"არ ვიცოდით, შინ თუ ვან დეიკის ნახატი გვეკიდა" - ბიზნესმენებს სამართალდამცავები პოტენციური მყიდველის სახელით დაუკავშირდნენ და... - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდით, შინ თუ ვან დეიკის ნახატი გვეკიდა" - ბიზნესმენებს სამართალდამცავები პოტენციური მყიდველის სახელით დაუკავშირდნენ და...

რა საიდუმლოს ინახავს 14-მილიონინი ნახატი?

რამდენიმე დღის წინ სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით შეიტანეს. (იხილეთ)

თურქეთში მყოფი ქართველების თქმით, ბოლო დღეებში ადგილობრივი პრესა ამ თემაზე ძალიან ბევრს წერს,- გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენები სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ნახატის რეალიზაციას ცდილობდნენ. მათ პოტენციური მყიდველი სასტუმროში დაიბარეს... ბიზნესმენებს თურქი სამართალდამცავები სწორედ პოტენციური მყიდველის სახელით დაუკავშირდნენ, რა დროსაც სატელეფონო საუბარში ტილოს საფასურად 14 მილიონი ლირა დასახელდა. ისინი თურქმა სამართალდამცველებმა ნომერშივე დააკავეს და იმავე დღეს დაკითხეს, რა დროსაც მათ იმ თურქი პარტნიორების ვინაობაც დაასახელეს, ვინც მათ სურათის რეალიზებაში უნდა დახმარებოდა. დაკავებული ბიზნესმენების თქმით, მათ ნახატი 200 ათას დოლარად შეიძინეს...

(ფოტოგალერეა)

ადგილობრივი პრესა წერს, რომ თურქმა ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე შეაფასეს ნახატი. პირველადი ექსპერტიზით, მისი ორიგინალურობა დადასტურდა, თუმცა, საბოლოო პასუხისთვის მას თურქეთის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერტებს მაინც გაუგზავნიან...

თურქულ მედიაში სურათის სტამბოლში მოხვედრის არაერთი ვერსია დაიწერა, ერთ-ერთის მიხედვით,- ვან დეიკის ნახატი, რომელიც საქართველოში დაცული არასდროს ყოფილა და არ ირიცხება არცერთ მუზეუმსა თუ რეგისტრირებულ კერძო კოლექციებში, ჯერ ევროპაში მოიპარეს, იქიდან - რუსეთში, რუსეთიდან კი საქართველოში შეიტანეს.

ფაქტს მალე მოჰყვა გამოხმაურება,- საქართველოში მცხოვრები ეკა აბაშიძის თქმით, ადამიანები, რომლებმაც ვან დეიკის ნახატი იყიდეს და თურქეთში გაიტანეს, საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი მათ ოჯახს ვან დეიკის ნახატის შეძენის სურვილით, დაახლოებით 10 წლის წინ დაუკავშირდენენ...

ეკა აბაშიძე:

- დაახლოებით 15 წლის წინ, ჩემმა ძმამ, გიორგი ნახატი, ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში 5 000 დოლარად შეიძინა და სახლში მოიტანა... მისი შეძენიდან დაახლოებით 5 წლის მერე, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა დაგვჭირდა და სურათის გაყიდვა გადავწყვიტეთ, რადგან თანხა საკმაოდ დიდი იყო და მას თავს ვეღარ ვუყრიდით. ნახატი, სპეციალისტებმა, ვინც ამ სფეროში ერკვეოდა, 80 000-დან 100 000 დოლარამდე შეგვიფასეს. მის სანახავად უამრავი ადამიანი მოდიოდა, მათ შორის ისინი, ვინც ყიდვა-გაყიდვის საქმეშია ჩართული, მაგრამ იმდენად მცირე თანხას გვთავაზობდნენ, ბოლო წუთამდე ვერ შეველიეთ...

ვან დეიკის ყველაზე ცნობილი ნახატი: მეფე ჩარლზ I ცხენზე

შემდეგ, ორი ადამიანი მოვიდა,- მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი და მათ 37 000 დოლარი შემოგვთავაზეს. ეს ყველაზე ოპტიმალური თანხა იყო,- ჩვენც ფული გვჭირდებოდა და გავაფორმეთ ხელშეკრულება. მათ 7 000 დოლარი დაგვიტოვეს, დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გაათავისუფლეს, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, სასამართლო პროცესი მოვიგეთ. შედეგად, ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, 30 000 დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის სახელზე არაფერი იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად, თანხაც ვერ დაგვიბრუნა.

