"მეხვეწებოდა, ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო" - კვირის პალიტრა

"მეხვეწებოდა, ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო"

"ყველა არჩევნებში იმ არაკაცებს მივეცი ხმა, მათ კი ასეთი არაადამიანობა გამოიჩინეს"

მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ყოფილი მაღალჩინოსნები: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. ბრალდებულის სახით დააკავეს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია. პროკურატურის განცხადებით,"გახსნილია დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავასა და რომან შამათავას ორგანიზებით ჩადენილი დანაშაული.

მეგის ქარდავა

"2012 წლის 28 ივლისს ქალაქ ზუგდიდში საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ დააპატიმრა გალელი ელბერდ კობერიძე, იძულებით ჩასვა ავტომანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გამოამწყვდიეს ერთ-ერთ ოთახში. მეორე დღეს ელბერდ კობერიძის დასაკითხად შეიკრიბნენ დათა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, რომლებიც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ: არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს იატაკზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს. წამებისას ელბერდ კობერიძემ დაკარგა გონება. უგონოდ მყოფი, ხელზე ბორკილდადებული, შეაგდეს ოთახში, სადაც 8 დღე ჰყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული. ამ დროის განმავლობაში კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისთვის", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

2012 წლის 6 აგვისტოს ნაწამები და უგონოდ მყოფი კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით ელდარ მამალაძის სახელით დაარეგისტრირეს. 13 აგვისტოს, ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ, კობერიძე თბილისში ჩამოიყვანეს და თელიანის დასახლებაში დააგდეს, სადაც თითქოს 8 გრამი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ დააკავა. 2012 წლის 8 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ელბერდ კობერიძე გაათავისუფლეს.

რომან შამათავა

"კვირის პალიტრა" გალში ელბერდ კობერიძეს დაუკავშირდა: - რომ ამბობენ, ტერორისტულ აქტს გეგმავდაო, თავს იმართლებენ, აბა, სხვას რას იტყვიან? მე მათ ვაჩვენებ ტერორისტულ აქტს! აქამდე სად იყვნენ ჟურნალისტები, ერთხელ რომ არავინ დამელაპარაკა? რატომ გავხდი სამიზნე, მათ ჰკითხეთ, მე არაფერი დამიშავებია. ყველა არჩევნებში იმ არაკაცებს მივეცი ხმა, მათ კი ასეთი არაადამიანობა გამოიჩინეს. რაც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ყველაფერი 100%-იანია...

მებრძოლი ჭკადუა, ელბერდ კობერიძის ადვოკატი: - კობერიძე ისეთ შოკში იყო, ვერც დაიმახსოვრა, ვინ აწამებდა. სასტიკად სცემდნენ, გუდავდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და როცა მიხვდნენ, მისგან ტერორისტს ვერ გამოიყვანდნენ, თელიანის დასახლებაში ჩამოაგდეს, ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს... თავდაპირველად, მიმალავდნენ, მერე როგორც იქნა, მივაკვლიე. შემომთავაზეს, დანაშაული აღიაროს და საპროცესო შეთანხმებით გავუშვებთო. ვუთხარი, ფულის გადამხდელი არა ვართ, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეთ-მეთქი. მე მისი გამართლებისთვის ვიბრძოდი, მაგრამ მეხვეწებოდა, როგორმე ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო. კობერიძე არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. მას ჩემთან მწამებლების გვარები არ უხსენებია. 2012 წელს დაიბარეს დაკითხვაზე, რის შემდეგაც ამოტივტივდა მაღალჩინოსნების გვარები. მარტო კობერიძის კი არა, მალე მათ სხვების წამებაზეც წაუყენებენ ბრალს...

მალხაზ ველიჯანაშვილი, დათა ახალაიასა და გიორგი კალანდაძის ადვოკატი: - ბრალის დადგენილებაში მხოლოდ მოწმე თორნიკე გუნავაა მითითებული (მასაც წინა ხელისუფლების დროს, ასევე, ტერორისტული აქტის აღიარებას სთხოვდნენ. - ავტ.). ეს გუნავა სასამართლოზე პარალელურად ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აძლევს ჩვენებებს. მისი თქმით, ის შეესწრო კობერიძის წამებასაც. გუნავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს იმ პირობით, რომ ბოლომდე ეს ჩვენება მიეცა. ამ ადამიანზე ყველაფერი ვიცი და სასამართლოზე წარვადგენ საბუთებს, როგორ მიდიოდა მასზე ზეწოლა. რაც შეეხება კობერიძეს, წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის და რას დაობს.

- დათა ახალაია და გიორგი კალანდაძე რას ამბობენ ამ საქმეზე?

- მათთან ჯერჯერობით არ მისაუბრია. ვინაიდან ფიზიკურად არ არსებობს მტკიცებულებები, ასეთ საქმეში გამართლება ძალიან მარტივია.

ნანა ფიცხელაური