაინც უნდა განუმარტოს მოსწავლეს, რომ კანონით აკრძალულია არასრულწლოვანთა ქორწინება. დარწმუნებული ვარ, თბილისის სკოლებშიც არ ეცოდინებათ, რომ ეს დასჯადია.

სანამ ამ კანონს მიიღებენ, მანამდე უნდა დაფიქრდნენ, რა პრობლემას უქმნიან უკვე შექმნილ ოჯახებს. ახლა რომ აცხადებენ, დასჯადიაო, გასაგებია. ამიერიდან ყველას ეცოდინება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ფაქტი უკვე მომხდარია და ეს უკვე შექმნილ ოჯახებზე არ უნდა გავრცელდეს. ოჯახს გვინგრევენ. რატომ უნდა ვიყო ნასამართლევი? ამიტომ კატეგორიულ უარს ვამბობ საპროცესო გარიგებაზე. დანაშაულად მითვლიან ოჯახის შექმნას?

ნინო კოკაური, 16 წლის: - გიორგი ჩემი დის კლასელია. მას სკოლა დამთავრებული ჰქონდა. მე მეათე კლასში დავდიოდი. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით. დედამ კი მითხრა, ჯერ პატარა ხარო, მაგრამ ჩვენს სიყვარულს წინ ვერ დაუდგა და ვიქორწინეთ. როცა ხელი მოვაწერეთ, იუსტიციის სახლშიც არავის უთქვამს, რომ ეს დანაშაული იყო. ვარიანში ბევრი 15 წლის გოგოა გათხოვილი. ერთი გოგო ვიცი, შვილს ელოდება და ისიც ვიცი, რომ პროკურატურა ჩასაფრებულია, როდის გააჩენს, რომ მის ქმარს ბრალი წაუყენოს. ეს არის სამართალი? იმაზე თუ ფიქრობენ, მე რა უნდა გავაკეთო მარტო შვილთან ერთად, თუ ჩემს ქმარს დაიჭერენ?

მაია ბერკაცაშვილი, გიორგის დედა:

"ეს მუხლი თუ არსებობდა, არ ვიცოდი. ქორწილი გადავიხადეთ, მოძღვარმა ჯვარი დასწერა. ეს ნებაყოფლობითი ქორწინება იყო. უკვე შექმნილ ოჯახს რომ ანგრევს მთავრობა, რას ფიქრობს? მარჩენალს ართმევს პატარას? ნინო მეძუძური დედაა და სულ ტირის. ხომ შეიძლება ამით ბავშვიც დააზარალონ და დედაც? დედისერთა იყო გიორგი, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც წავიდა. ქართველი ვაჟკაცი გავზარდე, არაფერი დაუშავებია და ციხეში რატომ უნდა გამოკეტონ?"

როგორც გიორგის ადვოკატი ვანო სამხარაძე ამბობს, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. გორის პროკურატურაში კიდევ სამ ახალგაზრდაზეა საქმე აღძრული. "სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ბრალდება არ უფიქრდება შედეგს, რასაც შეიძლება გიორგი ნიბლაძის პატიმრობა მოჰყვეს. ოჯახი შეიქმნა ნებაყოფლობით, რასაც ადასტურებს ყველა მხარე. რა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ამაზე უნდა დაფიქრდნენ როგორც პროკურორი, ასევე მოსამართლე. იმედია, მოსამართლე ყველა გარემოებას გაითვალისწინებს, გიორგის არ დააკავებს და მის პატარას უპატრონოდ არ დატოვებს", " - აცხადებს ადვოკატი ვანო სამხარაძე.

ახალგაზრდა წყვილი ახლა სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ სამართალი მათ მხარეს დადგება.

