"გამოიძიონ ეს საქმე, დავიღალეთ!"
14-12-2015
"გამოიძიონ ეს საქმე, დავიღალეთ!"
"შემთხვევიდან ერთ კვირაში იმჟამინდელი შს მინისტრი ეკა ზღულაძე მოვიდა. მისმა თანამშრომლებმა ჩვენი კარი გატეხეს და სახლში შეცვივდნენ, ჩვენ ახლოს არ გაგვიკარეს. არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაულის ყველა კვალი მაშინ წაშალეს"

"მეუბნებიან, საქმე ისე სუფთად არის შესრულებული, მისი გახსნა ძნელიაო"



2012 წლის 30 სექტემბრის ღამით (საპარლამენტო არჩევნების წინადღეს) გურჯაანის რაიონის სოფელი კოლაგი შემზარავი­ ტრაგედიის მომსწრე გახდა - რაფალიანცების ოჯახის წევრებმა 10 თვის ბარბარეს გვამი იპოვეს წყლით სავსე ქვევრში, რომელსაც ზემოდან ქვა ჰქონდა
დაფარებული. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ლოგინზე მძინარე დატოვეს, ნახევარ საათში კი ვეღარსად იპოვეს. ბარბარე რაფალიანცის ცხედრის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უკავშირდებოდა, რადგან ბავშვის დეიდა "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი
შოთაძემ განაცხადა, რომ საქმის გამოძიება არაკვალიფიციურად დაიწყო და საწყის ეტაპზე არ მოიძიეს ის უტყუარი ნივთიერი მტკიცებულებები, რაც ამ საქმის წარმატებით გახსნას განაპირობებდა. მანვე საზოგადოებას აღუთქვა, რომ მთელ ძალისხმევას მიმართავს, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გაიხსნას.

"კვირის პალიტრა" ტრაგედიიდან მესამე წლისთავზე ბარბარე რაფალიანცის ოჯახს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაეგო, რა არის ახალი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და ბურუსით მოცულ საქმეში.

დალი მექერიშვილი, ბარბარე რაფალიანცის დეიდა: - 3-4 თვეა, აღარავინ გვეხმიანება, არც რეკავენ, არც მოდიან. გვპირდებ­იან, ჩამოვალთ, ჩამოვალთო, მაგრამ არავინ მოდის. საქმეს შს სამინისტრო იძიებს. ჩვენც აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიაროთ თბილისში=, უკანასკნელი კაპიკები თბილისში სიარულში დავხარჯეთ. გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ ეს საქმე, დავიღალეთ! სად აღარ ვიყავით, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს გვაძლევენ - ვიძიებთ, ჩვენი წყაროები გვყავს და საქმეს გავხსნითო. რაც ვიცოდით, ის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, დანარჩენი მათი საქმე იყო.

- ვისთან გქონდათ ბოლო დროს კონტაქტი, რას გეუბნებოდნენ?
- ორი პარტია გამომძიებელბი შეცვალეს და შედეგი ნულია. ბოლოს ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილეს შევხვდით, რომელმაც გვითხრა, არ გეგონოთ, ეს საქმე დავიწყებული გვაქვს, ვმუშაობთ, ჩვენი წყაროები გვყავს, მაგრამ ვინაიდან ეს საქმე სუფთადაა შესრულებული, საქმის გახსნა ძნელიაო.
დედა დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვდა გამომძიებელ მიშა გაგნიძეს, რომელმაც უთხრა, ჩვენი წყაროებით კვალზე გავალთო. რით ვეღარ გავიდნენ? არ ვიცი, ამ საქმეს არ თუ ვერ ხსნიან, მაგრამ იმედია, სიმართლე გაირკვევა ამ მთავრობის თუ არა, სხვა მთავრობის ხელში მაინც.

- ირაკლი შოთაძემ განაცხადა, გამოძიება თავიდანვე არაკვალიფიციურად წარიმართა, რაც საქმის გამოძიებას ართულებსო. როგორც ირკვევა, გამოძიება ჩიხში იმის გამო შევიდა, რომ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის კვალი წაშლილია. თქვენი აზრით, ვის უნდა მოეხერხებინა ეს?

