ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?! - კვირის პალიტრა

ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!

"ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს"

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ ბაღდადის მიმართვა მუსლიმანებისადმი. მიმართვას ქართული სუბტიტრებიც ჰქონდა, რაც საზოგადოების ნაწილმა საგანგაშოდ აღიქვა.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში სოსო ზაალიშვილი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

- ვიდეომიმართვაში მუსლიმებს მოუწოდებენ, იბრძოლონ მაჰმადიანური სარწმუნოების განმტკიცებისათვის ურწმუნოთა წინააღმდეგ. რადგან მიმართვა ქართულ ენაზეც იყო, ეს ნიშნავს, რომ ალ ბაღდადის აზრით, ქართველმა მუსლიმებმაც უნდა აიმაღლონ ხმა მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ქართულ ენაზე მიმართვის გავრცელების მიზანი იყო, ქართულად მოლაპარაკე მუსლიმებს გაეგოთ, როგორ უნდა აღასრულონ ჯიჰადი ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა.

- და როგორ უნდა აღუდგეს ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა?

- თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსგან" ყიდულობს და შემდეგ ვაჭრობს ნავთობით. ერდოღანს მართლა აქვს კავშირი ჯიჰადისტებთან იმიტომ, რომ ისინი ქურთების წინააღმდეგ სჭირდება. ამერიკელებსა და რუსებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები - მათ ჰგონიათ, რომელიმე მხარე შეძლებს ისლამის გაკონტროლებას! ნავთობის მომპოვებელთა ორგანიზაცია ცალკე უბედურებაა. მასში, ძირითადად, ისლამური ქვეყნებია გაერთიანებული. ისინი ნავთობის ხარჯზე ქვეყნების ბედით ვაჭრობენ. დღეს დააგდეს ნავთობის ფასი და ამერიკას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ; მერე უცებ მოუმატებენ ფასს და მთელი მსოფლიო მათი მორჩილი გახდება.

- ზოგიერთი ექსპერტი გაზაფხულზე კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებას ელის.

- დღეს ისლამისტების პრობლემა ის არის, რომ ჩრდილო კავკასიაში უღელტეხილები დაკეტილია. ისინი რომ კავკასიაში შემოვიდნენ, ვეღარ გავლენ.

როგორც კი აპრილ-მაისში უღელტეხილები გაიხსნება, ჯიჰადისტები ნელ-ნელა შემოვლენ. ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში წერია, რომ საქართველო ტერორიზმის წყაროდ გამოიყენება. რუსები ამბობენ, ისლამისტები სადაც იქნებიან, იმ ტერიტორიებს დავარტყამთო, ასეც მოიქცევიან.

იმედი მაქვს, მთავრობა ამაზე ფიქრობს. თუმცა, სამწუხაროა, რომ შსს ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული. მეორე უბედურება ის არის, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. მოჯაჰედების გადასვლა-გადმოსვლა, ინფორმაციის გაყიდვა დიდ ფულთან არის დაკავშირებული. ამ გზით 2009 წლიდან ხელს ითბობდა ის ხალხი, რომელთა უმრავლესობა ისევ თანამდებობაზეა და ძნელია, ამას შეებრძოლო.

საჭიროა, სტრუქტურა გაიწმინდოს ამ ხალხისგან... არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ წინ დაძაბული წელი გველის. მარტო "ისლამური სახელმწიფო" არ გვიქმნის საფრთხეს. რატომღაც ყველას ავიწყდება ირანი, რომელიც ასევე საშიშია...

გამოსავალი დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლაა. დღეს დაზვერვითი ინფორმაცია აქვს დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, რუსეთსა და საფრანგეთს. დანარჩენ ქვეყნებს ინფორმაციას ამერიკელები აწვდიან. რუსეთთან ჩვენი დაზვერვა ვერ თანამშრომლობს, რადგან რუსები არ გვენდობიან, ებრაელები არავის ენდობიან, თურქეთი მათი მომხრეა. საფრანგეთს ჰქონდა ყველა მასალა და მაინც შარში გაეხვია... მთავარია, დაზვერვის სამსახურის კარგი მუშაობა, რომ საფრთხის თავიდან აშორება შევძლოთ.

ნანა ფიცხელაური