"14 წლის მოზარდის გათხოვება დანაშაულია"

დეპუტატი თამარ კორძაია საკანონმდებლო ცვლილებას ემხრობა და კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს:

- სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სკოლას ბავშვები ნაადრევად ტოვებენ. არასრულწლოვნები ხშირად ქორწინდებიან და შემდეგ დიდია განქორწინების რიცხვიც. ასევე ხშირია იძულებითი გათხოვების ფაქტები. სახალხო დამცველის წინადადება იყო, რომ კანონი გამკაცრებულიყო. სახელმწიფომ აქტიურად უნდა დაიწყოს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ სავალდებულო ღონისძიებების გატარება. თუმცა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ამის აკრძალვა სრულყოფილ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ეს არის განაცხადი იმისა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს არასრულწლოვნის უფლებების შელახვას. საჭიროა საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებაც მოზარდებისთვის. ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია არასრულწლოვანთა ქორწინებას კრძალავს. ბავშვად ითვლება 18 წლამდე ადამიანი და შესაბამისად, მას ოჯახთან ყოფნის უფლება უნდა ჰქონდეს.

- როგორც ვიცით, სასამართლოს თანხმობით დაქორწინება 17-18 წლის პირებს შეეძლებათ. გამონაკლისი რა შემთხვევაში დაიშვება?

- მხოლოდ 17 და 18 წლის პირებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შვილი ჰყავთ, 2017 წლიდან კი 18 წლამდე ქორწინება საერთოდ აიკრძალება.

- დღეს ბევრ არასრულწლოვანს შვილი ჰყავს, ბევრიც ელოდება. მსგავსი ცვლილება ბავშვთა უფლებების დარღვევას ხომ არ გამოიწვევს?

- ბავშვის მიმართ არსებობს პირადი არაქონებრივი უფლებები. დაქორწინებული არიან თუ არა მშობლები, არა აქვს მნიშვნელობა, როგორც დედას აქვს უფლება, აღზარდოს შვილი, ასეთივე უფლებები აქვს მამასაც. ქორწინება არის მხოლოდ ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგება ქალსა და მამაკაცს შორის. შესაბამისად, ეს ბავშვთან არავითარ კავშირში არ არის. მხოლოდ ქონებრივი უფლებების რეგულირებისთვის 18 წლამდე ქორწინება და ოჯახის შექმნა სულაც არ არის საჭირო. თუ შვილი ეყოლებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შვილის მიმართ პასუხისმგებლობა ორივეს ექნება. გარდა ამისა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ქორწინების რეგისტრაციასაც. თუ თვლის, რომ ეს მისი შვილია, ამას ქორწინების მოწმობა არ სჭირდება. არც გვარის და სახელის მიცემისას შეექმნებათ პრობლემა.

- გასაგებია, მაგრამ ეს ხომ არ გაზრდის საქართველოში არარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვს?

- დღეს მოქმედი კანონიც ვერ მოახერხებს ამის გაკონტროლებას, მთავარია, სახელმწიფომ აკრძალოს არასრულწლოვანთა ქორწინება, რადგან 18 წლამდე პირი არის ბავშვი და მისი ქორწინება არანორმალური მოვლენაა. სასამართლოს ვერ მიმართავენ დაქორწინების მოთხოვნით 16 წლამდე ასაკის ბავშვები. 16 წლამდე ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაული იყო, არის დღესაც და მომავალშიც იქნება.

ბოლო წლებში გახშირდა მოზარდების იძულებით გათხოვების ფაქტებიც. 16 წლის აზერბაიჯანელმა გოგონამ ამის გამო თავი მოიკლა. ადრეულ ასაკში ქორწინება ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

- ყველაზე ხშირად ადრეული ქორწინება ეროვნულ უმცირესობებშია მიღებული და ამას ტრადიციით ამართლებენ.

- ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს. ამ ხალხთან სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა იმუშაონ. 14 წლის მოზარდის გათხოვება დანაშაულია. სქესობრივი კავშირი 15-წლამდე ასაკის პირთან დასჯადი, სისხლის სამართლის დანაშაულია.

თეა ხურცილავა