- იცოდით, რომ ტილოს ავტორი ცნობილი მხატვარი იყო?

- არა, ნამდვილად არ ვიცოდით, შინ თუ ვან დეიკის ნახატი გვეკიდა, მაგრამ ვინც კი ჩვენს სახლში ერთხელ მაინც ყოფილა, ეს ტილო ყველას ნანახი აქვს. მთელ კედელი დაფარული ჰქონდა და უბრალოდ შეუძლებელი იყო შეუმჩნეველი დარჩენოდათ. დედაჩემი ეცადა ტილოს ავტორის ვინაობა გაკერკვია, მაგრამ ვერ გაარკვია.

მე ახლაც ხელთ მაქვს შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის ხელშეკრულება და მინდობილობა, რომელიც ნახატის გაყიდვისას გაფორმდა. ძალიან მარტივად ამოვიცნობ ნახატს, რადგან ნამუშევარს თან ერთვოდა ინიციალი, რომლის საშუალებითაც ნახატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ნახატი თურქეთში უნდა გადაეტანათ... მალხაზ მახარაძემ მოიყვანა რამდენიმე ადამიანი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებად გაგვაცნო. მისი საუბრის მიხედვით, ის თითქოს ნებართვას იღებდა ნახატის საქართველოდან გატანაზე, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ეს ადამიანები მართლა კულტურის სამინისტროდან იყვნენ, თუ - არა. არც ის ვიცი, მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი შუამავლები იყვნენ, თუ გადამყიდველები....

ვცადეთ ეკა აბაშიძის მიერ დასახელებული ადამიანებიდან, რომელიმეს დავკავშირებოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოვახერხეთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ცნობისთვის:

ავტოპორტრეტი ანტონ ვან დეიკი (1599, 22 მარტი - 1641, 9 დეკემბერი) - ფლამანდრიელი მხატვარი და გრაფიკოსია. სამეფო წევრებისა თუ დიდებულების ოჯახების პორტრეტების ოსტატი და რელიგიური სიუჟეტებისა, ბაროკოს სტილში.

ანტონი დაიბადა ანტვერპენში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში. 1609 წელს, ათი წლის ასაკში მიაბარეს ჰენდრიკ ვან ბალენს, მითოლოგიურ სიუჟეტებზე მომუშავე მხატვარს, აღსაზრდელად. პირველი შედევრი ანტონმა 14 წლის ასაკში დახატა - 70 წლის მოხუცის პორტრეტი. 1618 წ. ვან დეიკი მიღებულ იქნა წმიდა ლუკას მხატვართა გილდიაში, თანამშრომლობს რუბენსთან და მუშაობს მის სახელოსნოში, როგორც დამხმარე.

1621 წლის დასაწყისში ინგლისის მეფის იაკობ I-ის კარზე მსახურობს, თუმცა მალევე ბრუნდება ანტვერპენში. ცხოვრობდა იტალიაშიც, გენუაში. 1632 წლიდან ლონდონში ცხოვრობს, ჩარლზ I-ის კარზე, სადაც თითქმის ათი წელი იმსახურა. ამავე წელს მეფემ მას რაინდის წოდება, ხოლო მომდევნო წელს სამეფო მხატვრის სტატუსი მიანიჭა.

ვან დეიკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ჩარლზ I-ის ცხენზე ამხედრებული პორტრეტი. მეფე ჩარლზი ინგლისელ მონარქებს შორის ყველაზე დიდი დამფასებელი და კოლექციონერი იყო მხატვრობის. განსაკუთრებით უყვარდა ვან დეიკი და ეთაყვანებოდა მის შემოქმედებას. მან უყიდა ტემზის ნაპირებზე სახელოსნო, ხშირად აკითხავდი და ესწრებოდა ხატვის პროცესს. როდესაც ვან დეიკი 1641 წ. ავად გახდა, მეფემ კარის ექიმს, 300 ფუნტი სტერლინგი აღუთქვა, თუკი გადაარჩენდა მხატვარს. თუმცა ჩარლზის თვისებებში უარყოფითი შტრიხებიც იყო, მაგალითად, მას თითქმის ყოველთვის ავიწყდებოდა მხატვრისთვის საფასურის გადახდა.

ვან დეიკი გარდაიცვლა ლონდონში, დაკრძალულია წმ. პავლეს ეკლესიაში, თუმცა დიდი ხანძრის შემდეგ საფლავი დაკარგულად ითვლება. ვან დეიკის საპატივსაცემოდ პლანეტა მერკურის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი უწოდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა: ვან დეიკის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატები