ორი მკვლელობის ერთი იარაღი... - კვირის პალიტრა

ორი მკვლელობის ერთი იარაღი...

12 დეკემბერს სოფელ ქისტაურში ვახტანგ ნაკაიძემ მასთან სტუმრად მყოფი მეზობელი, 21 წლის ილია მანველიშვილი ნაჯახით მოკლა.

ტრაგედიას თვითმხილველები ჰყავს. მკვლელობის მოტივზე არავინ საუბრობს.

ზვიად მოსიაშვილი, სოფელ ქისტაურის გამგებლის წარმომადგენელი: - ნაკაიძის სახლში ქეიფობდნენ ილია მანველიშვილი და კიდევ ორი მეზობელი. ნაკაიძე მარტო ცხოვრობდა და დასალევად მასთან ხშირად იკრიბებოდნენ ბიჭები. იმ დღეს მთვრალებმა რაზე იჩხუბეს, არ ვიცი, არადა, მეგობრობდნენ. არც ერთს ცოლ-შვილი არ ჰყავს. როგორც ამბობენ, ნაკაიძეს მანველიშვილისთვის თავში ნაჯახი რომ ჩაურტყამს, მერე პოლიციაში დაურეკავს, კაცი შემომაკვდა და მოდითო. ვახტანგი სულ მთვრალი იყო, რა დატრიალდა მის გონებაში, კაცმა არ იცის. ბოლო დროს ილიაც სვამდა, დედამისი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ, ოჯახში მამა და ძმა ჰყავდა. საშინელ დღეშია მამამისი, შვილის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს...

ანალოგიური დანაშაული რამდენიმე დღის წინ თელავშიც მოხდა. 31 წლის ახალგაზრდამ 57 წლის მეზობელი ქალი ნაჯახით მოკლა.

გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს ქალის ვალი ჰქონია, 800 ლარი, და არ უბრუნებდა. ქალმა ფული მოსთხოვა და ამის გამო თავში ნაჯახი ჩაარტყა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს 1984 წელს დაბადებულ დიმიტრი მ.-ს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

- საცოდავ ქალს ბინა ჰქონდა ჩვენთან ნაქირავები და დიმიტრიმ მისგან 800 ლარი ისესხა. იმ დღეს ელენესთან კიდევ ფულის გამოსართმევად მისულა. ქალს უთქვამს, ჯერ ძველი არ მოგიტანია და კიდევ მთხოვო? რას წარმოიდგენდა, რომ თავის ფულს დააკლავდნენ. დიმამ ელენე ნაჯახით მის კართან მოკლა. დაჩეხილი ქალი ძირს ეგდო, მკვლელი კი გაიქცა. საწყალს სიკეთე სიცოცხლის ფასად დაუჯდა, - ამბობს მეზობელი.

თეა ხურცილავა