"სამუდამო პატიმრობას თუ არ მიუსჯიან, რომ გამოვა, ჩემი ხელით მოვკლავ" - წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობა - კვირის პალიტრა

"სამუდამო პატიმრობას თუ არ მიუსჯიან, რომ გამოვა, ჩემი ხელით მოვკლავ" - წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობა

"როგორც ჩანს, პირზე აფარებდა ხელს, პატარას საულვაშეზე და ყელში აქვს ნაჭდევები. თოკო ასთმიანი იყო და შეტევა მოსვლია, ბავშვს კისრის მალებიც აქვს ჩამტვრეული"

წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე 19 დეკემბრის ღამით მოხდა. 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ დამჩეხოთ, ამ მკვლელობას მაინც არ ვაღიარებო, მაგრამ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სისხლიანი ურო და ნაკუწებად ქცეული ფოტოები...

პროკურატურამ პაპიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. ბრალდების მტკიცებით, 19 დეკემბერს, ღამით, საერთო საცხოვრებლის მეათე ოთახში მეუღლეზე განაწყენებულმა მაგდა პაპიძემ ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, 5 წლის შვილი კი გაგუდა.

ბრალდების ცნობით, რამდენიმე წლის წინ ცოლ-ქმარს ურთიერთობა დაეძაბა და მათი ცოლქმრული ურთიერთობაც შეწყდა. ამის შემდეგ მაგდა მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს დაუახლოვდა... გამოძიების ინფორმაციით, ტრაგედიის წინადღეს მაღაზიაში ურო შეიძინა და ბავშვთან ერთად შინ დაბრუნდა. სწორედ ის ურო ჩაარტყა თავში მძინარე მეუღლეს, ამის შემდეგ ბინაში იატაკი მორეცხა, თუმცა ოთახის დათვალიერებისას ექსპერტებმა სისხლის კვალი მაინც იპოვეს. სისხლიანი ურო პაპიძემ ნაგვის ურნაში ჩააგდო, იქვე გადაყარა ზეწარი, სისხლიანი ქაღალდის ხელსახოცები, თეფშის ნამსხვრევები და ნაკუწებად ქცეული ოჯახური ფოტოები. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ პაპიძემ ცხედრები გარეთ გაიტანა და სცადა, მეუღლის მანქანაში მოეთავსებინა. ბავშვი უკანა სავარძელზე მოათავსა, სცადა მეუღლის მოთავსებაც, მაგრამ ძალა არ ეყო. ამის შემდეგ მიირბინა დედამთილის ოთახთან და შველა ითხოვა, დედამთილს უთხრა, თითქოს ცხედრები სადარბაზოსთან იპოვა.

"მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ..."

