"მეგო­ბარს სამზარეულოს დანით უმოწყალოდ რომ აგიჩეხენ, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"მეგო­ბარს სამზარეულოს დანით უმოწყალოდ რომ აგიჩეხენ, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებით"

"ამბობენ, რომ მამამ შვილის დანაშაული დაიბრალა"

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 10 ნოემბერს ტრაგედია დატრიალდა. 25 წლის ბექა ჯველაურს დანით სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს, ასევე მძიმედ დაჭრეს ბექას უახლოესი მეგობარი, ლევანი. ბექა მაშინვე დაიღუპა, მისი მეგობარი კი დღემდე საავადმყოფოშია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცავებმა ჯველაურის მკვლელობაში 1951 წელს დაბადებულ გიორგი ნინაშვილს წაუყენეს ბრალი.

"გიორგი ნინაშვილმა სოფელ კურდღელაურში დანით მოკლა 1990 წელს დაბადებული ახალგაზრდა, ხოლო მისმა შვილმა, 32 წლის ალექსი ნინაშვილმა, დანით დაჭრა 1988 წელს დაბადებული ლევანი ჩ. და ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამოღებულია ნივთმტკიცება, დანაშაულის იარაღი, ორი დანა", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ტრაგედია ამით არ დასრულებულა - ალექსი ნინაშვილმა ჯველაურის მკვლელობიდან რამდენიმე საათში თავი მოიკლა. იგი ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკაცრიელ ადგილას, მწყემსმა კაკლის ხეზე მავთულით ჩამომხრჩვალი იპოვა.

ნ.დ: - სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, რეალურად რა მოხდა, არ ვიცით. კურდღელაური დიდი სოფელია. ნინაშვილები ჩვენგან მოშორებით ცხოვრობენ. 14 შვილი ჰყავთ, სოციალურად დაუცველები არიან. დანაშაული გვიან ღამით მოხდა, ამიტომ ხალხმა ვერაფერი გაიგო. ტრაგედიის ადგილას მოკლული ბიჭის მამა მისულა და ეს საშინელება თავისი თვალით უნახავს...

ამბობენ, რომ ნინაშვილებს არ იცნობდა მოკლული ახალგაზრდა. მას ლევანმა დაურეკა და ბექაც თელავიდან სოფელში ჩავიდა მეგობრის დასახმარებლად. ითქვა, თითქოს გიორგიმ დაიბრალა შვილის დანაშაული და სინამდვილეში შვილმა მოკლა ბექა.

ბექა ჯველაურის ოჯახს საუბარი უჭირთ. დედა, ნანული ხიზანიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მამა ყოფილი მოჭიდავეა. ახლობლები ამბობენ, ბექა ძლიერი იყო და რას წარმოვიდგენდით, ვინმე თუ მოერეოდა და სასიკვდილოდ გაიმეტებდაო.

თამუნა, ბექას მეგობარი: "მეგობარს სამზარეულოს დანით უმოწყალოდ რომ აგიჩეხენ, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებით. ჩვენი მეორე მეგობარი კი რეანიმაციაში წევს უმძიმეს მდგომარეობაში. ნეტავ იცოდეთ, როგორი კარგი ადამიანი იყო ბექა - თბილი, მეგობრული, კეთილი, ყველას გვერდში მდგომი".

ჩვენ თელავის გამგებლის მოადგილეს, დავით ნაპირელსაც დავუკავშირდით, მაგრამ საუბარი არ ისურვა: - პოლიციას მიმართეთ, მე არანაირი ცნობები არ გამაჩნია. მედიით რაც ვრცელდება, მხოლოდ ის ვიცი.

მეზობლები არც ალექსი ნინაშვილს ახასიათებენ უარყოფითად. ამბობენ, რომ მშრომელი და პატიოსანი ბიჭი იყო:

"ერთი ვერსიით, ალიკას შემოაკვდა ბექა, ეს ვერ აიტანა და თავს განაჩენი გამოუტანა. დანამდვილებით არაფერი ვიცით. როგორც ამბობენ,

ალიკას ტელეფონის ზარი ბექას ამხანაგ ლევანთან შემთხვევით შევიდა. ვინ ხარ, ზარი შენ გამომიშვიო და ამის გამო უკამათიათ. არ დამირეკავსო, უმტკიცებდა თურმე ალიკა. კამათი ჩხუბში გადაზრდილა. შემდეგ შეხვედრა დაუთქვამთ და საქმის გარჩევის დროს დატრიალდა ეს უბედურება",

- გვიამბო კურდღელაურის მკვიდრმა.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ჩვენება მისცა სამართალდამცავებს გიორგი ნინაშვილმა.

თეა ხურცილავა