უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
21-12-2015
უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
მომსახურების სააგენტოში იარაღის გასაფორმებლად მისული მკრტიჩიანის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი არავის შეუტანია

ბევრჯერ უნახავთ, თავის თავს როგორ ელაპარაკებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, აგრესიული არ ყოფილა

"სამწუხაროდ, ამ ფაქტის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში სოციალური სტიგმა გაღრმავდება"


ბერი გაბრიელის პროსპექტზე მოკლული 38 წლის გიორგი ბედოშვილი კახეთში, სოფელ ქიზიყში დაკრძალეს. იგი ფსიქიკურად დაავადებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო გიორგის ბიძაშვილი, ზურაბ ბედოშვილი, ფეხში დაჭრა.

იმ დღეს ისინი პაციენტის დასახმარებლად დილის 8 საათზე მივიდნენ.
გიორგი ბედოშვილს ფსიქიკურად დაავადებული ანდრო მკრტიჩიანის დედამ დაურეკა და შვილის საავადმყოფოში გადაყვანაში დახმარება სთხოვა. როგორც კი გიორგიმ და ზურაბმა სახლში შედგეს ფეხი, ანდრო მკრტიჩიანმა მათ ესროლა. გიორგი ზღურბლზევე დაიღუპა, ფეხში დაჭრილმა ზურაბმა კი გაქცევა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა.

54 წლის ანდრო მკრტიჩიანი ბინაში ჩაიკეტა და
სამართალდამცველებს დახოცვით ემუქრებოდა. იძულებული გახდნენ, ფეხში მსუბუქად დაეჭრათ და მხოლოდ ამის შემდეგ განაიარაღეს. შემთხვევის ადგილზე საშინელი სურათი დამხვდა, კიბე ერთიანად სისხლით იყო მოსვრილი, სისხლის გუბე იდგა ლიფტის კარსა და ბინის შესასვლელთანაც. ანდრო მკრტიჩიანი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ანდროს და იმავე კორპუსში ცხოვრობს (მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა). უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ბევრჯერ უნახავთ, თავის თავს როგორ ელაპარაკებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, აგრესიული არ ყოფილა. მხოლოდ ერთი ინციდენტი გაიხსენეს მეზობლებმა, - რამდენიმე კვირის წინ ანდრომ მანქანა შუა გზაზე დააყენა და თვითონ ბინაში ავიდა. სხვა მანქანებს გზა გადაეკეტათ და როცა გზის გათავისუფლება სთხოვეს, მძღოლს აუშარდა, უარზე დადგა. ანდრო მკრტიჩიანს მართვის მოწმობაც ჰქონდა, გაირკვა საგანგაშო ფაქტიც: მას იარაღი ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული. როგორც ჩანს, მომსახურების სააგენტოში იარაღის გასაფორმებლად მისული მკრტიჩიანის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი არავის შეუტანია, ალბათ, მართვის მოწმობის საფუძველზე გასცეს იარაღის შენახვის ნებართვა ისე, რომ ფსიქო არავის მოუთხოვია. არადა, როგორც მეზობლები ამბობენ, მას ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. საბედნიეროდ, 1-ლი ნოემბრიდან სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის წესები შეიცვალა. ვისაც იარაღის შეძენა სურს, შსს-ს მომსახურების სააგენტოში თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს.

ჩვენი ინფორმაციით, ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დედამ მკურნალ ექიმს აცნობა, რომ შვილს მდგომარეობა გაუმწვავდა. ექიმმა ურჩია, დაერეკა სასწრაფო დახმარებისთვის და ექიმები და პოლიცია დაეხმარებოდნენ შვილის საავადმყოფომდე მიყვანაში. მაგრამ დედამ ამ წესს გვერდი აუარა და ნაცნობ გიორგი ბედოშვილს დაურეკა დასახმარებლად. გიორგი ბედოშვილმა ანდრო მკრტიჩიანი ასათიანის ქუჩაზე ადრე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაიცნო, ბედოშვილი იქ სანიტრად მუშაობდა.