მაგდა პაპიძე: "ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო მაშინ, როცა სვამდა. ომარს ავარია მოუხდა და დიდ ვალში გადავარდა. მაშინ ჩემი სამკაულებიც წაიღო და ლომბარდში დააგირავა. ამ ამბის მერე განსაკუთრებით აგრესიული გახდა. სახლიდან ნივთები მეკარგებოდა. ერთი კვირის წინ გაღიზიანებული მოვიდა, თან სამი მამაკაცი მოჰყვა. ეუბნებოდნენ, არ გაპატიებთ, რაც მოხდაო... 19 დეკემბერს სამსახურიდან დაბრუნდა, ომარი დაღლილი იყო. მე სახლიდან სალონში წავედი, მაშინ შევხვდი ოთარ ბერძენიშვილს, მას მივეცი ოქროს ყელსაბამი, ჯვარი და ბეჭედი, მეშინოდა, ისიც არ დამკარგოდა. შინ რომ დავბრუნდი, ომარმა მითხრა, ბავშვს ხაჭაპურის საჭმელად გავიყვანო, ძალიან თხლად ეცვათ ტანზე, ვიფიქრე, იქვე ახლოს შევიდოდნენ სახაჭაპურეში. რომ არ დაბრუნდნენ, ომარის დედას ვუთხარი, დაურეკე და გაიგე, სად არიან-მეთქი. არ უყვარდა, რომ ვურეკავდი, ამის გამო მეჩხუბებოდა. დედამთილმა მითხრა, ტელეფონი გათიშული აქვსო. 12 საათზე უკვე პოლიციაში დარეკვა მინდოდა, შევედი ჩემს დედამთილთან, ვუთხარი, ისევ გათიშულია ნომერი-მეთქი. ანერვიულებულმა გულის წვეთები დალია და ვთხოვე, ჩემთვისაც მოეცა. ამასობაში წყალი ავიღე ჩაიდნით და გამოვედი. სახლი მივალაგე, ტელევიზორს ვუყურე. სამზარეულოს ბოლოში ნაგვის ურნა გვაქვს და იქ გადავყარე ნაგავი. ამბობენ, რომ ეს კამერებმა დააფიქსირა, მერე ლოგინში შარვლით შევწექი და ჩამეძინა. სამის წუთებზე ომარის დედის ზარმა გამაღვიძა. ალბათ, უკვე მოდიან, ავდგები და შევხვდები-მეთქი. სადარბაზოსთან ვიწრო გასასვლელია და რომ გავედი, ფეხი წამოვკარი, პირდაპირ დავეცი ომარის ცხედარს. მთლიანად სისხლიანი იყო, დავიწყე ყვირილი, ომარ, რა გჭირს-მეთქი. მერე თორნიკე ვნახე, მთლად გაყინული. მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ. ხელები სისხლიანი მქონდა. შევირბინე ოთახში და გასაღები ავიღე. მანქანა დავქოქე, მანქანაში ჯერ თორნიკე ჩავსვი, მერე ომარს მოვკიდე ხელი და ვცდილობდი, ისიც ჩამესვა, მაგრამ ვერ შევძელი. ამის შემდეგ გავიქეცი ლილის (დედამთილი) ოთახისკენ, სისხლიანი ხელებით ვაბრახუნე კარზე, ჩქარა გამოდი-მეთქი, ლილის ოთახში იყო ონკანი და იქ დავიბანე. პოლიციამ რომ წამიყვანა, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ისინი მკვდრები რომ იყვნენ. ოთახში თუ სისხლი იყო, მე ვამბობ, რომ იქ სისხლიანი შევედი და შეიძლება ამიტომ იყო იქ სისხლი".

პროკურორი და შავი პარკი

როცა პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა, ძირს დაყრილი დასისხლიანებული ქმარ-შვილი რომ ნახე, პირველ რიგში ურო ნაგვის ურნაში რატომ გადააგდეო. ბრალდებულმა უპასუხა, ომარი მთვრალი მეგონა და შემეშინდა, ის ურო ჩემთვის თავში არ ჩაერტყაო. პროკურორმა ბრალდებულს განმარტება იმაზეც მოსთხოვა, ყვირილის ატეხამდე რატომ გადააგდო სისხლიანი ტანსაცმელი ნაგვის ურნაში? ის შავი პარკი მანქანაში სავარძლის უკან ვნახე, შიგნით რა იყო, არ ვიცოდი, ხელს მიშლიდა, რადგან იქ ომარი უნდა ჩამეწვინა და ამიტომ მოვისროლე ნაგვის ურნაშიო, - უპასუხა მაგდა პაპიძემ.

"არც ჩემი შვილი მომიკლავს და არც ქმარი. ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი. რომც დამჩეხონ, ამას არასოდეს ვაღიარებ", - ეს იყო სასამართლოზე ბრალდებულის ბოლო სიტყვები. "იმ სუსხიან ღამეს ბავშვი მოკლემკლავიანი მაისურით გავიდა სახლიდან?" - ჰკითხა პროკურორმა, ძალიან თხლად ეცვათ, რადგან იქვე ახლოს მიდიოდნენო, უპასუხა ბრალდებულმა. მერე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ილაპარაკა: "თორნიკე შვიდთვიანი დაიბადა, სამი თვე შიშველ მკერდზე მეწვინა, რომ სითბო არ მოჰკლებოდა. სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა და ასთმის წამალი სულ მედო სახლში. მე თორნიკეს როგორ მოვკლავდი?!" - თქვა ბრალდებულმა და ატირდა.

"აქ მესამე პირია გარეული"

პაპიძის მეგობარი მამაკაცი, ოთარ ბერძენიშვილი, მხოლოდ მოწმის სახით დაჰკითხეს. პროცესს მხოლოდ მაგდას დედა, ლია შამუგია დაესწრო: "მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია. ჩემს სიძეს დალევა უყვარდა და სიმთვრალეში ძალიან ცუდი გამოვლინებები ჰქონდა. ბოლო დროს ძალიან დაიძაბა მათ შორის სიტუაცია ფინანსური პრობლემების გამო. რომელი დედა მოკლავს შვილს? ბავშვს სასუნთქ გზებზე მართლა ჰქონდა პრობლემა, მაგრამ მას დაზიანებები აქვს სხეულზე - ტუჩზე ნაჭდევი ეტყობა, თვალები ჩალურჯებული აქვს, ენა - გადაყლაპული. ვფიქრობ, აქ მესამე პირია გარეული, ვინც ჩემს ქალიშვილს შვილი გაუგუდა".

