რატომ მოკლა ახალგაზრდა ქალმა მეუღლე და 5 წლის შვილი? - კვირის პალიტრა

რატომ მოკლა ახალგაზრდა ქალმა მეუღლე და 5 წლის შვილი?

თბილისში, დღეს, გამთენიისას სასტიკი დანაშაული მოხდა. დიღმის მასივში მამა და მისი 5 წლის ვაჟი მოკლული იპოვეს. 27 წლის მამაკაცი და ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს.

20 დეკემბერს, გამთენიისას, ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლები კივილის ხმაზე გაცვივდნენ გარეთ და შემზარავი სურათი დახვდათ. სადარბაზოს შესასვლელთან ძირს ეგდო დასისხლიანებული კარის მეზობელი, 27 წლის ომარ ქაფიაშვილი, იქვე იყი მისი 5 წლის ბიჭის ცხედარი. ომარის დედა და ცოლი შველას ითხოვდნენ. მაშინ ალბათ ვერც ერთ მეზობელი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი ომარის მეუღლე, მაგდა პაპიძე იქნებოდა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქაფიაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები. ისინი ამბობდნენ, რომ ბინიდან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

ქაფიაშვილების ოჯახი წლებია ორსართულიან საერთო საცხოვრებელში ცხოვროს. ცოლ-ქმარს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით მეორე პატარა ოთახში ომარის დედა და ძმა ცხოვრობენ. ძმა ამჟამად სამუშაოდ თურქეთშია წასული და ბინაში დედა მარტო იმყოფებოდა, ეს ტრაგედია ისე დატრიალდა, მას არაფერი გაუგია. სავარაუდოდ, მკვლელობა მათ საცხოვრებელ ბინაში მოხდა ცოლმა მძინარე ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჩარტყა და ისე მოკლა. ამის შემდეგ შეეცადა კვალის წაშლას. სახლში სისხლის კვალი არსად ჩანს, ყველაფერი მოასუფთავა და ცხედარი გარეთ გამოიტანა. სადარბაზოს დერეფანში სისხლის კვალი აშკარად ჩანს, რაც ადასტურებს, რომ ცხედარი შინიდან გარეთ გაიტანეს. როგორც მეზობლები ვარაუდობენ, ქალს თავდასხმის ინცენირება სურდა. თიქღოს მამა-შვილს თავს დაესხნენ და მოკლეს. თუმცა სამართალდამცავებმა სულ სხვა ვერსიაზე ლაპარაკობენ. მეზობლები იმასაც ამბობენ, მკვლელობის იარაღი, სისხლიანი ურო, ნაგავსაყრელზე იპოვა პოლიციამო. როგორც ამბობენ, ბრალდებულმა მკვლელობა აღიარა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოტივი, თუ რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა ქალს ქმარი და შვილი, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: "ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)