ლალი წულეისკირი, ექიმ-ფსიქიატრი: "გიორგი ბედოშვილი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. შვილებისთვის რომ არაფერი მოეკლო, ღამეებს ათენებდა, დამატებით მუშაობა არ ეზარებოდა. თითქმის მთელ დროს პაციენტებთან ატარებდა, მათ ნდობასა და პატივისცემას იმსახურებდა. ამ ოჯახს ის ადრეც დაეხმარა. ეტყობა, იფიქრა, ამჯერადაც მშვიდად მოაგვარებდა საქმეს. რას წარმოიდგენდა, სახლში შეიარაღებული ადამიანი თუ დახვდებოდა. ანდრო მკრტიჩიანი ჩვენს კლინიკაში იყო რეგისტრირებული. ეტყობა, წამლებს არ სვამდა, თორემ ასეთ რამეს არ ჩაიდენდა. ჩვენს კლინიკაში მუშაობს დაჭრილი ზურაბ ბედოშვილიც, ექთანის თანაშემწეა (გიორგი ბედოშვილის ბიძაშვილია). სამწუხაროდ, ამ ფაქტის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში სოციალური სტიგმა (ადამიანის დისკრიმინაცია ან პიროვნული უკმაყოფილება მისი უნიკალური თავისებურებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან) გაღრმავდება. ჩვენც დავდივართ ბინაზე ვიზიტებით, მაგრამ წინასწარ ვსწავლობთ პაციენტის მდგომარეობას. ფორმა 100-ში თუ წერია, რომ პაციენტი ძალიან აგრესიულია, მაშინ შესაბამისად მომზადებული მივდივართ, მაგრამ დაცული მაინც არ ხარ. ამასთან, ვალდებული ვართ, კონფიდენციალურობა დავიცვათ. თუ ადგილზე არ გვხვდება პაციენტი, მეზობელს ვერ ვეტყვი, ვინ ვარ, უფრო მეტიც, ოჯახის წევრსაც კი არ ვეუბნებით, რომ მისი ექიმი ვარ. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ოჯახებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ. მსგავს შემთხვევებში აუცილებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გამოიძახონ".

"როცა პაციენტი აღარ იღებს მედიკამენტს, ის უკვე საშიში ხდება"


უნდა ვერიდოთ თუ არა ფსიქიკურ ავადმყოფებს, რამდენად საშიში არიან ისინი, ან როდის მწვავდება დაავადება, ამ და სხვა საკითხებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, ლაშა კილაძეს ვესაუბრეთ:
- არ მინდა, ბანალური ვიყო და სიტყვა "სტიგმა" გამოვიყენო, მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს საზოგადოებაშია. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. საუბედუროდ, ეს ვერ გაითავისეს. ამიტომ არის, რომ ოჯახი მალავს ასეთ ავადმყოფს. უფრო მეტიც, მთლად ჯანსაღი დამოკიდებულება არ არის საზოგადოებაში თავად ფსიქიატრების, ფსიქიატრიულ სერვისებში მომუშავე ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიმართაც. გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ფსიქიატრებს ხშირად თავად აქვთ პრობლემები. არადა, ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ფილოსოფიასთან, ადამიანის სულის შეცნობასთან.

- სამწუხარო ფაქტი მოხდა, პაციენტთან მისული ადამიანი დაიღუპა.
- ეს ახალგაზრდები ექიმები არ იყვნენ. გიორგი ბედოშვილი ყოფილი სანიტარია, ექთანის თანაშემწე. ერთხანს ჩვენთანაც მუშაობდა, ადრე კი - ასათიანის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში. ზურაბი მისი ბიძაშვილია. საუბედუროდ, ნაცვლად იმისა, ოჯახს სპეციალისტისთვის მიემართა, კანონის შესაბამისად გამოეძახა ჯგუფი, დედამ ამ ახალგაზრდებს დაურეკა. წესით, უნდა დაერეკა სასწრაფო დახმარებისთვის, მიეწოდებინა ზუსტი ინფორმაცია და ექიმი გადაწყვეტდა, იყო თუ არა პაციენტი სოციალურად საშიში და ოჯახში პატრულთან ერთად მივიდოდა. ხშირად ფსიქიკურად დაავადებულის ოჯახის წევრებს რცხვენიათ, რომ მათი ახლობელი დაავადებულია. არ უნდათ ეს მეზობლებმა, ნათესავებმა გაიგონ და საბედისწერო შედეგიც არ აყოვნებს. ბედოშვილი იცნობდა პაციენტის ოჯახს. ის არაერთხელ იყო სტაციონირებული. ბოლოს ჩვენთან იყო აღრიცხვაზე.

- როგორც ვიცი, ასეთი პაციენტები წელიწადში ორჯერ სტაციონარში მკურნალობას საჭიროებენ.
- როგორც წესი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება ფსიქიკური დაავადებები. ასეთი პაციენტების მკურნალობას 100%-ით ფარავს სახელმწიფო. საავადმყოფოდან გასვლის შემდეგაც ისინი ამბულატორიულ მკურნალობას გადიან და ამასაც ფარავს სახელმწიფო, მედიკამენტებს­ უფასოდ გავცემთ. თუ პაციენტს არ შეუძლია ამბულატორიაში მისვლა, მაშინ მისი ოჯახის წევრი მიმართავს დაწესებულებას, გადის ჯგუფი და პაციენტის მდგომარეობას ამოწმებს.
არსებობს თემზე დაფუძნებული სახელმწიფო პროგრამებიც. პაციენტმა ფსიქიატრიულში მოხვედრით შეიძლება მორალური ტრავმა მიიღოს, ამიტომ მაქსიმალურად რომ ავარიდოთ სტაციონარში მოხვედრას, ეს სერვისი მოქმედებს. არსებობს შინ მოვლის ჯგუფებიც, ამ მომსახურებასაც სახელმწიფო აფინანსებს. როცა პაციენტი შეატყობს, რომ მისი მდგომარეობა მწვავდება, ან როცა ოჯახი შენიშნავს ამას, შეუძლიათ პაციენტი დღის ცენტრში მიიყვანონ, ის მთელი დღე ყველა სერვისს მიიღებს და საღამოს სახლში დაბრუნდება.

- როცა სახლში ფსიქიკურად დაავადებულია, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მისმა ახლობლებმა, რომ მდგომარეობა არ გართულდეს?
- მდგომარეობა მაშინ მწვავდება, როცა პაციენტი აღარ იღებს მედიკამენტს. ეს უკვე საშიშია და დიდი შეცდომაა, როცა ოჯახის წევრები ამ მომენტს ხელიდან უშვებენ. ხშირად გაიგონებთ, ახლა უკეთესადაა, წამალს არ სვამსო. ეს არის იმის წინა პირობა, რომ პაციენტის მდგომარეობა აუცილებლად გამწვავდება. რაოდენ კარგადაც უნდა გრძნობდეს თავს პაციენტი, მან წამალი უნდა მიიღოს. როგორც კი მედიკამენტის მიღებას შეწყვეტს, იმ წუთიდან ხდება დოზის კლება და როცა ეს ნივთიერება აღარ იქნება ორგანიზმში, მდგომარეობაც გამწვავდება.

თუ განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნის, ფსიქიკურად დაავადებული პაციენტი სტაციონარში არ უნდა მოხვდეს. მისთვის უკეთესია გარეთ ყოფნა, ვიდრე იზოლაციაში. ჩვენთან წლობით წვანან პაციენტები, მიუხედავად იმისა, რომ საშიშები არ არიან. უბრალოდ, ოჯახი უარს ამბობს მათ წაყვანაზე, ან თუ გაიყვანეს, ცდილობენ, ისევ უკან შეაბრუნონ. უნდა შევიგნოთ, რომ ფსიქიკურად დაავადებული საზოგადოების ჩვეულებრივი წევრია. უბრალოდ, ისინი სხვანაირები არიან.

- თუმცა ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ გარკვეული საშიშროება არსებობს.
- თუ გადავხედავთ კრიმინალურ სტატისტიკას, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევაა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. ყველა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი პოტენციური დამნაშავე არ არის. მათ სტაციონარებში გამოკეტვა კი არა, ყურადღება სჭირდებათ. და კიდევ, ხშირად ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტები ფსიქიატრის ნაცვლად ნევროპათოლოგს ან ფსიქოლოგს მიმართავენ, ესირცხვილებათ, ფსიქიატრთან რა მინდა, გიჟი ხომ არა ვარო. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან გამარტივებულია ფსიქოს აღება. ამის შედეგია მომხდარი ტრაგედიაც. ხშირად გამოკვლევები ტარდება ზედაპირულად ან კვალიფიკაციის არმქონე ჩვენი კოლეგები გასცემენ ფსიქოს. დღეს მოქმედი კანონი ლიბერალურია და პაციენტის უფლებები მაქსიმალურად დაცულია. იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში სასამართლოს დადგენილება 48 საათში უნდა გვქონდეს.

- ხშირად, როცა პაციენტი უჩივის უძილობას, დეპრესიას, ექიმი მას დამამშვიდებელ წამლებს უნიშნავს. ეს გამართლებულია?
- ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს კოლეგა ნევროპათოლოგების კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე. მხოლოდ დამამშვიდებლის გამოწერა გამოსავალი არ არის. პრობლემა გაცილებით ღრმაა და შესაბამისი გამოკვლევა სჭირდება. კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, რა სჭირდება პაციენტს. ნევროპათოლოგი არ უნდა შეეჭიდოს იმ პრობლემას, რაც ძირფესვიანად არ იცის. კონკრეტული სიმპტომი შეიძლება სახეზეა, მაგრამ პროცესი კიდევ სხვა გზით ვითარდება და ბრმად ხელის ფათურმა შეიძლება უარესი შედეგი მოგვცეს.

თეა ხურცილავა
ელდარი
26 სექტემბერი 2017 23:17
ფსიქიატრიას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით რეგიონებში.
meeee
22 დეკემბერი 2015 15:59
PASUXS VIN AGEBS UKANONOD GACEMUL IARAGZE?
polkovnik
22 დეკემბერი 2015 15:03
"უნახავს ვინმეს მოხუცი გიჟი?"

მერე იტყვით, სტიგმა რა შუაშიაო ((

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები