"ვაზღვევინებთ ყველას, ვინც ბუკას სიკვდილს ხელი შეუწყო" - კვირის პალიტრა

"ვაზღვევინებთ ყველას, ვინც ბუკას სიკვდილს ხელი შეუწყო"

"ვიბრძოლებ სიცოცხლის ფასად! ასმათ შენგელაია, არ შეგარჩენ, შვილი წამართვი და გამაუბედურე!"

30 ნოემბერს შემაძრწუნებელი ამბავი მოხდა - 8 წლის ბუკა ნიკურაძე გარდაიცვალა.

"ვიბრძოლებ სიცოცხლის ფასად! ასმათ შენგელაია, არ შეგარჩენ, შვილი წამართვი და გამაუბედურე!" - შვილმკვდარი დედა მანანა ენუქიძე ბავშვის გარდაცვალებას იაშვილის კლინიკის პროფესორ ასმათ შენგელაიას აბრალებს.

ბუკას რამდენიმე თვის წინ იაშვილის კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. "16 მარტს, თურქეთში წაყვანამდე, იაშვილის კლინიკაში ბუკას ტომოგრაფია გადაუღეს და მოგვილოცეს, - ბავშვი გამოჯანმრთელდა, კარგად არის და მალე უკეთესად იქნებაო, - იხსენებს ინგა ჩუბინიძე, ბუკას ბებია. ამის შემდეგ ბავშვი საერთოდ მოწყდა: ვეღარ დადიოდა, ვეღარ ლაპარაკობდა. ეს იცის ქიმიამ, ხომ იცოდით, რაზეც აწერდით ხელსო, - გვითხრეს კლინიკაში.

"ბუკა რომ რეანიმაციაში ავიყვანეთ, ასმათ შენგელაიამ თათბირი მოაწყო და განაცხადა, დედა-შვილს ღორის გრიპი აღმოაჩნდაო და მთელი ჰემატოლოგიის განყოფილება აცრეს. თუ ჩემს შვილს ღორის გრიპი სჭირდა, ქიმიოთერაპიით მკურნალობდნენ ღორის გრიპს?!" - უთხრა "კვირის პალიტრას" ბუკას დედამ.

მას შემდეგ, რაც ბუკას მდგომარეობა დამძიმდა, ის უგონო მდგომარეობაში თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. 7 ბიოფსიის შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.

ინგა ჩუბინიძე, ბუკას ბებია: "20 აპრილს ფონდმა "სოლიდარობამ" ბუკა თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანა. ანალიზი მოგვთხოვეს. აქ დიდი ბრძოლისა და ხვეწნის შემდეგ მოგვცეს და რომ ჩავიტანეთ, გვითხრეს, - ამ სინჯარაში ლეიკემიის ჩხირი არ არისო. ესენი კი დღესაც ამტკიცებენ, ბავშვს ლეიკემია ჰქონდა და ერთი წლის შემდეგ უნდა გამოჩენილიყოო. ერთი წელი ვეღარ გაუძლო ბუკამ"

ნათია გელაშვილი, ბუკას ნათლია: "ჩვენ ყველაფერს სამართლებრივად დავამტკიცებთ. ყველა საბუთი გვაქვს, რომ ბუკას ლეიკემია არ სჭირდა. ვაზღვევინებთ ყველა ექიმს, ვინც ბუკას სიკვდილს ხელი შეუწყო".

ივანე ჩხაიძე, იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი: - დიაგნოზი დაისვა სწრაფად, ასევე სწრაფად იყო მიღებული გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით.

შეიძლება დღეს დამაჯერებლად არ ჟღერდეს, მაგრამ ასეთი მკურნალობის შედეგად პაციენტების 3/4-ში დადებით შედეგს ვაღწევთ. ძალიან დიდი წინსვლაა წინა პერიოდთან შედარებით. მიგვაჩნია, რომ ის მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია საქართველოში, სწორი დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შედეგია. თუმცა,

არიან პაციენტები, რომლებიც დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევა არ ექვემდებარება მკურნალობას, მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს. ვითარდება სხვადასხვა სახის გართულება, რაც ლეტალური შედეგით მთავრდება. სავარაუდოდ, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, მკურნალობის მიუხედავად, შედეგი ვერ მივიღეთ".

იხილეთ ვიდეო

ეკა სალაღაია