"ომი გრძელდება!" - პარიზის სასაკლაო და გაზრდილი ტერორისტული საფრთხე - კვირის პალიტრა

"ომი გრძელდება!" - პარიზის სასაკლაო და გაზრდილი ტერორისტული საფრთხე

"სისხლიანი წელი" - ასე უწოდებენ პარიზელები 2015 წელს.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ისლამისტი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 11 კაცი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. 7 იანვრის ტრაგედია ევროპამ ოთხდღიანი სოლიდარობის მარშით გააპროტესტა. 40-ზე მეტი ქვეყნის მაღალჩინოსანი შეიკრიბა პარიზში ტერორიზმის დასაგმობად. მათ შორის იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ... 13 ნოემბერს ფანატიკოსმა ისლამისტებმა პარიზში კვლავ სასაკლაო მოაწყვეს. დაიღუპა 129 და დაშავდა 300-ზე მეტი კაცი.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: - ზამთრის მიწურულს და გაზაფხულზე სიტუაცია მკვეთრად დაიძაბება ცენტრალურ აზიაში. შესაძლოა, თალიბებმა მთლიანად დაიკავონ ავღანეთი. მათ ხელში უკვე გადავიდა ჰილმენდის პროვინცია, სადაც ჩვენი სამშვიდობოებიც იყვნენ და შემდეგ ისინი ბაგრამის ბაზაზე გადაიყვანეს. იქაც დაესხნენ თავს თალიბები. ჩვენი ჯარისკაცები გადარჩნენ, მაგრამ დაიღუპა 6 ამერიკელი სამხედრო, 3 კი დაიჭრა... სიტუაციის დაძაბვამ შესაძლოა თურქმენეთსაც მიაყენოს დარტყმა, რადგან ახლახან "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქმენეთი შეიყვანა თავისი ვილაიეთის შემადგენლობაში...

ავღანეთისა და ცენტრალური აზიის მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საქართველოზე. ავღანეთის თემა ორი მიმართულებით ეხება საქართველოს: 1. ჩვენი სამშვიდობოები არიან პოსტაისაფის მისიაში; 2. არ არის გამორიცხული, ჩვენკენ წამოვიდეს ნარკოტიკების დიდი ნაკადი, ან ჩვენს ტერიტორიაზე მოხდეს ჯიჰადისტების გადაადგილება და გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიაში მოქმედი მიძინებული ქსელი - გურჯისტანის ვილაიეთი. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ შემუშავდეს ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია, დადგინდეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს და მოხდეს მათი პრევენცია.

"შარლი ებდოდან" საზარელ ტერაქტამდე

დიანა ჭანკოტაძე, პარიზში მცხოვრები ქართველი, რადიო EJR-ის ჟურნალისტი: - ფრანგები, წლებია, 6 მილიონ მუსლიმთან ერთად მეგობრულად ცხოვრობენ. მათ აქვთ ყველაფერი: თავშესაფარი, მაღალი სოციალური დახმარება, განათლება და სრულფასოვანი ადგილი ფრანგ საზოგადოებაში. 10 წელია, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვხედავ, რომ ფრანგები ადამიანებს კანის ფერის, რელიგიისა და ეროვნების მიხედვით არ ასხვავებენ. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი მუსლიმებზე. მათ აქვთ კომპლექსი საკუთარი რელიგიის გამო. ყველაფერს აზვიადებენ და ჩასაფრებული არიან, რომ ფრანგს რამე დასცდეს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ფრანგის ღიმილის მიღმა სიძულვილი იმალება...

"შარლი ებდო" 40-ათასიანი ტირაჟით გამოდიოდა და მას სერიოზულ გამოცემად არავინ მიიჩნევდა. ეს იყო კარიკატურებით სავსე გამოცემა, რომელიც თავისი ხელწერით გმობდა ტერორიზმს. "შარლი ებდოზე" თავდასხმა ფრანგებმა გამოწვევად მიიღეს. გაზეთი დღეს რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გამოდის და არა იმიტომ, რომ ის უყვართ - ამით მკითხველი უარს ეუბნება ტერორიზმს. 13 ნოემბერს მომხდარმა კი უფრო გააერთიანა ხალხი. ფრანგებს არ ეშინიათ, მაგრამ იციან, რომ ომი გრძელდება და მისი მოგება ფრანგი მუსლიმების დახმარებით სურთ. მოუწოდებენ მათ, გამოავლინონ საეჭვო პირები და ხელი არ დააფარონ. დღეს საფრანგეთში ყველა ცდილობს, ერთმანეთის გვერდით დადგეს და ებრძოლოს ტერორიზმს.

ისის-ის მუქარა საქართველოს

მსოფლიოსთვის აქტუალური პრობლემა, სახელად "ისლამური სახელმწიფო" საქართველოსაც შეეხო. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ტერორისტულ დაჯგუფებებში მებრძოლ 25 ათასზე მეტ უცხოელს შორის საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც იბრძვიან. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დონორი გახდა პანკისის ხეობა, საიდანაც ახალგაზრდები სირიაში ისე ხვდებოდნენ, რომ ოჯახში ამის შესახებ კარგა ხანს არაფერი იცოდნენ. ისინი საქართველოს ვაჰაბიტური იდეოლოგიის მქადაგებელ კონკრეტულ პირთა დახმარებით ტოვებდნენ, რის გამოც სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრებმა ხელისუფლებას წერილობით მიმართეს. უხუცესების თქმით, მოზარდები ვაჰაბიტებისგან იდეოლოგიურ წნეხს განიცდიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოდან სირიისკენ გზას ქალებიც დაადგნენ. ისინი მოჯაჰედებზე თხოვდებიან...

პარიზში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ ქართველი მუსლიმები, რომლებიც "ისლამისტური სახელმწიფოს" სახელით დაემუქრნენ საქართველოს. ვიდეომიმართვა - "გზავნილი ქართველებს" თავდაპირველად ISIS-ის რუსულენოვანმა, მოგვიანებით კი ქართულმა საიტებმა გაავრცელეს. ოთხი ქართველი: რობიკო პაქსაძე, ბადრი ირემაძე, ხვიჩა გობაძე და მამუკა ანთაძე მუსლიმებს ისლამის დაცვისკენ მოუწოდებენ და ურჩებს თავის მოკვეთითაც ემუქრებიან.