- როცა დაკეტილ კარს დაუკითხავად ხსნიან, შედიან, ოჯახის წევრებს შინ არ გვიშვებენ, გარეთ გვყრიან და კაცმა არ იცის, შიგნით რას აკეთებენ, რა უნდა ვიფიქრო? შემთხვევიდან ერთ კვირაში ჩვენს ოჯახში იმჟამინდელი შს მინისტრი ეკა ზღულაძე მოვიდა. მისმა თანამშრომლებმა ჩვენი კარი გატეხეს და სახლში შეცვივდნენ, ჩვენ ახლოს არ გაგვიკარეს. ექსპერტიზის ჩატარებაში შევუშლიდით ხელს? არ გამოვრიცხავ, დანაშაულის ყველა კვალი მაშინ წაშალეს. მინისტრი რომ შეიცვალა და ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა, მაშინ ჩამოვიდნენ კიდევ, თუ არ ვცდები, გამომძიებელ გიორგი ქემოკლიძის ხელმძღვანელობით. შემდეგ მასთან გვქონდა კავშირი, მისგან ვიგებდით ყველაფერს. მართალს ამბობს ირაკლი შოთაძე, თვეების განმავლობაში ყველანაირი კვალი წაიშალა, ამის გარეშე კი საქმის გამოძიება ძნელია.

- ამბობდით, რომ ნანახი გაქვთ ვიდეოფირი, რომელზეც მკვლელობის დამკვეთიც ჩანს და შემსრულებელიც. გამოძიება დაინტერესდა ამ მასალით და რამე თუ გაირკვა?
- ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა მოგვიტანა ჩვენი­ თანასოფლელის დეიდის საუბ­რის ფარული ჩანაწერი.
ეს ქალი ჩვენს პირველ ადვო­კატთან წასულა გურჯაანში და უთქვამს, რომ მისი დისშვილია მკვლელობის შემსრულებელი. ამბობდა, ბავშვი ჩემმა დისშვილმა ჩააგდო ქვევრში, მაგრამ არ იცოდა, წყლით სავსე რომ იყო, თან პირმოტეხილში იმიტომ ჩააგდო, ბავშვს ესუნთქაო. წავიდა ძიება და გამომძიებლებმა თქვეს, მისი სიტყვა არ არის სარწმუნო, სახლიდან წილს არ აძლევენ და განაწყენებულმა დისშვილი ამიტომ დაადანაშაულაო.
გახსოვთ, ალბათ, ჭორი გაავრცელეს, დეიდაა გარეული ბავშვის მკვლელობის საქმეშიო. რას იზამ, ყველას პირზე ხელს ვერ ააფარებ. რაც მთავარია, ჩემს დას სჯერა ჩემი უდანაშაულობის. შეუძლებელია, ამ საქმემ სადმე თავი არ ამოყოს და არ გაცხადდეს სიმართლე.

- სად და როგორ ცხოვრობენ ბარბარეს მშობლები?
- ჩემი დის ოჯახს, როგორც იქნა, დაუნიშნეს სოციალური დახმარება. დედოფლისწყაროდან წამოვიდნენ და ახლა ჩვენს სოფელში, მიტოვებულ სახლში ცხოვრობენ. ერთი წლის ვაჟი - გიორგი ჰყავთ.

"კვირის პალიტრა" ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმის გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე ვერ ისაუბ­რებენ.

ნანა ფიცხელაური
simarTle-s
22 დეკემბერი 2015 04:05
ბრმა ხარ თუ ყრუ? ეკა ზღულაძე ამ მთავრობის წევრია რომ ამ მტავრობას გულისხმობ დამკვეთად?დიახაც,სისხლისმსმელმა ნაცებმა და ღვინიშვილის ნათესავებმა მოკლეს ბავშვი.ისინი ემუქრებოდნენ ამ ოჯახს,სხვა არავინ
simarTle
16 დეკემბერი 2015 15:42
სანამ ეს მთავრობაა,არავინ არაფერს არ გამოიძიებს.ისედაც იციან ვისი დაკვეთით მოხდა.ახალი მთავრობა კი იმედია ციხეში ჩაყრის ყველას, ვინც ეს საშინელება დაგეგმა.
rezo
14 დეკემბერი 2015 19:58
ra sisulelea sopel kolagis koordinatoris dashinebis miznit patara shvilis mokvla? ragaca ar mjera me am ambis.

რედაქტორის რჩევით