მოკლულის ბიძა: "გვამებს გააქრობდა და მოუსავლეთში გაიქცეოდა!"

ქაფიაშვილების ახლობლებს ვერაფერი გადაარწმუნებს, რომ ყოველივე წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა არ იყო.

ნოდარ მინდიკაური, ომარ ქაფიაშვილის დედის ძმა:

"სულერთია, ამ გოგოს არ ვაცოცხლებ. ჯერ მარტო უსუსური ბავშვის მკვლელობას არ ვაპატიებ. სამუდამო პატიმრობას თუ არ მიუსჯიან, რომ გამოვა, ჩემი ხელით მოვკლავ. ქმარ-შვილი დახოცა, დანაშაულის კვალი წაშალა, მერე გამოდის და ყვირის, მიშველეთო. ღამის სამის ნახევარზე მოხდა ეს ტრაგედია. ამ ქალს მკვლელობამდე სამი დღით ადრე 25 ლარად დიდუბეში ურო უყიდია. ორჯერ მყავს ნანახი მაგდა, ომარმა ჩამოიყვანა ჩემთან დუშეთში. ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, არც მე და არც სხვას მისთვის ფსიქიკური პრობლემები არ შეგვიმჩნევია. ვაჟკაცი ბიჭი იყო ომარი, სამხედროში მსახურობდა კონტრაქტით.

ომარი რომ პათოლოგი და არანორმალური ყოფილიყო, ჯარში ვინ გააჭაჭანებდა?! რა მოხდა იმ ღამით, ეგ მარტო მკვლელმა იცის. შედეგი სახეზეა - ჩემს დისშვილს უროთი თავის ქალა აქვს ჩანგრეული, ორივე საფეთქელში დაურტყამს, ცალი ყური საერთოდ აღარ აქვს. ეტყობა, ამის შემხედვარე საწყალი ბავშვი აყვირდა. ქალს შეეშინდა, ხმა არ გავიდესო და როგორც ჩანს, პირზე აფარებდა ხელს, პატარას ტუჩის ზემოთ და ყელზე აქვს ნაჭდევები. თოკო ასთმიანი იყო და შეტევა მოსვლია, ბავშვს კისრის მალებიც აქვს ჩამტვრეული, ეტყობა, ჯაჯგურის დროს. მერე ამდგარა ეს ცივსისხლიანი მკვლელი და დაუსუფთავებია იქაურობა, თუმცა, კედელზე სისხლის ლაქები ახლაც ატყვია. მერე ამ გოგოს სისხლიანი ჩვრები მძინარე დედამთილის ოთახში შეუტანია და სარეცხ მანქანაში შეუყრია. ჩემს დას უკითხავს, ომარმა ბავშვი სად წაიყვანაო, რძალს უპასუხია, "კარფურში" წავიდნენ და ჯერ არ დაბრუნებულანო. ამას იმ დროს ეუბნება, როცა ქმარ-შვილი უკვე დახოცილი ჰყოლია. სასამართლოზე უთქვამს, ბავშვი ექიმთან მიმყავდა, ამიტომ ჩავსვი მანქანაშიო. ექიმთან კი არ მიჰყავდა, გვამების მოცილებას ლამობდა. ბავშვის მოკვლას არ ვაპატიებ მაგ ძუკნას. სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა, ეტყობა, წინასწარ გადამალა ოქროული. მერე გვამებს გააქრობდა და, ალბათ, მოუსავლეთში გაიქცეოდა. მეორე დღეს მოვიდა გოგოს დედა რაღაცების წასაღებად, არც ვიცით, რა წაიღეს. თითქოს მაგდას ტანსაცმელი მიჰქონდათ, მაგრამ სახლიდან ბევრი რამაა დაკარგული. ყველამ იცოდეს, ციხიდან გამოვა და ერთ საათში ეგ ცოცხალი აღარ იქნება, ურჩევნია, იქ დარჩეს, ვერაფერი შემაჩერებს".

იხილეთ ასევე: "შინ ორი მიცვალებული გვისვენია, ფაქტობრივად, ჩემი შვილიც მკვდარია" - რას ამბობს შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ნანა ფიცხელაური

თეა ხურცილავა