რას ნიშნავს უკონტაქტო პოლიცია
07-12-2015
რას ნიშნავს უკონტაქტო პოლიცია
ჩვენი ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა


შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე: - კანონის მიღებისა და ამოქმედების შემდეგ იქნება სამთვიანი ვადა მათთვის­, ვინც ელოდება, გამოწერილი აქვს ან უკვეთს მარჯვენასაჭიან მანქანას. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კანონი ძალაში შევა.

- პროექტის შემუშავებამდე თუ შეხვდით და ესაუბრეთ დილერებს?
- არა, რადგან არ გვინდოდა, ბაზარზე­ გავლენა მოგვეხდინა. შევხვდით მხოლოდ ექსპერტებს და მათი შეფასებები მოვისმინეთ. ჩვენი ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ
წინა წლებთან შედარებით გაიზარდა მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა. წინა წლებში ყოველ 100 000 მანქანაზე 12 000-15 000 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოდიოდა, რაც დასაშვები ბალანსია. დღეს ეს ციფრი გაზრდილია. გარდა ამისა, ავტოპარკს, ძირითადად, მარცხენასაჭიანი ძველი ავტომანქანები აკლდება, რაც უფრო ზრდის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების პროცენტულ მაჩვენებელს. ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ
განვითარდეს ჩვენი მოძ­რაობის სისტემა. გზები, ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია მარცხენასაჭიანი ავტო­მობილებისთვის. თუ ახლა არ მოვაწესრიგებთ მოძრაობას, 7 წელიწადში მთავრობას მოუწევს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს გამოვიდნენ­ მარჯვენასაჭიანი, მეორე დღეს კი - მარცხენასაჭიანი ავტომობილები.

მნიშვნელოვანი სიახლე იქნება პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და უკონტაქტო პატრულირების შემოღება. პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსები, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ და კამერები დამრღვევებს ავტომატურად დააფიქსირებენ. დამრღვევ პირებს დააჯარიმებენ ვიდეოჯარიმებით... დღეს ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს, ფრთხილად იყოს. გადასატანი რადარები სხვადასხვა ადგილას განთავსდება. ეს მექანიზმები გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლოს, და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ კონტროლი რეალურად ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს.

მართვის მოწმობის აღებისთვის გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტოსაგზაო მოძრაობაში მოუწიოთ... დღეს სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება. ვფიქრობთ, სასწრაფოსთვის, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ძალზე მკაცრი არ უნდა იყოს და მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, მძღოლები დაჯარიმდნენ 300-ლარით. მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობის აღკვეთა. ხშირად დაგინახავთ, ალბათ, შუქნიშანზე ან საცობში, როგორ თავხედურად გადაკვეთს რომელიმე მძღოლი გზას და გადადის საპირისპირო ზოლში, რათა გაასწროს ავტომობილების რიგს. ეს საცობების გამოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ დამრღვევი 300 ლარით დაჯარიმდება.

2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, განურჩევლად კატეგორიისა. 1-ლი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები... სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდათ.
გავაზელი
15 დეკემბერი 2015 15:26
თქვენი მოწესრიგებული არ გაიშვა. შედეგი იქნება მხოლოდ ერთი: ქვეყანა გაივსება ჯართი მანქანებით!
ნუნუკა
15 დეკემბერი 2015 13:29
არ დაუთმოთ გზა ზებრაზე ფეხით მოსიარულეს იმიტომ,რომ თქვენს უკან მოძრავი მანქანა ან თქვენ დაგეჯახებათ ან გვერდს აგიქცევთ და გადამსვლელს იმსხვერპლებს. ჩემს შემთხვევაში ფეხით მოსიარულემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და თავიდან აიცილა უბედური შემთხვევა.
გაიღვიძე, პატრულო, დეპოში ვართ!
gio
07 დეკემბერი 2015 23:55
მოძრაობის დარეგულირებისათვის საჭის მდებარეობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.იგივე ეკოლოგიისათვის რომელი ჯოია?? 2006 წლიანი მარჯვენა თუ 1996 წლიანი მარცხენა საჭიანი ავტომობილი?? ადამიანის უფლებაა იყიდოს ის რაც მის ბიუჯეტს და გემოვნებას ეწყობა.აშკარაა მარჯვენასაჭიანების აკრზალვა ლობირებულია ამერიკის და ევროპის მთავრობების მიერ. რათა ჩვენი ქვეყანა ეხლა მათი ძველი მანქანებით გაივსოს

რედაქტორის რჩევით