"მამა ძალიან ბრაზობდა, ის გემი არ დამხვდა, რაც თურქებმა კომპიუტე­რით მაჩვენესო­..." - კვირის პალიტრა

"მამა ძალიან ბრაზობდა, ის გემი არ დამხვდა, რაც თურქებმა კომპიუტე­რით მაჩვენესო­..."

რატომ არ მოინდომა ქართველმა კაპიტანმა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრა

გასულ კვირას საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდავეთის დროშით მცურავი გემი Carib Palm-ი დააკავა, რომელზეც საფრანგეთის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის - 2.4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ღირებულება 50 მილიონი ევროა. გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე, ბათუმელი ბადრი ბერიძეა. გემი კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში შესარემონტებლად მიცურავდა, როცა ლა-მანშის სრუტეში გააჩერეს და საფრანგეთის პორტ ბულონ-სიურ-მერში გადაიყვანეს... ბადრი ბერიძის ოჯახმა ეს ამბავი შემთხვევით, ინტერნეტით შეიტყო. მათი მტკიცებით, კაპიტანმა გემზე კოკაინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ოჯახი საფრანგეთის სამართალდამცავებთან შუამდგომლობას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.

გიორგი ბერიძე, კაპიტან ბადრი ბერიძის შვილი: - დიდი ხანია, მამას არ დაურეკავს. ჩემი და ინტერნეტით ამოწმებდა გემის გადაადგილებას. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ დაუკავებიათ. ეს ამბავი 10 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა, ჩვენ კი რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვეთ. მერე ვიღაც უცხოელმა დაგვირეკა და დამტვრეული რუსულით გვითხრა, მამათქვენი საფრანგეთის პოლიციაშია, მაგრამ სიმართლე მალე გაირკვევა და არ ინერვიულოთო. შემდეგ ჩვენ ვცადეთ ამ ნომერზე დარეკვა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.

- გამორიცხავთ, რომ მამამ გემზე კოკაინის არსებობის შესახებ იცოდა?

- რა თქმა უნდა! მამა გემზე 1993 წლიდან მუშაობს, პატიოსანი მეზღვაურის რეპუტაცია აქვს და მსგავს შემთხვევას მის საქმიანობასთან კავშირი არასოდეს ჰქონია. ამჯერად, 2 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოჩნდა გემის კორპუსის ქვედა ნაწილში, რომლის გაჭრისა და შემოწმების უფლება კაპიტანს არც აქვს. გემის ქვედა ნაწილში შეღწევისთვის ამოჭრეს ორმო, შემდეგ ისე შეადუღეს, რომ ვიზუალურად არაფერი ჩანდა. ჩანს, სამართალდამცავებს წინასწარ ჰქონდათ გემის კოკაინით დატვირთვის შესახებ ინფორმაცია, მათ გაჭრეს გემის კედელი და ისე შეაღწიეს ქვედა კორპუსის გვირაბში, სადაც კოკაინი იყო.

- მამა ამ გემზე როგორ მოხვდა?

- მას თურქული კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და სთხოვა, ეს გემი დომინიკელთა რესპუბლიკიდან თურქეთში ჩამოეყვანა. ისიც უთხრა, გემი ახალი შესყიდულიაო. შემოთავაზებას მამა კარგა ხნის ფიქრის შემდეგ დათანხმდა.

- დიდხანს რატომ იფიქრა?

- ხელფასი ეცოტავა, თუმცა ის 56 წლის არის და აქამდე სულ კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობდა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა კი კაპიტნობა შესთავაზა... მოკლედ, მამა თურქეთში ჩავიდა, სადაც ერთი კვირა შეყოვნდა - უკრაინელი თანაშემწეების ჩამოსვლას ელოდებოდა, ერთად უნდა წამოეყვანათ გემი. მერე დომინიკელთა რესპუბლიკაში ორი კვირა გაჩერდა. ამ ხნის განმავლობაში სკაიპით გვიკავშირდებოდა.

ბრაზობდა, ის გემი არ დამხვდა, რაც თურქებმა კომპიუტერით მაჩვენეს. ეს სულ სხვა, გაუმართავი გემია და არემონტებენო. ორ კვირაში გარემონტდა და მამამ წამოიყვანა.

- ფიქრობთ, რომ კოკაინით რემონტის დროს დაიტვირთა?

- შესაძლებელია, არც ის არის გამორიცხული, კოკაინით დატვირთული კოლუმბიიდანვე ჩამოეყვანათ დომინიკელთა რესპუბლიკაში...

- გაირკვა, რომ გემი თურქეთისკენ კი არა, პოლონეთის პორტისკენ მიემართებოდა...

- დიახ, ისევ დამატებითი რემონტის ჩატარების საბაბით. თუმცა, ვფიქრობ, ნარკოდილერები გემს იქ უნდა დახვედროდნენ...

საკითხავია, საფრანგეთის სამართალდამცველებმა რატომ არ აცალეს გემს დანიშნულების ადგილამდე მისვლა, რომ ნარკოდილერები გაშიფრულიყვნენ? მათ წინასწარ იცოდნენ, რომ კოკაინით იყო დატვირთული. თუმცა, როგორც ჩანს, ნარკომაფია ეფექტიანად მუშაობს. როგორც ვიცით, ფრანგმა სამართალდამცავებმა ჯერ კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები დააკავეს, შემდეგ გემზე ჩაატარეს 9-საათიანი ოპერაცია.

- საქართველოს ხელისუფლებას რას სთხოვთ?

- მაქსიმალური ინფორმაციის მოძიებას, ადვოკატის აყვანას, რათა სიმართლე გაირკვეს. გვეუბნებიან, კაპიტანმა ბადრი ბერიძემ საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ურთიერთობა არ ისურვაო, რამაც ძალიან გამაკვირვა. საზღვაო სააგენტოში მივედი, საქართველოს საელჩოს სახელზე წერილი დავწერე და ვითხოვე საქმის გარკვევა. პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. იქნებ საელჩომ მეტი აქტიურობა გამოიჩინოს და ვითარებაში გაგვარკვიოს.

მამუკა ახალაძე, საზღვაო სააგენტოს დირექტორი: - სანამ ინციდენტი არ მოხდება, საეჭვო კომპანიის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთი რამ კარგი რეპუტაციის კომპანიის კუთვნილ გემსაც შეიძლება დაემართოს. ბადრი ბერიძე არის კაპიტანი, სერტიფიცირებული მეზღვაური, რომელსაც პრობლემები არასოდეს ჰქონია...

გემი დაიტვირთა კოლუმბიაში, რომელიც ნარკოტრანზიტის მაღალი რისკის შემცველი ქვეყანაა. თუმცა, არ ვიცით, როდის ან როგორ აღმოჩნდა გემზე ნარკოტიკული ნივთიერება. დეტალები ცნობილი არ არის. კაპიტნის ბრალეულობაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სავსებით შესაძლებელია, კაპიტანს გემზე არსებული კოკაინის შესახებ არაფერი სცოდნოდა.

კაპიტანმა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა, ამიტომაც არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია. ალბათ, იმედოვნებს, რომ ისედაც მალე გაათავისუფლებენ. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაპიტან ბერიძეს მოვუწოდებთ, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვოს. სხვაგვარად მის დახმარებას ვერ შევძლებთ.